არაგვისპირელი შიო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შიო არაგვისპირელი

არაგვისპირელი შიო ზაქარიას ძე - (დედაბრიშვილი), (4.XII.1867, სოფ. ქარისხევი - 2.I.1926, თბილისი) - მწერალი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

განათლება მიიღო თბილისის სასულიერო სასწავლებელსა და სემინარიაში. 1890 სემინარიის დასრულების შემდეგ სწავლა ვარშავის საბეითლო ინსტიტუტში განაგრძო. მისი ერთ-ერთი უადრესი მოთხრობა იყო „ესაა ჩვენი ცხოვრება!“ (1889); 1891 „ივერიაში“ დაიბეჭდა ეტიუდი „ახალწლის ღამეს“, რომელსაც მოჰყვა: „სოფლად“, „აბრეშუმის ცხვირსახოცი“, „ჩემო შვინდავ!“, „ჰარამ-ხანის სურათი“. 1903 წელს ოპერის თეატრში დაიდგა მისი ნაწარმოები „შიო თავადი“.

1892 წლის ივლისში მონაწილეობა მიიღო ქართველ სტუდენტთა ეროვნულ-პოლიტიკური ორგანიზაციის - „საქართველოს თავისუფლების ლიგის“ შექმნაში, რისთვისაც დააპატიმრეს. სასჯელს ჯერ ვარშავის, შემდეგ ქუთაისის საპატიმროში იხდიდა. 1895 წელს დაამთავრა ინსტიტუტი, დაბრუნდა საქართველოში და ბეითლად დაიწყო მუშაობა. 1897-1917 მუშაობდა თბილისის გუბერნიის შტატგარეშე ვეტექიმის და ახალციხის მაზრის შტატის ვეტექიმის თანამდებობებზე, ბათუმის ოლქის სოფლებში ჩაბმული იყო საქონლის ჭირთან ბრძოლაში. 12.VII.1917 კავკასიის ფრონტისა და ზურგის ვეტექიმთა და ვეტფერშალთა ყრილობის მიერ არჩეულ იქნა მთავარ სავეტერინარო საბჭოს წევრად პეტერბურგში. 1916-1918 წლებში იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების დამფუძნებელი წევრი, შემდეგ მუდმივი წევრი. 1919 წელს მონაწილეობდა პირველ საყოველთაო დემოკრატიულ არჩევნებში (1919) საქართველოს რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტიის საარჩევნო სიით.

1919 წელს ვახტანგ კოტეტიშვილმა ცალკე წიგნად გამოსცა მისი შემოქმედების მიმოხილვა - შავი წიგნი: (შიო არაგვისპირელის შემოქმედება) ძღვნად იუბილარს. 1919 წერა-კითხვის საზოგადოებამ გამოსცა შ. არაგვისპირელის I, II, III წიგნები. 1920 წლის ოქტომბერში ჟურნალ „ბარრიკადში“ ტიციან ტაბიძემ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც სხვა ავტორთა შორის განიხილა შ. არაგვისპირელის შემოქმედება. 1920 წელს დაწერა რომანი „გაბზარული გული“. მასთან ხშირად იკრიბებოდნენ ქართველი საზოგადო მოღვაწეები და მწერლები, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურობდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში. შ. არაგვისპირელმა შექმნა ოთხმოცამდე ნაწარმოები, იყო ერთ-ერთი პირველი მწერალი, რომელმაც დაამკვიდრა პროზაული ჟანრის მცირე ფორმები - ფსიქოლოგიური ნოველა, ეტიუდი, ესკიზი, სურათი. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ეკა ჯავახიშვილი

ლიტერატურა

  • კ. აბაშიძე, ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის შესახებ, ტ. II, ქუთ., 1912;
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, მამულიშვილთა სავანე, თბ., 1994; ი. ირემაძე, ს. ჭანტურიძე, პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში, თბ., 2017;
  • მ. ზანდუკელი, „შიო არაგვისპირელი“, თბ., 1966; ს. ჭილაია, „არაგვისპირელი შიო ზაქარიას ძე“, ქსე, ტ. I, თბ., 1975.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

შიო არაგვისპირელი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები