არაყიშვილი დიმიტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიმიტრი არაყიშვილი

არაყიშვილი დიმიტრი ეგნატეს ძე (11.II.1873, ვლადიკავკაზი - 13.VIII.1953, თბილისი) - ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის - კლასიკოსი, ფოლკლორისტიკის დამფუძნებელი, მუსიკათმცოდნე-ეთნოგრაფი, დირიჟორი, პედაგოგი.

სარჩევი

ბიოგრფია

დ. არაყიშვილმა დაამთავრა სამკლასიანი სკოლა, მაგრამ მატერიალური პრობლემების გამო იძულებული გახდა, სწავლა მიეტოვებინა და კავკასიის სხვადასხვა ქალაქებში სამუშაო ეძებნა. ბავშვობიდანვე უყვარდა კითხვა და დიდ ყურადღებას იჩენდა მუსიკის მიმართ. მასზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მამის მიერ შესრულებული ქალაქური სიმღერები ახდენდა. 1884-1885 წლებში ადგილობრივ საეკლესიო გუნდში გალობდა და სასულიერო მუსიკის ნიმუშებს ეცნობოდა. 1888-1890 წლებში უფროს ძმასთან, გიორგისთან, ერთად არმავირში ცხოვრობდა და მაღაზიაში ნოქრად მუშაობდა. შემდეგ ეკატერინოდარში (დღევანდელი კრასნოდარი) გადასახლდა, პირველად მოისმინა საოპერო მუსიკა და ქართული ოპერის დაწერის სურვილი გაუჩნდა. მაშინ დაწერა თავისი პირველი ნაწარმოებები: „ჩემო მკვლელო, ვიცი, ვიცი“ (ილია ჭავჭავაძის ლექსზე) და „ქართული ცეკვა“ ფორტეპიანოსათვის (1893). 1894 წელს მოსკოვში მიდის და ფილარმონიული საზოგადოების მუსიკალურ-დრამატულ სასწავლებელში პროფესიულ განათლებას იღებს, ა. ილინსკისთან (კომპოზიციას), ს. კრუგლიკოვთან (თეორიულ საგნებს) და ვ. კესისთან (დირიჟორობას) სწავლობს. მოსკოვში ყოფნისას სრულყოფილად ეზიარება კლასიკური მუსიკის სიღრმეს და იმდროინდელ ყველა მუსიკალურ მიმართულებას საფუძვლიანად ითავისებს. 1901 წელს ამთავრებს სასწავლებელს.

1901-1902 - 1904-1908 წლებში აწყობს ოთხ ექსპედიციას, თითქმის მთელ საქართველოს მოივლის და 500-ზე მეტ ხალხურ სიმღერას იწერს. იბეჭდება მისი ნაშრომებიც: 1906 მოსკოვში - „ქართული ქართლ-კახური სიმღერების განვითარების მოკლე ნარკვევი“ (სანოტო მაგალითებითა და 27 სიმღერის დართვით); 1908 - „დასავლეთ საქართველოს - იმერეთის ხალხური სიმღერის შედარებითი მიმოხილვა“ (83 სიმღერის დართვით); 1916 - „ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედება“ (225 სიმღერისა და 39 ინსტრუმენტული ნაწარმოების დართვით).

1901-1902 წლებში თავისი პირველი რომანსები შექმნა: „მზე აღარ ბრწყინავს“; „მწყემსის სიმღერა“; „მთიელი ქალის სიკვდილი“; „გაზაფხული“ და სხვ. 1909-1910 კომპოზიტორ ა. გრეჩანინოვთან კომპოზიციის პრინციპებს ეუფლება. იმავე 1910 იწყებს მუშაობას ოპერაზე „თქმულება შოთა რუსთაველზე“. 1911 წერს ქართული სიმფონიური მუსიკის პირველ ნიმუშს, თავის პირველ საორკესტრო ნაწარმოებს „საზანდართა შორის“ („ჰიმნი ორმუზდს“). იმავე წელს მოსკოვში მისი მოღვაწეობის 10 წლისთავი აღინიშნა. 1913, კონცერტების ჩატარებისა და ლექციების წაკითხვის მიზნით, ორჯერ ეწვია თბილისს. 1916 მოსკოვის არქეოლოგიურ ინსტიტუტში შედის და ორი წლის შემდეგ დისერტაციას იცავს. ნაშრომისათვის „ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედება“ ოქროს მედლით აჯილდოებენ. 1918 ბრუნდება საქართველოში.

1918-1921 წლებში ქართული მუსიკალური საზოგადოების სამუსიკო სკოლის პედაგოგია. მისი ყველაზე დიდი წარმატებაც დამოუკიდებელ საქართველოს უკავშირდება. 05.I.1919 თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე დაიდგა „თქმულება შოთა რუსთაველზე“. ამ თარიღით იწყება ქართული ეროვნული ოპერის სცენური ისტორია. 16 მაისს, კომპოზიტორის ლოტბარობით, თბილისის საოპერო თეატრში ქართული სასულიერო მუსიკის კონცერტზე, პირველად სრულდება მის მიერ შექმნილი „ქართული ლიტურგია“. 1919 ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებასთან არსებულ კაპელას ხელმძღვანელობს, შემდეგ ამ თანამდებობას ნიკო სულხანიშვილს უთმობს. 1919 წლიდან (სიცოცხლის ბოლომდე) თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორია.

გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლიდან, აყალიბებს თბილისის მეორე კონსერვატორიას და მისი რექტორის თანამდებობას იკავებს. ამ სასწავლებელში, რომელშიც ათას ექვსასამდე სტუდენტი სწავლობდა, არსებობდა საგუნდო კლასი, საოპერო სტუდია, სიმებიანი კვარტეტი სხვ. 1923 წელს მეორე კონსერვატორია პირველს შეუერთდა.

1925 ქუთაისში გამოიცა მისი წიგნი „ქართული მუსიკა“. 1925-1926 წლებში ათას ერთი ღამის ერთ-ერთი ზღაპრის მიხედვით შექმნილ ლიბრეტოზე (ავტორი ვ. გუნია) დაწერა კომიკური ოპერა „სიცოცხლე სიხარულია“ (მოგვიანებით „დინარა“ ეწოდა). ოპერის პრემიერა 28.XII.1927 შედგა.

1926-30 წლებში კონსერვატორიის რექტორი იყო. 1929 სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. 1931 დაიწყო მუშაობა თავის პირველ სიმფონიაზე, რომელიც 1934 დაასრულა. 1932 ახლად შექმნილი კომპოზიტორთა კავშირის ხელმძღვანელი გახდა. 1936 წერს ერთმოქმედებიან ოპერას „ნესტანი“. 40-იან წლებში მეცნიერებათა აკადემიაში მუსიკალური ფოლკლორის სექციას ხელმძღვანელობს.

1949 მეცნიერებათა დოქტორის წოდება მიენიჭა, 1950 აირჩიეს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. 1953 წელს მისი 80 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ნაშრომები

  • იქმნება მისი მნიშვნელოვანი მუსიკათმცოდნბობითი ნაშრომები:
  • 1940 - „ქართული ხალხური სამუსიკო საკრავების აღწერა-გაზომვა“;
  • 1948 - „აღმოსავლეთ საქართველოს ხალხური სიმღერების მიმოხილვა“;
  • 1950 „სვანური ხალხური სიმღერები“ და „რაჭული ხალხური სიმღერები“.


ნაწარმოებები

ოპერები:

  • 1910-1914 - „თქმულება შოთა რუსთაველზე“;
  • 1926 - „ცხოვრება სიხარულია“ („დინარა“,3 მოქმ.);
  • 1936 - „ნესტან“ (ლიბრეტო ა. შანშიაშვილისა, „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით დაუმთავრებელია, დაწერილია მხოლოდ ერთი მოქმედება).

სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული, საგუნდო ნაწარმოებები, რომანსები და სიმღერები:

  • 1919 - „ღამეა ბნელი“ (გ. ქუჩიშვილის ტექსტი);
  • 1919 - „ურმულზედ“ (გ. ქუჩიშვილის ტექსტი);
  • 1919 - „შემოღამება“ (გ. ქუჩიშვილის ტექსტი) და სხვ.

ლიტერატურა

  • ლ. დონაძე, ო. ჩიჯავაძე, გ. ჩხიკვაძე, „ქართული მუსიკის ისტორია“, წ. I. თბ., 1990;
  • რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, „ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, კულტურის
  • სამინისტრო, თბ., 2015; პ. ხუჭუა, „დიმიტრი არაყიშვილი (მონოგრაფია)“, თბ., 1980;
  • დ. სვანიძე, „დიმიტრი არაყიშვილი ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი“.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილეთ აგრეთვე

დიმიტრი არაყიშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები