არგვეთის ერისთავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არგვეთის ერისთავი - არგვეთის (მარგვი) საერისთავო „ქართლის ცხოვრებაში“ ფარნავაზის დროიდან იხსენიება. მისი საზღვრები ამ დროს ლიხიდან „ეგრისის ზღვამდე“ უწევდა. ფარნავაზსავე მიაწერს წყარო არგვეთის უძველესი ციხეების, შორაპნისა და დიმის აგებას. ვახტანგ გორგასლის მეფობაში არგვეთის საერისთავო მოიცავდა საკუთრივ არგვეთს. არგვეთის მთავრები, დავით და კონსტანტინე, მურვან ყრუს ლაშქრობისას მოწამეობრივად აღესრულნენ. VIII საუკუნის დასასრულს, როდესაც მთელი დასავლეთ საქართველო ეგრის-აფხაზეთის სამეფოში გაერთიანდა, არგვეთი კვლავ საერისთავო ქვეყანაა. ამ დროს არგვეთის ერისთავის განკარგულებაში შედიოდა ტერიტორია რიონისა და ხანისწყლის აღმოსავლეთით, ვიდრე ლიხამდე. საერისთავოს ცენტრი იყო შორაპანი, რის გამოც ვახუშტი მას შორაპნის საერისთავოდ მოიხსენიებს. ამავე ფარგლებში შევიდა არგვეთის საერისთავო ერთიან ქართულ მონარქიაში.

იოანე ბატონიშვილის გადმოცემით, არგვეთის ერისთავები ყოფილან მხეიძეები, რომელთაც ბაღვაშთა ფეოდალური სახლის განაყოფ საგვარეულოდ მიიჩნევს. ამ გადმოცემას სანდოობას ჰმატებს „მატიანე ქართლისაჲს“ ცნობა თრიალეთში ბაღვაშთა არგვეთიდან გადმოსვლის შესახებ.არგვეთის ერისთავთა და ბაღვაშთა ნათესაობის სასარგებლოდ მეტყველებს 1021 წ. შირიმნის ბრძოლაში დაღუპული დიდებული ერისთავების, რატი კლდეკარის ერისთავისა (ბაღვაში) და ხურსი ერისთავის ერთად მოხსენიების ფაქტიც. ხურსი ერისთავი რომ მართლაც არგვეთის ერისთავი იყო, ამას ადასტურებს არგვეთის ტერიტორიაზე (ქორეთი, სავანე, ეხვევი, დარკვეთი) მიკვლეული წარწერები, რომლებზეც არგვეთის ერისთავების საგვარეულო სახლის რამდენიმე თაობის წარმომადგენელთა სახელებია შემონახული, მათ შორისაა სავანის 1046 წ-ის საქტიტორო წარწერა, რომელიც ხურსი ერისთავს გარდაცვლილდ მოიხსენიებს: „მე, გიორგი ერისთავთ ერისთავმან, ავაშენე ესე წმიდაჲ ეკლესიაჲ სავანისაჲ, სალოცველად სულისა ცოდვილისა ჩემისა და ძმისა ჩემისა ხურსი ერისთავისა“. ხურსის ძმა გიორგი ერისთავთ-ერისთავი სავანის კიდევ ორ სხვა წარწერაში იხსენიება. არგვეთის ერისთავად მიიჩნევენ რგანის ეკლესიის მემორიალურ წარწერაში მოხსენიებულ აბუნასრ ერისთავსაც: „ქ(რისტ)ე, შ(ეიწყალ)ე აბუნასარ ერისთავი და შვილნი მისნი და ყ(ოველ)ი ერი მისი“ (მ. ბახტაძე). დროთა განმავლობაში ცვლილებები განიცდიდა არგვეთის ერისთავთა სამკვიდრო და სამოხელეო მიწების მოცულობამაც და მასთან დაკავშირებულმა სამოხელეო სარგომაც. მაგ., 1103 წ., როდესაც დავით აღმაშენებელმა დაამხო ბაღვაშები, მათი სამკვიდრო „მამული ლიპარიტეთი“ (კაცხი) გელათს შესწირა, მაგრამ, მკვლევართა აზრით, ამ აქტით არგვეთის საერისთავო არ გაუქმებულა. როგორც ჩანს, საერისთავო სამართავად სხვა საგვარეულოს გადაეცა, თუმცა წყაროებს მისი სახელი არ შემოუნახავს. არგვეთის საერისთავოს საგამგებლო ტერიტორიიდან 1187 წ. თამარმა „გამოიღო“ სოფელი ჭორვილა და შესწირა გელათის მონასტერს. არგვეთის ერისთავი უნდა იყოს ის დავით ერისთავიც, რომლის ხელრთულობაც ერთვის თამარის სიგელს (მ. ბახტაძე).

არგვეთის ერისთავთა საგამგებლო ტერიტორიას ეკუთვნოდა ქართლის საზღვარზე მდებარე სოფლები - ხეფინისხევი და წაქვი, რომლებსაც დავით ნარინმა 1261/1262 წ. საგადასახადო იმუნიტეტი მიანიჭა და საერისთავო გამოსაღებისაგან გაათავისუფლა. მას შემდეგ, რაც გიორგი ბრწყინვალემ დასავლეთ საქართველო კვლავ დააბრუნა ერთიანი საქართველოს საზღვრებში (1330), XIV ს-ის გასულამდე არგვეთის ერისთვები (იგივე შორაპნის ერისთავები) ხდებიან დავით ნარინის შთამომავლები. ასეთი ცვლილება სამოხელეო პირთა წარმომავლობაში თავისთავად მიანიშნებს ცვლილებაზე არგვეთის ერისთავთა სტატუსშიც. სამეფო წარმომავლობის ერისთავები, მართალია, ერისთავებად იწოდებოდნენ, მაგრამ ისინი ადგილებზე არა მეფის მოხელეებს, არამედ მცირე ხელისუფალთ, ე.წ. პროვინციის მეფეებს წარმოადგენდნენ, რომლებიც, როგორც ჩანს, მხოლოდ ნომინალურად აღიარებდნენ ცენტრალურ სამეფო ხელისუფლებას.


წყაროები და ლიტერატურა

  • მეფეთა ცხოვრება 1955: 24;
  • ვახუშტი 1973: 258, 262, 796;
  • მატიანე ქართლისაჲ 1955: 258, 283,
  • დავით აღმაშენებლის ცხოვრება 1955: 330;
  • სუმბატ დავითის ძე 1955: 371;
  • სილოგავა 1980: 59, 60, 62, 64; 76-78;
  • ქისკ 1984: 80, 168;
  • გაფრინდაშვილი 1970: 21;
  • სოსელია 1973: 153;
  • ანთელავა 1988: 44;
  • ნინიძე 1992: 132-137;
  • ბახტაძე 2003: 264-254.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები