არა გეხეციკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არა გეხეციკ-ი (სომხ. Արա Գեղեցիկ — „არა მშვენიერი“) – მოკვდავი და აღდგენადი ბუნების, სიყვარულისა და საბრძოლო გამარჯვებათა ღვთაება სომხურ მითოლოგიაში. არქაული მითების დემითოლოგიზაცია-ისტორიზაციისა და ეპოსის ჩამოყალიბების პირობებში, როცა სხვადასხვა მითოლოგიურ პერსონაჟებს შორის გარკვეული გენეალოგიური კავშირები წარმოიქმნა, არა გეხეციკი გვევლინება, როგორც სომეხთა ერთ-ერთი ეპონიმის (პირველწინაპრის – ჰაიკის – შთამომავლის) – არამის – ვაჟი და ანუშავან სოსანვერის პაპა. მითები არა გეხეციკისა და ქალღმერთ შამირამის შესახებ წარმოადგენს ოსირისისა და ისიდას, თამუზისა და იშთარის, ადონისისა და ასტარტას შესახებ მითების ვარიანტს. მიიჩნევენ, რომ იგი პროტოარმენებმა ჯერ კიდევ ძვ. წ. მეორე ათასწლეულში შექმნეს.

ეპოსის მიხედვით, არა გეხეციკი სომხეთის მეფეა, შამირამი კი – ასირიისა. შამირამმა, რომელმაც სილამაზით განთქმული არა გეხეციკი ქმრად ისურვა, ამ უკანასკნელის ცოლის – ნანას – გარდაცვალების შემდეგ, მასთან ძღვენით ელჩობა გაგზავნა და შეუთვალა: ან ასირიის მეფე გამხდარიყო, ან ქალის ვნებები დაეკმაყოფილებინა და შინ მშვიდობით დაბრუნებულიყო. არა გეხეციკის უარით განრისხებულმა შამირამმა სომხეთს ჯარი შეუსია და სარდლები გააფრთხილა, რომ მეფე ცოცხლად შეეპყროთ, მაგრამ სომხეთის მბრძანებელი ბრძოლის ველზე მოკლეს. შამირამი პოულობს მის ცხედარს და არალეზების დახმარებით აცოცხლებს (მ. ხორენაცის „ისტორიის“ თანახმად, შამირამმა მხოლოდ ხმები გაავრცელა არალეზთა მიერ არა გეხეციკის აღდგომის თაობაზე). ვარაუდობენ, რომ ეს მითი საფუძვლად დაედო პლატონის მიერ ერის შესახებ გადმოცემულ მითს: ბრძოლის ველზე მოკლული ერი მეთორმეტე დღეს ცოცხლდება და საიქიოში ნანახის თაობაზე ყვება. ამ მითში, როგორც სხვა სომხურ მითებში, მითოსური დრო გარდაქმნილია ისტორიულ დროდ, როცა ასირიასა და სომხეთს შორის დიდმნიშვნელოვანი მოვლენები ხდება.

XV-XIX სს-ის სომხურ ხელნაწერ თილისმებში არა გეხეციკი ფიგურირებს, როგორც ციებ-ცხელებით დაავადებულთა, მშობიარეთა და მეომართა მფარველი რიგითი სული (ამავე ძეგლებში გვხვდება მფარველი სულები, რომელთა სახელწოდება მისი სახელიდან არის ნაწარმოები, მაგალითად: არაიხული ( ...), არაბიელი (...) და სხვ.

გადმოცემების თანახმად, არა გეხეციკის სახელით იწოდება არარატის დაბლობი, აგრეთვე ცახკევანკის მთა (ერევნთან ახლოს), რომლის მეორე სახელწოდებაა „არა“. თქმულება არა გეხეციკის გაცოცხლების შესახებ უკავშირდება ქ. ვანის შორიახლოს მდებარე სოფ. ლეზკის გორას.


ლიტერატურა

  • მოვსეს ხორენაცი. სომხეთის ისტორია. ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ალექსანდრე აბდალაძემ. თბ., 1984;
  • Ананикян М. А. Мифы Армении. М., 2010;
  • Арутюнян С. Б. Ара Гехецик // Мифы народов мира. Т. I. М., 1980; მისივე, Армянская мифология // Мифы народов мира. Т. I. М., 1980;
  • Одабашян А. А. Народные верования армян (По материалам рукописных талисманов XV-XIX) // Кавказский этнографический сборник. VI. М., 1976.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები