არევი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არევ-ი (სომხ. Արեւ – „მზე“; გადატანითი მნიშვნელობით – „სიცოცხლე“) – მზის პერსონიფიცირებული სული სომხურ მითოლოგიაში; წარმოდგენილი ჰყავდათ ზოგჯერ ნათლის მასხივებელი ბორბლის, უფრო ხშირად ჭაბუკის სახით. მითების თანახმად, არევის სასახლე მდებარეობს აღმოსავლეთით, ქვეყნიერების დასალიერში. საღამოს, აალებული და დაღლილი არევი ბრუნდება დედასთან (სომხები მზის ჩასვლას მაჲრამუტს – „დედასთან შესვლას“ – უწოდებენ). არევი ბანაობს, იგი დედას ამოჰყავს წყლიდან და აწვენს, კვებავს ძუძუთი. დასვენების შემდეგ, არევი კვლავ მოგზაურობას იწყებს. სხვა მითის მიხედვით, იგი ბანაობს და ისვენებს ვანის ტბაში, რომლის ფსკერზეც მისი სარეცელი დგას. ანგელოზები არევს განთიადამდე ცეცხლოვანი სამოსით შებურავენ. როცა არევი ბანაობს, მთაბარი ცვრით ინამება. აღმოსავლეთით მდებარე მაღალი მთიდან წამოიმართება არევის 12 მცველი და ცეცხლოვან კვერთხს ურტყამენ მთას, რომელიც, სხვა მთებთან ერთად, მეფე არევს თაყვანს სცემს. მაშინ ცეცხლოვანი არევი ცად მაღლდება. ზოგიერთი მითის თანახმად, არევს მიაცილებს უზარმაზარი ფრინველი, რომლის გაშლილი ფრთები დედამიწას დაფერფვლისაგან იცავს. ლომზე მჯდარი არევი ცის კამარაზე მიქრის. ლომი თავისი უზარმაზარი ხმლით არევს ავსულთაგან იცავს.

მრავალ მითში არევი და ლუსინი (მთვარე) და-ძმანი არიან. უფრო ხშირად არევი დაა, ლუსინი კი – ძმა. ერთ ვარიანტში, ირივენი ღვთისშვილები არიან. მამის ბრძანებით, ისინი დედამიწას დღითა და ღამით დარაჯობენ. კენჭისყრით, არევს მორიგეობა ღამით უწევს. ამ ნიადაგზე და-ძმას შორის დავა ატყდება. ამ დავაში ღმერთი ერთვება და ლუსინს ქვეყნიერების ღამით განათებას ავალებს, არევს კი – დღისით. ღმერთი ამ უკანასკნელს აძლევს უთვალავი რაოდენობის ნემსს, რათა მის მაცქერალ ადამიანებს თვალები დაუჩხვლიტოს. სხვა მითის მიხედვით, და-ძმას შორის დავაში ერევა მათი დედა, რომელსაც ამ მომენტისათვის ხელში ცომი უჭირავს. იგი სილას გააწნის ლუსინს და ღამით სახლიდან აგდებს (ამის გამო მთვარეს სახეზე დღემდე ცომის კვალი ემჩნევა). სხვა ვერსიით, არევი ძმაა, ლუსინი – და. თავდაპირველად ისინი ცაზე ერთად მოგზაურობდნენ, მაგრამ, გათვალვის შედეგად, მზეთუნახავი ლუსინი ყვავილბატონებით დასნეულდა. ლუსინმა არევს სთხოვა, თვალები დაეჩხვლიტა ყველასთვის, ვინც მას უცქერდა. ამ დღიდან ლუსინმა ღამით სიარული დაიწყო.

სომხებში არევის კულტი უძველესი დროიდან იყო გავრცელებული. XII ს-ში სომხეთში იყვნენ სექტანტები – არევორდიკები (მზისთაყვანისმცემლები), რომელთაც სომხური ქრისტიანული ეკლესია დევნიდა. ძველსომხური კალენდრის მე-8 თვესა და ყოველი თვის პირველ დღეს არეგი (ე. ი. არევი) ერქვა. ხალხურმა შელოცვებმა და ფიცის ფორმულებმა არევის კულტი XX ს-მდე შემოინაეს.



ლიტერატურა

Арутюнян С. Б. Арев // Мифы народов мира. Т. I. М., 1980.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები