არაყი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არაყი – ქართველ მთიელთა საწესო სასმელი, რომელიც, ლუდთან ერთად (აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებში), ყველა რელიგიური და საქორწილო წეს-ჩვეულებებისა და მკვდრის რიგის აუცილებელი ატრიბუტი იყო. არყის გამოხდის (გამაწურვის) ხევსურული ტექნოლოგია შემდეგნაირია: საარყედ ოგვარ ფქვილს – ფორსა (ალაოს) და ნაყრს (მდარე ხარისხის მშრალი ფქვილი) იყენებდნენ. ამ უკანასკნელს ორი დღით ადრე წყალში ჩაყრიდნენ და მეორე-მესამე დღეს „ამაადუღებდნენ“, გაანელებდნენ, კოდში (ასილაში) გადაასხამდნენ, საფუარსა (ხაშს) და ფორს დაუმატებდნენ და მჭიდროდ დახურავდნენ. იგი სამი დღის განმავლობაში „იფუილებდა“ და როცა დადგებოდა, ასადუღებლად საარყე ქვაბში გადმოსხამდნენ; დუღილის პროცესში ურევდნენ, რათა შიგ მოთავსებული მასა ფსკერზე არ მიმწვარიყო.

არყის სახდელი „ქარხანა“ მოწყობილი იყო შემდეგნაირად: ერთმანეთის გვერდით ამოშენებულ პატარა „ყორეებზე“ დადგამდნენ რვლის ყურშატიან (სახელურებიან) ქვაბს. ყორეებს შორის, ხუფიანი ქვაბის ქვეშ ცეცხლს დაანთებდნენ. ქვაბის ზარფუში (ხუფი) ყელით წყლით სავსე ხის გეჯაში გაყრილ ლულას უკავშირდებოდა. არყის გამოხდისას გეჯაში მდგარ წყალს ხშირად ცვლიდნენ და ყინულსაც უმატებდნენ, რადგან ცივი წყალი ლულას აცივებდა, ხელს უწყობდა ორთქლის არყად ქცევას და მისი ხარისხის გაუმჯობესებასაც. ადუღებულ საარყე ქვაბს ხუფს დაახურავდნენ, წყალში მოზელილი ნაცრით პირს დაუგოზავდნენ და და არყის გამოსვლას დაელოდებოდნენ. პირველად გამოსულ არაყს წვერის არაყი/წინწვერი/წინწვრის არაყი/წინწარაქალი (<წინ წანაქარი) ეწოდებოდა, ნაბოლოვარს კი – შამანი.


ლიტერატურა

ალ. ჭინჭარაული. ხევსურული თავისებურებანი. ტექსტებითა და ინდექსით. თბ., 1960, გვ. 215-217.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები