ართავაზდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ართავაზდ-ი (სომხ.Արտավազդ) – სომხური ეპოსის („ვიპასანკი“) მითოლოგიური პერსონაჟი, მეფე არტაშესის ვაჟი. ართავაზდმა მამის მიერ დაარსებულ ქ. არტაშატში თავისი სასახლისათვის ადგილი ვერ იპოვა და მდ. ერასხიდან (არაქსის) ჩრდილოეთით ვიშაპებს სამფლობელო წაართვა (ხორენაცის მიხედვით, „მარაკერტი ააგო მარეთს. იგი მდებარეობს შარურად სახელდებულ ველზე“, ე. ი. არაქსის ხეობაში, – ნ. ა.); აჯანყებული ვიშაპები და მათი წინამძღოლი მამა – არგავანი – დახოცა. მამის მოშურნე ართავაზდი არტაშესმა დაწყევლა. ერთხელ, ნადირობის დროს იგი ქაჯებმა შეიპყრეს და მასისის ერთ-ერთ გამოქვაბულში მიაჯაჭვეს. ორი ძაღლი გამუდმებით ლოკავს ჯაჭვს, გმირი განთავისუფლებასა და ქვეყნიერების განადგურებას ცდილობს, მაგრამ მჭედელთა მიერ გრდემლზე დარტყმული ჩაქუჩის ხმა ბორკილებს კვლავ ამაგრებს (იმისათვის, რომ ართავაზდის ჯაჭვი მტკიცე გახადონ, ყოველ ახალ წელს (ნავასარდს) და კვირა დღეს მჭედლები კვერს გრდემლზე სამჯერ არტყამენ). მითის ერთ-ერთი ვარიანტის მიხედვით, ჯერ კიდევ ჩვილი ართავაზდი ვიშაპიდებმა მოიტაცეს და მის ადგილზე დევი დატოვეს; მეორე ვარიანტით, ვიშაპიდებმა ართავაზდი დაბადებისთანავე მოაჯადოვეს და ამის გამო იგი ავზნიანი გახდა. მითის სხვა ვერსიით, მთავარი პერსონაჟი სომხეთის მეფის ართავაზდის შეშლილი ვაჟი შირდარია, რომელმაც, მამის ნების საწინააღმდეგოდ, მისი სიკვდილის შემდეგ თავი მეფედ გამოაცხადა. სწორედ ის აღმჩნდება გამოქვაბულში მიჯაჭვული. ზოგიერთ ვერსიაში შირდარი ართავაზდის თიკუნია. ცნობილია მითის არქაული ვარიანტი, რომელშიც გმირი ართავაზდი ბოროტი სულების მიერაა მიჯაჭვული, მაგრამ ოდესმე განთავისუფლდება და ქვეყნიერებას დაეუფლება.

სომხეთში ძალზე პოპულარული იყო ართავაზდის შესახებ არსებული მითოლოგიური სიუჟეტის საახალწლოდ გათამაშება.


ლიტერატურა

  • მოვსეს ხორენაცი. სომხეთის ისტორია. ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ალექსანდრე აბდალაძემ. თბ., 1984;
  • Арутюнян С. Б. Артавазд // Мифы народов мира. Т. I. М., 1980;
  • Лисициан С. С. Старинные пляски и театральные представления армянского народа. Т. I. Ереван, 1958;
  • Петросян Э. Х. Этнопсихологические особенности космогонии армян Арцаха // Сборник научн. Ст. Ереван, 2006; მისივე, Театральный фольклор // Армяне. Ответственные редакторы: Л. М. Варданян, Г. Г. Саркисян, А. Е. Тер-Саркисянц. М., 2012.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები