არაქნე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არაქნე – ჩვენამდე შემორჩა მშვენიერი მითი, თუ როგორ დასაჯა ათენამ არაქნე მხოლოდ იმისათვის, რომ შეეცადა ღვთაებას გატოლებოდა მისგანვე ნასწავლი ხელსაქმით.

მდაბიო ოჯახის შვილმა არაქნემ თავისი ხელოვნებით, სიბეჯითითა და გულმოდგინებით ლიბიის ქალაქებში დიდი სახელი მოიხვეჭა. იგი ნატიფი ოსტატობით ნისლივით ფაფუკ ძაფებს რთავდა და ჰაერივით გამჭვირვალე ქსოვილებს ქსოვდა. რა თქმა უნდა, ათენა - პალასმა ასწავლა მას ეს ხელოვნება, მაგრამ არაქნე უარყოფდა მის შეგირდობას. მან შეჯიბრში გამოიწვია დიდი ქალღმერთი. ყურად არ იღო მისი გაფრთხილება, დაეოკებინა ქედმაღლობა. მაშინ კი აღარ დაახანა ზევსის ასულმა და მოკვდავის გამოწვევა მიიღო.


პირისპირ დადგნენ მეტოქენი, ორ დაზგაზე დაჭიმეს სიფრიფანა ქსელი, კაბის კალთები აიკეცეს და აჩქარებით იწყეს ჩვეული საქმიანობა, ფაფუკ ძაფებზე გადმოღვარეს ოქროს ციალი და ქსოვილებზე გამოსახეს ღმერთების ძველი ამბები. ათენამ წარმოსახა დიდებული აკროპოლისი და ატიკაზე მეუფებისთვის ატეხილი მისი დავა პოსეიდონთან.ცხოლო არაქნემ მოქარგა ღმერთთა ცხოვრების ის სცენები, სადაც უკვდავნი, ადამიანურ ვნებათაგან შეპყრობილნი, არაღვთაებრივ სისუსტეს იჩენდნენ. განრისხდა ათენა-პალასი. ღმერთთა ბრალდებებით ამოქარგული ქსელი გაგლიჯა და მის მომქარგველს მაქო შუბლში ჩასცხო. შეურაცხყოფილმა არაქნემ თავი ჩამოიხრჩო, მაგრამ შეიბრალა იგი ღვთაებამ, თოკიდან ჩამოხსნა და სიცოცხლე დაუბრუნა, თუმცა ობობად გარდასახა, რათა მას და მთელ მის მოდგმას მუდამ ექსოვა ქსელი.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები