არისტოტელე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არისტოტელე

არისტოტელე - Aristotle, Аристотель, 384-322 ძვ.წ.

უდიდესი ძველი ბერძენი სწავლული-ფილოსოფოსი, ორიგინალური ფსიქოლოგიური სისტემის შემქნელი, რომელშიც ინტეგრირებულია ანტიკური აზრის მიღწევები და რომელსაც საუკუნეთა განმავლობაში ემყარებოდა შეხედულებები სულის შესახებ. ბავშვობა გაატარა მაკედონიაში, სადაც მამამისი მეფის კარის ექიმად მსახურობდა. მამამ მისცა არისტოტელეს პირველადი საექიმო და საბუნებისმეტყველო განათლება. ჩვიდმეტი წლისა არისტოტელე ჩავიდა ათენში და პლატონის აკადემიაში ჩაირიცხა. აქ მან ოცი წელიწადი გაატარა, ჯერ - მოწაფედ, შემდეგ კი - მასწავლებლად. პლატონის სიკვდილის მერე არისტოტელე მცირე აზიის სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობდა, ერთხანს - მშობლიურ მაკედონიაში და ახალგაზრდა ალექსანდრე მაკედონელს ასწავლიდა. 335 წელს არისტოტელე ათენში დაბრუნდა, სადაც სკოლა-ლიცეუმი დააარსა. ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ, ანტიმაკედონურ დამოკიდებულებათა მომძლავრების გამო, არისტოტელე იძულებული გახდა, ათენი დაეტოვებინა. იგი დედამისის სამშობლოში, კუნძულ ევბეიზე დასახლდა. არისტოტელე გარდაიცვალა კუჭის სნეულებით, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში აწუხებდა.

არისტოტელე არა მხოლოდ ძველბერძნული მეცნიერების კორიფედ, არამედ ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მოაზროვნედაა მიჩნეული. მან განმსაზღვრელი, ფუძემდებლური წვლილი შეიტანა მეცნიერების მრავალი სხვადასხვა დარგის განვითარებაში, ფილოსოფიის გარდა. არისტოტელეს ტრაქტატი „სულის შესახებ” მიჩნეულია დასავლურ ცივილიზაციაში პირველ წმინდა ფსიქოლოგიურ მონოგრაფიად. მასში დამუშავებული საკითხების კომპლექსი დღემდე რჩება ზოგადი ფსიქოლოგიის ძირითად შინაარსად: სულის რაობა და სულის სახეები (ანუ, დღევანდელი გაგებით, ფსიქოლოგიის საგანი); სულის გამოვლინებები ან ზოგადი თვისებები - შეგრძნება, წარმოსახვა, მეხსიერება, აზროვნება, გრძნობები, სურვილები, ნებისყოფა (ანუ ფსიქიკური პროცესები), დაბოლოს, ხასიათი (ანუ პიროვნების ინდივიდუალური თვისებები). ამ და სხვა ე.წ. მცირე ფსიქოლოგიურ თხზულებებში („შეგრძნების შესახებ” , „მეხსიერების შესახებ” , „სიზმრების შესახებ”) და ბიოლოგიურ ტრაქტატში („ცხოველთა ნაწილების შესახებ”) განხილულია ისეთი თემებიც, რომლებიც ფსიქოლოგიისა და ფიზიოლოგიის მიჯნაზეა: ძილი და ღვიძილი, სიცოცხლის ხანგრძლიობა, მისი ეტაპები ან პერიოდები, სიცოცხლე და სიკვდილი, კვება და მოძრაობა. ის გარემოება, რომ არისტოტელე მათ სულის მოქმედების არეს მიაკუთვნებს, ადასტურებს, რომ მისთვის სავსებით მისაღები იყო სინკრეტული, ნატურფილოსოფიური ბიოლოგისტურ-ფსიქოლოგისტური ორიენტაცია. ეს არცაა გასაკვირი მკვლევარისაგან, რომელსაც „ორგანულის აღმომჩენს” უწოდებენ; ყოველ შემთხვევაში, არისტოტელე იმდენად მჭიდროდ აკავშირებს სიცოცხლისა და სულის ცნებებს, რომ არსებითად აიგივებს მათ. სხეული და სული ერთიანობაში შეადგენს ცოცხალ არსებას, სულიერს. უფრო ზუსტად, სული აქცევს მატერიას ცოცხალ ორგანიზმად. არისტოტელე სიცოცხლის სამ მთავარ ფორმას გამოყოფს: მცენარეული (ცოცხალი ორგანიზმი), ცხოველური (ინდივიდი, სამშვინველი ანუ მშვინვიერი სული) და ადამიანური (სუბიექტ-პიროვნება, გონი ანუ გონითი სული). შესაბამისად, განიხილება სულის სამი სახე, რომლებიც მისი განვითარების სამ დონეს ქმნიან. უდაბლეს საფეხურს მცენარეული ანუ ვეგეტაციური „სული” შეადგენს. მისი წყალობით ორგანიზმი ახორციელებს სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს, ესენია: კვება, სუნთქვა, ზრდა, განმრავლება. შემდეგ დონეზე ცხოველური სული ხასიათდება შეგრძნების, გრძნობის, მეხსიერებისა და მოძრაობის ფუნქციებით. ხოლო ადამიანური სული მოაზროვნე სულია.

შეგრძნება წინაპირობა და მთელი შემეცნების პროცესის სათავეა და მას განსაკუთრებულ ყურადღება ეთმობა. არისტოტელემ გამოყო ხუთი შეგრძნების ორგანო და იმდრონდელ ცოდნაზე დაყრდნობით დაახასიათა კიდეც შეგრძნების წარმოქმნის პროცესი. ამასთან, არისტოტელე ლაპარაკობს ე.წ. „საერთო მგრძნობელობაზე” , რომელიც აღიქვამს ყველა ობიექტისთვის საერთო ნიშნებს (მოძრაობას, რაოდენობას, სიდიდეს). აღქმის ილუზიები უპირატესად მას უკავშირდება (ცნობილია ე.წ. არისტოტელეს ილუზია). სამყაროს თვალსაჩინო ასახვის შემდგომი საფეხური, ფანტაზია წარმოდგენის და წარმოსახვის სახით არის მოცემული. ძველ მოაზროვნეთაგან არისტოტელე პირველი იყო, ვინც ფანტაზიის საგანგებო დახასიათება სცადა. ფანტაზია მოაზრებულია, როგორც შუამავალი შეგრძნებად/გრძნობად და რაციონალურ/გონით ცოდნას შორის და აზროვნების წინაპირობაა. მეტად საინტერესოა მეხსიერების არისტოტელესეული დახასიათებაც: იმისთვის, რომ ადამიანმა რაიმე მოიგონოს, საჭიროა ამჟამად მოცემული შთაბეჭდილება ერთგვარად დაუკავშირდეს უკვე არსებულ წარმოდგენას. სულის ახლანდელი შთაბეჭდილებანი ძველებს მოგონებებს, ვინაიდან მათი შესაბამისი საგნები ერთმანეთს უკავშირდება ოთხგვარად: ან მსგავსია, ან პირიქით - ერთმანეთის კონტრასტულია, ან ოდესღაც ერთდროულად ან ერთმანეთის გვერდით იყო აღქმული. ორი ათასი წლის შემდეგ ამ მოვლენას ასოციაცია დაარქვეს, არისტოტელესეულ ოთხ კავშირს კი ასოციაციის კანონები ეწოდა; ასოციაცია დიდი ხნის განმავლობაში ფსიქიკური ცხოვრების უმთავრეს ამხსნელ მექანიზმად მოიაზრებოდა (ასოციაციონიზმი).

შემეცნებითი პროცესების მწვერვალი აზროვნებაა. არისტოტელეს თანახმად მოაზროვნე სულის, გონის ერთი ნაწილი (ე.წ. „ნუსი”) „საყოველთაო გონის” სახით არსებობს, როგორც განსაკუთრებული ზეგრძნობადი (მეტაფიზიკური) არსი. მასში ადამიანის სიკვდილის შემდეგაც ინახება მისი გონიერი სული და, ამდენად, მთელი ის გამოცდილება, რაც კაცობრიობამ დააგროვა. ნუსი შედის ახალშობილის სხეულში და ვეგეტაციურ და შემგრძნობ სულთან ერთიანობას ქმნის. მაშასადამე, ადამიანი თავიდანვე აღჭურვილია ცოდნით, ოღონდ ეს არის პოტენციური, არაცნობიერი ცოდნა (ამ მოძღვრების შემდგომი განვითარება იყო გ. ლაიბნიცისა და კ.გ. იუნგის თეორიები). მიხვედრა (ამჟამინდელი „ინტელექტუალური ინტუიცია”), როგორც აქტიური სააზროვნო პროცესი, მის აქტუალიზაციას ახდენს და ზოგჯერ ინდივიდის მიერ მოპოვებულ ჭეშმარიტებებს ამატებს. მთელი ეს ცოდნა სიცოცხლის დასრულების შემდეგ უერთდება მარადიულ თვითჭვრეტაში მყოფ ნუსს, რის შედეგადაც, როგორც „საყოველთაო გონი” (ახლა ვიტყოდით - კულტურა), მუდმივად მდიდრდება და ივსება. არისტოტელე ასხვავებს თეორიულ და პრაქტიკულ გონებას. თეორიული გონების დანიშნულება ცოდნის მოპოვებაა, ცოდნისა არსებითის შესახებ. მისი მუშაობა თავისუფალია ყოველგვარი გარეგანი ზეგავლენებისგან და მხოლოდ ლოგიკის კანონებითაა შეზღუდული. პრაქტიკული აზროვნება ქმედების მართვას ემსახურება. შესაბამისად, ის შეიმეცნებს მოქმედების პრინციპებსა და ხერხებს.

არისტოტელე სულიერების ემოციურ მხარესაც განიხილავს. გრძნობა თან სდევს ორგანიზმის ყოველგვარ მოქმედებას. როცა ის ნორმალურად ანუ ბუნებითად მიმდინარეობს, მას სიამოვნება ახლავს, თუ არა - უსიამოვნება. ბუნებრივად და დაუბრკოლებლად მიმდინარე ყოველგვარი აქტივობა უკვე თავისთავად სასიამოვნოა; სიამოვნება ხელს უწყობს და ახანგრძლივებს ცხოველქმედებას. უსიამოვნება ფუნქციის დარღვევისა და სათანადო აქტივობის შეფერხების შესახებ გვამცნობს და ხელს უშლის მის ამგვარად გაგრძელებას (ჩვენ ვიტყოდით, რომ გრძნობას აქვს სასიგნალო და რეგულატორული ფუნქცია). ეს არ ნიშნავს, რომ ორგანიზმის აქტივობას მხოლოდ ემოციები მართავს. გრძნობებს გარკვეული თვისებები აქვს. გრძნობა შეიძლება იყოს ძლიერი ან სუსტი (დღევანდელი ტერმინოლოგიით - გრძნობის ინტენსივობა); არსებობს „შერეული გრძნობებიც” , რომლებიც მოიცავენ როგორც სიამოვნებას, ისე უსიამოვნებას (დღევანდელი ტერმინოლოგიით - გრძნობის ამბივალენტობა). აფექტი ყველაზე ძლიერი და მკვეთრად გამოხატული ემოციური მდგომარეობაა. ის არ ექვემდებარება რაციონალურ მართვას და თითქმის ყოველთვის იწვევს სპონტანურ აქტივობას. ამიტომაც ის რისკის შემცველია ადამიანის ქცევის მიზანშეწონილების კუთხით. აფექტის პრევენციისა და განმუხტვის ყველაზე ეფექტურ საშუალებად ხელოვნება გვევლინება. ხელოვნების ესთეტიკურ ზემოქმედებას მივყავართ კათარზისამდე, ანუ განწმენდამდე. მაგ., გმირთან თანაგანცდის გამო, პიესით გამოწვეული სიხარულისა თუ დარდის ცრემლები ამცირებს ადამიანის ემოციურ დაძაბულობას.

ქცევის საწყისი - მისწრაფებაა (თანამედროვე ტერმინით - მოტივაცია). მისწრაფების გარეშე შეუძლებელია მოძრაობის განხორციელება. არისტოტელე საგანგებოდ აღნიშნავს, რომ თავშეკავებულ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ რაიმეს გაკეთების სურვილი და მისწრაფება, მაგრამ არ აკეთებენ ამას, ვინაიდან მიჰყვებიან არა სურვილს, არამედ გონების კარნახს. ნებისყოფის უნარი სწორედ ამაში ვლინდება. უნებლიე ქცევის დროს მისწრაფებას უშუალოდ მოჰყვება მოძრაობა. ნებელობითი ქცევის შემთხვევაში სურვილს დაერთვის პრაქტიკული გონება, რომელიც უკარნახებს მისწრაფებას ასეთ თუ ისეთ მოძრაობას. ამიტომ სადაც არ არის გონება (ცხოველი, მცირეწლოვანი ბავშვი, შეშლილი), იქ არ არის ნებისყოფაც.

აფექტებს უპირისპირდება ხასიათი, როგორც ადამიანის თვისებათა მდგრადი სისტემა. ის გამოხატავს ცალკეული ადამიანის თავისებურებას, მის ზნეობრივ სახეს, რომლის შესაბამისადაც მოქმედებს. ხასიათი (ზნეობრიობა) არ არის ადამიანის ბუნებრივი თვისება. ის ცვალებადობს ასაკის, საზოგადოებრივი მდგომარეობის, პროფესიისა და სხვა ცხოვრებისეულ ვითარებათა შესაბამისად. ხასიათი ცხოვრების პროცესში ყალიბდება. საჭიროა, რომ ადამიანი ხშირად ხვდებოდეს რთულ სიტუაციებში, სადაც ამა თუ იმ ზნეობრივი თვისების გამოვლენა სჭირდება. მაშინ ხდება ადამიანი გულადი, კეთილშობილი და სხვა. არისტოტელემ ხასიათის გარკვეული ტიპების აღწერაც მოგვცა. ამდენად, იგი ქარაქტეროლოგიის სათავეებთანაც დგას.

ქართულ ფსიქოლოგიაში არისტოტელეს მოძღვრება გაანალიზებული აქვთ ა. ბოჭორიშვილს (ფსიქოლოგიის ისტორია. თხზულებები, ტ.1. თბილისი, 1991) და ი. იმედაძეს (ფსიქოლოგიის ისტორია: ანტიკური ხანიდან ჩვენს დრომდე. თბილისი, 2014).

თეორიული აზროვნების წესები - ლოგიკის კანონები - არისტოტელემ საგანგებოდ იკვლია. მან ჩამოაყალიბა მრავალი კანონი და დაწერა მსოფლიოში პირველი ტრაქტატი ლოგიკაზეც. ამით ლოგიკა მეცნიერების დარგად დაფუძნდა.

არისტოტელეს ფილოსოფიაში ერთერთი უმნიშვნელოვანესი ცნებაა მიზნობრიობა - ენტელექია. მაგრამ ესაა არა პიროვნულ-სუბიექტური, არამედ ღვთაებრივი, კოსმოსური, ბუნების საერთო, სასიცოცხლო მისწრაფება. მიზანი - ესაა „საბოლოო მიზეზი”, რომელიც განსაზღვრავს ყოფიერის არსსა და არსებას, და რისი შემეცნებაც ყოფიერის დაფარული საზრისის წვდომაა. მიზანი, ენტელექიის სახით, მთელ ცოცხალ ბუნებას აქვს და (უმეტესად გაუცნობიერებლად) მისკენ მიისწრაფვის. ენტელექია სიცოცხლის არსია, სახელდობრ, მიზნის განხორციელებაა, ის ვლინდება სიცოცხლის თვითშენახვაში და სრულქმნისკენ მისწრაფებაში. მაშ არისტოტელემ სიცოცხლის ორი მისწრაფება გამოკვეთა - ადაპტაციურობა და მიღმასწრაფება. ამით მისი თეორია „ღია თეორიებს” განეკუთვნება და ამ მხრივ ახალი ფსიქოლოგიის 90 %-ზე უფრო მაღლაა {„ღია თეორია / დახურული თეორია”}. და სწორედ ესაა „მიზანშეწონილება”. დ. უზნაძის თეორიაშიც „მიზანშეწონილება” - საპირისპიროდ ცნებისა „მიზანდასახულობა” - უპიროვნოა, არაცნობიერია, მიზანშეწონილ ქცევას ცხოველიც ახორციელებს (ემპირისტული პოსტულატი). ესაა ისეთი ქცევა, რომლის შედეგადაც ინდივიდი (ცხოველი ან იმპულსურ-განწყობისეულ დონეზე მოქმედი ადამიანი) წარმატებით იკმაყოფილებს რომელიმე ბუნებისეულ-სასიცოცხლო მოთხოვნილებას, რისი მაჩვენებელი და განმამტკიცებელი სიამოვნების გრძნობაა. ესე იგი ესაა ქცევა ბუნების წესის შესაბამისად ანუ ამ წესთან შეწონილად, ენტელექიასთან შეწონილად. ეს აზრი შეიძლება არაორგანულ ბუნებაზეც, მთელ სამყაროზეც გავრცელდეს და, შესაბამისად, განირჩეს ვიწრო-ბიოლოგიური და საერთო-კოსმოლოგიური მიზნობრიობა-ენტელექია.

საკვირველია, ერთმა ადამიანმა როგორ გაუსწრო კაცობრიობას 2000-2300 წლით, თანაც მეცნიერების რამდენიმე დარგში! ეს იმდენად შთამბეჭდავია, რომ მთელი ევროპული ქრიატიანული კულტურა, მათ შორის ეკლესიაც, არისტოტელეს, „წარმართ მეცნიერს” აღიარებდა უმაღლეს ავტორიტეტად. არისტოტელესა და მისი მოძღვრის, პლატონის მოძღვრებანი 20 საუკუნის განმავლობაში იყო დასავლური აზროვნებისა და ზოგადად კულტურის ყველაზე ავტორიტეტული სიბრძნის წყარო. ეს დოგმატურად ჰქონდა აღიარებული ქრისტიანულ ეკლესიასაც კი, მიუხედავად ბრძენთა „წარმართობისა”. ამასთან, არისტოტელე ამბობდა, პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარიაო. არისტოტელემ თავისი მოძღვრის ფილოსოფიისგან განსხვავებული და გაცილებით უფრო ფართო და ღრმადმეცნიერული მოძღვრება შექმნა. (ჩანამატის ავტორი ზურაბ ვახანია).


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები