ბრიანი არისტიდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა არისტიდ ბრიანი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არისტიდ ბრიანი

ბრიანი არისტიდ - (დ. - 28.III.1862, ნანტი - გ. - 7.III.1932, პარიზი), ფრანგი პოლიტიკოსი. საფრანგეთის თერთმეტგზის პრემიერ-მინისტრი, საფრანგეთის 26 მთავრობის წევრი. საერთაშორისო მუშათა ინტერნაციონალის ფრანგული სექციისა და რესპუბლიკურ-სოციალისტური პარტიის ლიდერი. ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში.

სარჩევი

ბიოგრაფია

სწავლობდა სამართალს. ადრეული ასაკიდან ჩაება პოლიტიკურ საქმიანობაში. იყო სინდიკალისტი ჟურნალისტი. შედიოდა მემარცხენე გამოცემების „Le Peuple“, “La Lanterne”, „La Petite République“ და „L’Humanité“ სარედაქციო ჯგუფში. თანამშრომლობდა ფრანგი სოციალისტების ლიდერთან ჟან ჟორესთან. 1902 წლდან იყო პარლამენტის დეპუტატი. იბრძოდა სახელმწიფოსგან ეკლესიის საბოლოოდ გამოყოფისთვის. 1909-1911 წლებში ორი ვადით არჩეულ იქნა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად. მისი პოლიტიკა მიმართული იყო მოქალაქეთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფისკენ. შემდგომში იყო იუსტიციის მინისტრი მემარჯვენე პრემიერის რაიმონ პუანკარეს მთავრობაში. 1913 ორჯერ ეკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი. პირველი მსოფლიო ომის საწყის პერიოდში მოაწყო ექსპედიცია ბალკანეთში პროფრანგული ბლოკის ფორმირებისათვის. 1915-1917 წლებში ორი ვადით კვლავ დაიკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი.

ბრიანი და საქართველო

1921 წლის დასაწყისში კიდევ ერთხელ, მეშვიდედ, დაიბრუნა პრემიერ-მინისტრის პოსტი. ბრიანი, როგორც სოციალისტი, უთანაგრძნობდა პირველი მსოფლიო ომის შედეგად წარმოქმნილი ახალი სახელმწიფოების დამოუკიდებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ბრიანის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი ვარაუდობდა, რომ საქართველოს დე იურედ აღიარება და საფრანგეთის მხრიდან საქართველოსათვის დახმარების გაწევის პროცესი გადაიდებოდა ახალი პრემიერ-მინისტრის საქმეში გარკვევამდე, ფაქტობრივად, ხელისუფლებაში დაბრუნებისთანავე, იდეოლოგიური სიმპათიებიდან გამომდინარე, ბრიანმა საქართველოს მხარდამჭერი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ბრიანი თავისი პოლიტიკით იყო მოკავშირეთა უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს დე იურად აღიარების მთავარი ინიციატორი და ლობისტი. დე იურედ აღიარების შემდეგ ბრიანმა ევგენი გეგეჭკორს თავად მისწერა წერილი - „მოკავშირე სახელმწიფოები ბედნიერნი არიან, კიდევ ერთხელ დაგიდასტურონ თავიანთი თანაგრძნობა, რომლითაც ისინი ყოველთვის ხვდებოდნენ ქართველი ხალხის მისწრაფებას დამოუკიდებლობისაკენ“. ბრიანმა 1921 წლის იანვარში ოფიციალური წარმომადგენელი მიავლინა ლონდონში საქართველოსათვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით საერთო პოზიციის შესამუშავებლად. საბოლოდ 1921 წლის მარტში, საფრანგეთმა კონსტანტინოპოლის იარაღის მარაგებიდან საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეიარაღების მცირე ნაწილი მიაწოდა.

ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ თავშესაფარი საფრანგეთში მიიღო. არისტიდ ბრიანი რჩებოდა საქართველოსა და კავკასიის დამოუკიდებლობის იდეის მხარდამჭერად, ის რამდენიმეჯერ შეხვდა კავკასიის რესპუბლიკათა წარომადგენლებს და ერთიანი მოქმედებებისაკენ მოუწოდა. 1922 წლის იანვარში კანში გამართულ ანტანტის საბჭოს სხდომაზე, რომელსაც ბრიანი ხელმძღვანელობდა, მიიღეს რეზოლუცია, რომელიც რუსეთისაგან ამიერკავკასიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას მოითხოვდა.

1922 პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. 1925-1926 წლებში, მერვე, მეცხრე და მეათე ვადით, კვლავ საფრანგეთის მთავრობის სათავეშია. 1926, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ გუსტავ სტრესემანთან ერთად, ლოკარნოს ხელშეკრულების (1925) გაფორმების გამო მიიღო ნობელის პრიზი მშვიდობის დარგში. პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საერთაშორისო პოლიტიკაში. 1929 რამდენიმე თვით მეთერთმეტედ ჩაუდგა სათავეში საფრანგეთის მთავრობას. 1929-1930 იყო ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი და ინიციატორი ევროპის ფედერაციული კავშირის შექმნისა, თუმცა ევროპაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო, ბრიანის იდეა ოცი წლის დაგვიანებით განხორციელდა.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • ლ. სარალიძე, არისტიდ ბრიანი და კავკასიის ერთიანობის იდეა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. XII, 2017;
  • France Archives. https://francearchives. fr/ fr/commemo/recueil-2012/39022 (ინახა 01. 12. 2017);
  • სსცა, ფ. 2113, აღწ. 1, საქ. 303.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები