ჭუმბაძე არისტო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა არისტო ჭუმბაძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არისტო ჭუმბაძე

ჭუმბაძე არისტო (დ. - 1.XI.1880, სოფ. კლდეეთი, შორაპნის მაზრ. - გ. - 28.XI.1971, თბილისი) - ქართველი მწერალი და დიპლომატი.

სარჩევი

ბიოგრაფია

უმაღლესი განათლება სორბონის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე მიიღო. 1908 ჟურნალ „ნაკადულში“ გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა. 1911 წელს დაბრუნდა საქართველოში, ქუთაისში დააარსა გაზ. „კოლხიდა“. 1814 იყო გაზ. „სახალხო ფურცლის“ რედაქტორი. ჟურნალისტური საქმიანობის გამო რამდენიმეჯერ იქნა დაპატიმრებული. 1914 წლიდან წავიდა ემიგრაციაში საფრანგეთში. სორბონის უნივერსიტეტში ფილოლოგიის დოქტორის ხარისხის მისაღებად მუშაობდა გუსტავ ფლობერის შემოქმედებაზე. 1915-1917 წლებში მუშაობდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, თავდაპირველად იაპონიის საელჩოში, ხოლო შემდეგ ალჟირში.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. თავდაპირველად, 1919-1920 წლებში, მიხაკო წერეთელთან ერთად მუშაობდა სკანდინავიაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლად, ძირითადად, ურთიერთობა ჰქონდა შვედეთისა და ნორვეგიის მთავრობებთან. 1920 წელს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ იტყობინებოდა - „სკანდინავიაში მყოფი საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი არისტო ჭუმბაძე საქართველოში დაბრუნდა. მან აღნიშნა, რომ შვეცია, ნორვეგია, დანია ის ქვეყნები არიან, ვინც პირველად აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობაო. მისივე თქმით, ადგილობრივმა პრესამ დიდი ინტერესი გამოიჩინა საქართველოს მიმართ. სავაჭრო წრეები ძლიერ დაინტერესებულან, თუმცა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას ერიდებიანო“. 1920 წელს დიპლომატიური საქმიანობა თურქეთში, საქართველოს წარმომადგენლობაში განაგრძო, იყო წარმომადგენლობის საქმეთა მმართველი.

საბჭოთა რუსეთს მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ თავი დაანება დიპლომატიურ საქმიანობას და სამშობლოში დაბრუნდა. 1921 წელს მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი „ხომალდი“. 1922-1924 წლებში მუშაობდა წითელი ჯვრის საზოგადოებაში. შემდგომში მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებებში, ასევე, სტილისტად გაზ. „კომუნისტში“. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • გ. შარაძე, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და საგარეო პოლიტიკა. საგარეო საქმეთა სამინისტრო, თბ., 2003;
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, მამულიშვილთა სავანე, თბ., 1994;
  • გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920. №174.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები