არევამანუკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არევამანუკ-ი (სომხ. Արեւամանուկ – „მზე-ჭაბუკი“) – მზის მიერ დასჯილი ჭაბუკი მონადირე სომხურ მითოლოგიაში. სამდღიანი წარუმატებელი ნადირობით განრისხებულმა და შურისძიებით ანთებულმა არევამანუქმა გადაწყვიტა, მზე მოეკლა, რათა იგი ცას მოწყვეტოდა და ქვეყნიერება სიბნელეს მოეცვა. როცა ამომავალი მზის მოსაკლავად მშვილდი მოზიდა, მნათობმა ცეცხლოვანი ხელი თმებში ჩაავლო და მონადირე უდაბნოში მოისროლა. ამის შემდეგ ჭაბუკი მხოლოდ ღამით ცოცხლდებოდა, დღისით მკვდარი იყო. არევამანუკის გულშეწუხებული დედა მზის დედას ეახლა და შვილის გადარჩენა შეევედრა; მან ნება დართო, მზის ნაბანი წყალი წაეღო და, სრული გაცოცხლების მიზნით, შვილისთვის შეესხურებინა. მითოლოგიური გადმოცემის სხვა ვარიანტის თანახმად, მონადირემ მზეს თხოვა, არ ჩასულიყო, რათა დედას მისთვის განკუთვნილი წინდების ქსოვა დაესრულებინა; მზემ ჭაბუკის თხოვნა შეასრულა, მაგრამ როცა მზის დედამ შვილის დაგვიანების მიზეზი შეიტყო, არევამანუკი დაწყევლა: იგი დღისით კვდება და ღამით ცოცხლდება, რის გამოც დედამისი წინდების ქსოვას ვერ ამთავრებს.



ლიტერატურა

Арутюнян С. Б. Арэваманук // Мифы народов мира. Т. I. М., 1980.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები