არეოპაგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არეოპაგი

არეოპაგი - არეოპაგზე ან არესის ბორცვზე ათენში უძველესი დროიდან იკრიბებოდა საბჭო - βουλή, რომელსაც მოგვიანებით, მეორე საბჭოს - ბულეს შექმნის შემდეგ, შეკრების ადგილის მიხედვით არეოპაგის საბჭო - ή έξ Άρείου πάγου βουλή, ან მოკლედ არეოპაგი ეწოდა. მის წევრებს არეოპაგიტები ერქვათ.

არეოპაგი უძველესი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი იყო. მისი ისტორია სათავეს მითოლოგიური ხანიდან იღებს. გადმოცემით, პოსეიდონის ვაჟის, ჰალიკოტისესის მკვლელობის გამო არესი გასამართლებულ იქნა. იმ ბორცვს, რომელზედაც სასამართლო ჩატარდა, მოგვიანებით ამის გამო „არესის ბორცვი“ ანუ „არეოს პაგოსი“ ეწოდა. ამ საბჭოს კი არესის სასამართლო პროცესის შემდეგ მკვლელობასთან დაკავშირებულ საქმეთა განხილვის უფლება მიენიჭა.

არეოპაგის, როგორც უძველესი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის, ისტორია მჭიდროდ უკავშირდება ათენის პოლიტიკურ ისტორიას და ნათლად წარმოაჩენს დემოკრატიულ და ანტიდემოკრატიულ ძალთა შორის არსებულ დაძაბულობას.

მონარქიის პერიოდში არეოპაგის საბჭოს მეფე იწვევდა და თავად თავმჯდომარეობდა მას. არეოპაგის თავდაპირველი ფუნქცია მეფის მრჩევლის ფუნქცია უნდა ყოფილიყო, მეფისა, როგორც წინამძღოლისა, ქურუმისა და მსაჯულის. მონარქიის დაქვეითებასთან ერთად იზრდება არეოპაგის საბჭოს გავლენა. არგუმენტირებული ჩანს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ძვ. წ. VII საუკუნეში ხელისუფლება, ფაქტობრივად, არეოპაგს ემორჩილებოდა მონარქიის და არისტოკრატიული ხანის უმეტეს პერიოდებში საბჭო მთლიანად ევპატრიდებისაგან შედგებოდა. მათი შერჩევის წესის შესახებ ცნობები არ არის შემორჩენილი.

არეოპაგის საბჭოს ახალი მოწყობის დროს (სავარაუდოდ, ყველაზე გვიან ეს სოლონის მოღვაწეობის დროს უნდა ყოფილიყო გატარებული) ამ საბჭოს შემადგენლობაში წარმოდგენილი იყო ყველა ყოფილი არქონი. ისინი თავიანთი რწმუნებულების ვადის ამოწურვის შემდეგ არეოპაგის წევრები ხდებოდნენ. არეოპაგის საბჭოში ცხრა წევრის ყოველწლიური შესვლა მას 200-300 წევრისაგან შემდგარ ინსტიტუტად ხდიდა. ახალი წევრების შეკრების ამ სისტემით, არეოპაგი თანდათან კარგავდა თავის ექსკლუზიურად არისტოკრატულ ხასიათს. გარკვეული დროის მანძილზე იგი ქონებრივად მდიდარ მოქალაქეთა' ფენას წარმოადგენდა, შემდეგ კი ნელ-ნელა ყველა კლასის მომცველ ინსტიტუტად გადაიქცა (თეტები).

ეფიალტესის მიერ გატარებულ რეფორმამდე საბჭოს მოქმედების მთავარი სივრცე უცვლელი უნდა დარჩენილიყო, თუმცა კანონთა კოდიფიკაციამ არეოპაგის იურისდიქცია ნაკლებად თვითნებური გახადა. სოლონმა წერილობით დაადგინა არეოპაგის უფლებები და ამით გარკვეულწილად შეზღუდა ის. მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სოლონის რეფორმამდე არეოპაგი ირჩევდა არქონებს, მეცნიერებაში დღესდღეობით არაა გაზიარებული. მეცნიერების ვარაუდით, მეორე საბჭოს - ბულეს შექმნასაც არ უნდა ჩამოერთმია არეოპაგისათვის პრობულევტიკური ფუნქციები, გამომდინარე იქიდან, რომ ეს სოლონამდე არსებული სახელმწიფოსათვის საჭირო არ იყო. ამასთან, არეოპაგის ფუნქცია გენერალური ხასიათის რჩევების მიცემისა შენარჩუნებული უნდა ყოფილიყო იმ დრომდე, ვიდრე არქონები სახელმწიფოში მთავარ მოხელეებად რჩებოდნენ.

ტირანიის პერიოდში არეოპაგი მთლიანად ტირანის მომხრეებისაგან შედგებოდა. შესაბამისად, ტირანიის დაცემის შემდეგ არეოპაგი გარკვეულწილად დისკრედიტირებული უნდა ყოფილიყო. თუმცა, შესაძლოა, კლისთენესის რეფორმის შემდგომ არეოპაგმა გარკვეული ცვლილებები განიცადა. ძვ. წ. 507/6 წლიდან ძვ. 488/7 წლამდე იგი ახალი წევრების შერჩევას ხალხის მიერ არჩეული არქონებიდან ახდენდა. ამ არქონთა რიცხვში თემისტოკლესი და არისტიდესიც იყვნენ. ამან და არეოპაგის მიერ ძვ. წ. 490 წლისა და 480/79 წლების კრიზისის დროს შესრულებულმა როლმა (არეოპაგმა უხელმძღვანელა ატიკის მოსახლეობის სალამინსა და პელოპონესში ევაკუაციას) გარკვეული გავლენა იქონია მისი გავლენის აღორძინების საქმეში. მაგრამ ზღვაოსანთა ფენისა და დემოკრატიული ინსტიტუტების სწრაფი ზრდის პირობებში არეოპაგის ხელში მოქცეული დიდი ძალაუფლება უკვე აღარ შეესაბამებოდა არსებულ სიტუაციას. ძვ. წ. 487/6 წლების შემდეგ მისი წევრების თანმიმდევრობითმა გაქრობამ პოლიტიკური ასპარეზიდან არეოპაგის ძალა შეასუსტა.

არეოპაგის ფუნქციების შეცვლაში კარდინალური როლი ძვ. წ. 462 წელს დემოკრატიული პარტიის ლიდერის - ეფიალტესი მიერ გატარებულმა რეფორმამ ითამაშა. მან არეოპაგი ბულესა და სახალხო კრების წინაშე დაადანაშაულა. იმ მომენტისთვის სახალხო კრების შემადგენლობაში მძლავრობდა ღარიბ მოქალაქეთა ფენა (ათენი არ აწარმოებდა ამ პერიოდისთვის არანაირ საზღვაო ომს და ამდენად, ზღვაოსნები ძირითადად ქალაქში იყვნენ. ეფიალტესის მოწინააღმდეგე კიმონი და ჰოპლიტები სპარტაში ლაშქრობდნენ), რომლებიც დემოკრატების მგზნებარე მხარდამჭერები იყვნენ. სახალხო კრებამ მიიღო ეფიალტესის შემოთავაზებული კანონპროექტი არეოპაგის შესახებ. ამ კანონით, არისტოტელე თქმით, არეოპაგს ჩამოერთვა „მოვლენათა წარმართვის პრივილეგია“, რაც იმას ნიშნავს, რომ არეოპაგმა ყოველგვარი პოლიტიკური გავლენა დაკარგა. მისი პრივილეგიები გადაეცა ბულეს, ნაწილობრივ სახალხო კრებას და სასამართლოებს (დიკასტერიონი). მას ჩამოერთვა „კანონების დამცველის“ - νομοφυλακία-ს ფუნქცია და იგი სახალხო კრებამ ბულეს მიანიჭა. ამიერიდან სწორედ ეს ინსტიტუტი ზრუნავდა კანონების დაცვაზე. არეოპაგი გადაიქცა სასამართლოდ, ოღონდ სასამართლოდ, რომელშიც სისხლის სამართლის საქმეთა გარკვეული ნაწილი - უმთავრესად მკვლელობის საქმეები და სხვა საქმეები (მაგ., მკრეხელობასთან დაკავშირებული საქმეები) განიხილებოდა. შესაბამისად, შეიზღუდა მისი იურისდიქციაც. ძვ. წ. 403/2 წლებში გამოცემული დეკრეტი იმის თაობაზე, რომ არეოპაგის, როგორც „კანონის დამცველის“ ფუნქცია აღდგენილიყო, როგორც ჩანს, პრაქტიკულად არ განხორციელებულა.

არეოპაგის სასამართლოს ძვ. წ. IV საუკუნეში ძალზე მაღალი რეპუტაცია ჰქონდა. ანტიკურობის გამოჩენილი მოღვაწენი - დემოსთენე, ლისიასი, ესქინე და სხვ. ერთხმად ლაპარაკობენ ამ ინსტიტუციის მიმართ არსებული ღრმა პატივისცემის შესახებ. არეოპაგი არქონად ნამსახურები პირებისაგან შედგებოდა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მისი თითოეული წევრი დემოკრატიული ხელისუფლების მოხელეთა მიერ გამოწვლილვით იყო შესწავლილი: ყოველი არქონი გადიოდა თესმოთეტესების მიერ ჩატარებულ გამოძიებას - ოკიმასიას, ვიდრე ისინი თავიანთი თანამდებობრივი მოვალეობის აღსრულებას შეუდგებოდნენ. თავიანთი ერთწლიანი მსახურების დასრულების შემდეგ კი ისინი გადიოდნენ სახალხო აუდიტს - ევთინეს. არეოპაგიტები მხოლოდ იმ არქონებს შეეძლოთ გამხდარიყვნენ, რომლებიც ამ გამოცდას წარმატებით გაივლიდნენ (არქონი). ეს თანამდებობა ერთადერთი იყო, რომელიც ათენელ მოხელეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეკავა (არისტოტელე, ათენელთა სახელმწიფო წყობილება). ამისდა მიუხედავად, არეოპაგის წევრები ისევ გადიოდნენ აუდიტს - ევთინეს.

არეოპაგს აუცილებელი და სხვა სასამართლოებისგან განსხვავებული პროცედურები ჰქონდა. ერთი უმთავრესი პროცედურა ფიცის მიცემა იყო. ბრალმდებელი საზეიმოდ წარმოსთქვამდა ფიცს, რომლითაც იგი განადგურებას ატეხდა თავის თავს, თავის ოჯახს და თავის შთამომავალთ, თუ სიმართლეს არ იტყოდა. ამის პარალელურად სპეციალური მოხელეები ცხოველთა (ხარი, ირემი) მსხვერპლშეწირვას ატარებდნენ. იმავე ფიცს წარმოსთქვამდა ბრალდებულიც, მისი უფლებები განსაკუთრებით დაცული იყო. თუ იგი საქმეს წააგებდა და დამნაშავედ იქნებოდა მიჩნეული, მოსარჩელეს არ ჰქონდა უფლება დასჯა თავად განეხორციელებინა. მკვლელობის საქმეთა შემთხვევაში არეოპაგი უფლებამოსილი იყო მკვლელობაში დამნაშავე ჯალათისათვის გადაეცა. სხვა საქმეთა დროს, ასე მაგალითად, მკრეხელობასთან დაკავშირებულ შემთხვევებში, არეოპაგს არ შეეძლო დამნაშავე დაესაჯა. ბრალდებულს, დემოსთენეს გადმოცემით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უფლება გააჩნდა. მას უფლება ჰქონდა, რომ თავისი პირველი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ სასამართლო სხდომა დაეტოვებინა (დემოსთენე). ვარაუდობენ, ალბათ იმ მიზნით, რომ ათენიდან წასულიყო.

არეოპაგიტები, როგორც ანტიკური მოღვაწენი ამბობდნენ, სხვა მსაჯულებზე გაცილებით გამოცდილნი იყვნენ, რის გამოც ორატორებს მათი შეცდომაში შეყვანა უძნელდებოდათ.

არქონ ბასილევსი საქმის გამცნობის ფუნქციას ასრულებდა, თუმცა არ მონაწილეობდა განაჩენის გამოტანაში. განაჩენი მხოლოდ მოქმედ წევრებს გამოჰქონდათ. არეოპაგიტები მოდავე მხარეებს არ რთავდნენ ნებას, საქმესთან მიმართებაში არმქონე ინფორმაცია წარმოედგინათ. ამითაც არეოპაგი ათენის სხვა სასამართლოებისგან განსხვავდებოდა. თუ გამსვლელს ცრუმოწმეობაში დაადანაშაულებდნენ, მის წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას თესმოთეტესები აღძრავდნენ.

არეოპაგი მკვლელობის ყველაზე მძიმე სახეობებს განიხილავდა - ეს იყო განზრახ მკვლელობის, სხეულის დაზიანების, მოწამლვის, გადაწვის საქმეები. არაგანზრახ ჩადენილ მკვლელობას, მეტოიკოსის,უცხოელის ან მონის მოკვლის შემთხვევებს სხვა სასამართლო, სახელად პალადიუმი განსჯიდა, მკვლელობის კიდევ სხვა სახეობები დელფინიუმში იყო განხილული. არეოპაგი ასევე ისმენდა იმ საქმეებს, რომლებიც თავდასხმას და სხეულის დაზიანებას ეხებოდა. არეოპაგს უფლება ჰქონდა თავდამსხმელის დამხმარე პირებიც დაესაჯა.

ვარაუდობენ, რომ გარკვეულ შემთხვევებში არეოპაგიტები თავად აწარმოებდნენ მკვლელობის და თავდასხმის საქმეთა გამოძიებას. ასე მაგალითად, თუ თავდასხმის მსხვერპლი სარეცელს იყო მიჯაჭვული, მათ შეეძლოთ დაზარალებული სახლში გამოეკითხათ.

არეოპაგის წინაშე წარდგომა ერთობ სერიოზული რამ იყო. არეოპაგის წესების მიხედვით, ბრალდებულს არჩევანი ჰქონდა - მას შეეძლო სასამართლოს წინაშე გამოსულიყო, ან თავისი ნებით დაეტოვებინა ათენი. იმ შემთხვევაში, თუ იგი ქალაქს დატოვებდა, არქონთა თანხმობის შემდეგ მის ქონებას სპეციალური მოხელეები - პოლეტესები გაყიდდნენ.

არეოპაგის კომპეტენციაში შედიოდა მკრეხელობის ზოგიერთი სახეობის განხილვაც. ცნობილია, არქონ თეოგენესის ცოლის საქმე, რომელიც ანთესტერიის დღესასწაულზე ბასილინას წმინდა და საიდუმლო მსახურებას აღასრულებდა არ იყო რა თავად მოქალაქე. არეოპაგის მოვალეობაში შედიოდა ატიკის ზეთისხილის წმინდა ხეების დაცვის კონტროლი. ის, ვისაც წმინდა ხის მოჭრაში დაადანაშაულებდნენ, არეოპაგის წინაშე უნდა წარმდგარიყო. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, იგი კანონით სიკვდილით ისჯებოდა. არისტოტელეს დროისათვის სიკვდილით დასჯას ქონების კონფისკაცია ანდა გაძევება ჩაენაცვლა.

ძვ. წ. V საუკუნის ბოლოსთვის, სასამართლო ძალაუფლების ტრადიციული როლის გვერდით არეოპაგს სხვა ძალაუფლებაც ჰქონდა. სახალხო კრებას ან ბულეს შეეძლო არეოპაგისთვის დაევალებინა საჯარო ბრალდების ცალკეულ საქმეთა გამოძიება და მოხსენების ხალხისთვის წარდგენა. ასე მაგალითად, ცნობილია, რომ არეოპაგს პნიქსის ბორცვზე აღმართული ზოგიერთი შენობის თაობაზე გამოძიების ჩატარება დაავალეს (ესქინე). ამასთან, როდესაც არეოპაგიტმა ამ გამოძიების შესახებ ხალხს მოახსენა, მან განსაკუთრებით შეახსენა საზოგადოებას, რომ „არეოპაგიტები არ იყვნენ უფლებამოსილნი დაედანაშაულებინათ ან დაეცვათ ვინმე, რადგან ეს მათი ტრადიციული საქმიანობა არ იყო“ (ესქინე).

ძვ. წ. 340-იანი წლების შემდეგ შემოღებულ იქნა გამოძიების სპეციალური სახეობა აპოფასისი, რომელიც არეოპაგის, სახალხო კრების და სასამართლოების ერთობლივ საქმიანობას მოიცავდა.

რამდენიმე ცნობა, რომლებიც ძვ. წ. 338 წლის შემდგომ პერიოდს განეკუთვნება, არეოპაგის მიერ სახალხო კრების გადაწყვეტილების ანულირების შესახებ მოგვითხრობს. ასე მაგალითად, პლუტარქოსის გადმოცემით, არეოპაგმა სახალხო კრების მიერ მთავარსარდლად არჩეული ქარიდემოსის ნაცვლად ქალაქის ბედი ფოკიონს ჩააბარა (პლუტარქოსი, ფოკიონი).

ძვ. წ. 337/6 წელს მიიღეს კანონი ტირანიის წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც კანონგარეშედ ცხადდებოდა არეოპაგიტი, რომელიც დემოკრატიის დამხობას სცნობდა, თუმცა ჩვენთვის არაა ცნობილი, იყო თუ არა რეალობაში ამგვარი ქმედების შემთხვევები.



წყარო

დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები