აჟირანიხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აჟირა-ნიხა – საკულტო დანიშნულების სამჭედლო. სოფ. ჯგერდა

ა-ჟირანჷხა (აფხ. Ажьираныха) – ასე უწოდებდნენ აფხაზები სამჭედლოს, რომელიც მათ მჭედლობის მფარველი ღვთაების („შაშვი“) საბრძანისად, საღვთო სახლად მიაჩნდათ. აქედან მომდინარეობს აჟირა-ნიხასროგორც საკულტო ნაგებობის განსაკუთრებული მნიშვნელობა და თაყვანისცემა. სამჭედლო სამეურნეო ფუნქციის დაკარგვის შემთხვევაშიც ღვთაება შაშვის კულტმსახურების სახლად რჩებოდა (აფხაზეთში XX ს. შუახანებამდე შემორჩა მცირე ზომის სამეურნეო დანიშნულების არმქონე სამჭედლოები, სადაც მხოლოდ ლოცვა და მსხვერპლშეწირვა წარმოებდა და გრდემლი, კვერი და მარწუხი კულტის ობიექტებს წარმოადგენდა. „ხნაპიკი“).

ნ. ჯანაშიას აღნიშვნით, აფხაზებისთვის „სამჭედლო უფრო მაღლა დგას, ვიდრე ეკლესია“ (იმდენად დიდი იყო შიში ღვთაება შაშვისა და აჟირა-ნიხას წინაშე, რომ აფხაზი უმალ ეკლესიაში დადებდა ყალბ ფიცს, ვიდრე სამჭედლოში). აქ სრულდებოდა მსხვერპლშეწირვა და ლოცვა ღვთაება შაშვის სახელზე („ხეჩხვამა“), აქვე ხდებოდა სასამართლო საქმის წარმოება, დაპირისპირებულ მხარეთა დაფიცება („ახირიცქჲარა“), ხატზე გადაცემა და წყევლა („აბღარა“) და შერიგება („ახნირხურა“); აქ ეძიებდნენ ავადმყოფობისაგან განკურნებისა და სხვა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარების საშუალებებს. ერთი სიტყვით, სამჭედლო ღვთაება შაშვის ნამდვილი ტაძარი იყო, სადაც გრდემლი საკურთხევლის ფუნქციას ასრულებდა (ა. აჯინჯალი).

სამჭედლო ძირითადად ერთკამერიანი წნული ნაგებობა იყო (იცოდნენ ფიცრულიც). თუ საცხოვრებელ ფაცხას ვერტიკალურ დგარებზე ჰორიზონტალურად გამავალი წნული კედელი ჰქონდა, სამჭედლოს პირიქით, ჰორიზონტალურად ჩალაგებულ სარტყლებს კედლის წნული ვერტიკალურად გასდევდა, რითაც იგი აფხაზის კარმიდამოში მდგარი ნაგებობებისაგან განირჩეოდა და აჟირა-ნიხას განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებდა. სამჭედლოში აღმოსავლეთის კედელთან მოწყობილი იყო საკულტო კერა, იქვე ახლოს ჩამარხული იყო საზედაშე ქვევრი – „ახაფშა“. სამჭედლო როგორც სამეურნეო და საკულტო ობიექტი დიდი ოჯახის დაშლისა და ქონების გაყოფის შემდეგაც აბიფარას – საძმოს (პატრონიმიის) საერთო საკუთრებაში რჩებოდა.


ლიტერატურა

  • Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960;
  • Г.Ф. Чурсин. Материалы по этнографии Абхазии. Сух., 1957;
  • Е.Шиллинг. Абхазы // Религиозные верования народов СССР. Т. II, М.-Л., 1931;
  • И.А. Аджинджал. Из этнографии Абхазии. Материалы и исследования. Сух., 1969;
  • С.И. Бахиа. Абхазская «абипара» – патронимия. (Грузино-Абхазские этнографические параллели). Тб., 1986;
  • ნ. რეხვიაშვილი. ქართული ხალხური მეტალურგია. რკინა-მჭედლობა (ეთნოგრაფიული ნარკვევი). თბ., 1964.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები