არალეზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არალეზ-ი (სომხ. Արալեզ) – მიცვალებულთა მკვდრეთით აღმდგენი სულები სომხურ მითოლოგიაში. მათ შესახებ ცნობები დაცულია შუა საუკუნეების სომხურ წერილობით წყაროებში. ამ მონაცემთა თანახმად, არალეზები წარმოდგენილია ძაღლისმაგვარ არსებებად, რომლებიც ზეციდან ეშვებიან, ბრძოლაში მოკლულ მეომრებს ჭრილობებს ულოკავენ და აცოცხლებენ. არალეზთა შესახებ რწმენა და მათი კულტი, როგორც ჩანს, V ს-ის სომხეთში ჯერ კიდევ ცოცხლობდა. არალეზებზე პირველ ცნობას გვაწვდის მოვსეს ხორენაცი არა გეხეციკისა და შამირამის შესახებ გავრცელებული მითის თხრობისას, თუმცა ტერმინ „არალეზს“ არ ახსენებს. მემატიანე ყვება: „...შამირამმა ბრძანა, ბრძოლაში დაცემული არას ცხედარი მაღალი კლდის წვერზე დაესვენებინათ, რათა მლოკავი ღვთაებები ზეციდან დაშვებულიყვნენ და გაელოკათ და გაეცოცხლებინათ იგი“. ხალხური გადმოცემა ამ მითს ქ. ვანის ჩრდილოეთით მდებარე სოფ. ლეზკის (სიტყვიდან „ლოკვა“) სახელწოდების წარმოშობას უკავშირებს.

შემდეგი ავტორი, რომელიც არალეზებს ახსენებს, არის ფავტოს ბუზანდი. IV ს-ის სომეხი სპარაპეტის – მუშეხის – სიკხდილის შესახებ ნაწყვეტში ნათქვამია: „როცა სპარაპეტ მუშეხის გვამი ოჯახში მიიტანეს, ნათესავებმა არ ირწმუნეს მისი სიკვდილი, თუმცა ხედავდნენ სხეულისგან განცალკევებულ თავს... ზოგიერთებს იმედი ჰქონდათ, რომ მას კვლავ გაცოცხლება შეეძლო. ამიტომ სხეულს თავი მიაკერეს, გვამი ერთი დიდი კოშკის სახურავზე დაასვენეს და თქვეს: „რამდენადაც იგი მამაცი იყო, არალეზები დაეშვებიან და გააცოცხლებენ მას“. სხვა ავტორი (კოხბაცი), რომელსაც არ ეჯერა არალეზთა არსებობა, წერს: „...არ არიან არსებები, წარმოშობილნი ძაღლთაგან და მცხოვრებნი უხილავ სულებად, რომლებსაც ლოკვით შეუძლიათ ომში დაღუპულთა გაცოცხლება“. ან: „ნუთუ ვინმეს შეუძლია თქვას, რომ ნახა არალეზები? და თუ უწინდელ დროში არალეზები ლოკავდნენ და აცოცხლებდნენ სასიკვდილოდ დაჭრილებს, რატომ არ აკეთებენ ამას ამჟამად?“

არალეზის სახემ მრავალი მკვლევარ-არმენოლოგის ყურადღება მიიპყრო, განსაკუთრებული ინტერესი კი „არალეზ“ ტერმინმა გამოიწვია. ნ. ემინი აანალიზებს რა ტერმინის ჰარალეზ ფორმას, მას „განუწყვეტელი ლოკვის“ მნიშნელობას ანიჭებს. გ. ალიშანის აზრით, ჰარალეზი არის „განუწყვეტელ ლოკვა“, არალეზი – „არას მლოკავი“, ხოლო არნალეზე – „მამაკაცის ან ვაჟკაცის მლოკავი“. გ. კაპანციანი თვლიდა, რომ სიტყვა არალეზი შედგება aral ძირისა და ez ნაწილაკისაგან. სიტყვის ძირი შეიძლება აღნიშნავდეს როგორც ძაღლს ან მის მსგავს ცხოველს, ისე „აღძვრას“ („აღგზნებას“), „გაჩენას“, რაც იყო კიდეც არალეზთა ძირითადი ფუნქცია; ხოლო ნაწილაკი ez არის არსებითი სახელის მაწარმოებელი, რომელიც დამახასიათებელია სხვა მცირეაზიული ენებისთვისაც. ასე თუ ისე, ყველა ავტორი მიიჩნევს, რომ არალეზები მიცვალებულთა გამცოცხლებელი კეთილი არსებები არიან. არის ცდები, არალეზები ბელი-მარდუქის ძაღლებთან ან ანუბისთან გააიგივონ.


ლიტერატურა

  • მოვსეს ხორენაცი. სომხეთის ის ტორია. ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ალექსანდრე აბდალაძემ. თბ., 1984;
  • Ананикян М. А. Мифы Армении. М., 2010;
  • Арутюнян С. Б. Аралез // Мифы народов мира. Т. I. М., 1980;
  • Емин Н. О. Очерк религии и верований языческих армян. М., 1864.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები