არაბული კობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კობა არაბული

არაბული კობა — (1945), მწერალი, პუბლიცისტი, ფილოლოგი. ფსევდონიმი — „გველისმჭამელი” დაიბადა სოფელ დათვისში (დუშეთი); 1964-1977 წლებში სწავლობდა თსუ-ს ფილოლოგიის და ხელოვნების ფაკულტეტებზე. 1979-1991 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში” სცენარისტად და უფროს რედაქტორად; 1990-1996 წლებში გამოსცემდა მშობლიური მიწის მოვლის და კულტურულ მემკვიდრეობათა ხელშემწყობ გაზეთს – „წუთისოფელი”; მოამზადა „ხოგაის მინდიას სახლის” პროექტი. არის სცენარის ავტორი ფილმებისა: „ხევსურეთი - მითის გაცოცხლება” (რეჟისორები შალვა და მერაბ ჩაგუნავები, 1991), „კაშხალი მთაში” (რეჟისორი ნოდარ მანაგაძე, სცენარის თანაავტორები - გურამ გეგეშიძე, ნოდარ მანაგაძე, 1977).


* * *
მას მერე სამოცჯერ
კიდევ დაღამდა და გათენდა,
ე.ი. გარდახდა წლის მეექვსედი წილი,
გადაისიზმრეს მზით დაბინდულმა დღეებმა...
ბევრი ღამე უმთვაროც იყო,
მერე მოვიდა ზამთარი და
შემოათოვა მთების გუმბათებს, –
სითეთრე მშვიდი იყო
და გაუგონარი სევდით გაფოთლილი...
გაღმა სოფელი ისე ჩანდა,
როგორც საცერში... და იცრებოდა,
თითქოს სახლები ცაში საკვამურიდან
ამოსული კვამლით ეკიდნენ,
მერე საკვამურებიც ჩაიძირნენ
და მხოლოდ კვამლი დარჩა...
შეშინებული შვლები სახლებში შემოცვივდნენ.
მარტოობისა და სამყაროს მთლიანობის
ისეთი განცდა დამეუფლა,
რომელიც ბუნების ჩემთვის მანამდე
უცნობმა მდგომარეობამ მაგრძნობინა...
რა ყოფილა ბუნება: როგორ გეცხადება
თავისი მრავალგვარი სახით.
„ჩვენ მასში ვართ და იგი ჩვენშია”,
თუმცა არასოდეს არ ვიცით,
ვინა ვართ და რატომა ვართ...


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები