არმიის შეტევითი ოპერაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არმიის შეტევითი ოპერაცია - შეთანხმებული, ურთიერთდაკავშირებული შეტევითი (ცალკეულ მიმართულებებზე – თავდაცვითი) ბატალიების, საბრძოლო მოქმედებების, ბრძოლების, დარტყმებისა და მანევრების ერთობლიობა.

არმიის შეტევითი ოპერაციას შენაერთები და ნაწილები ახორციელებენ მეზობლებთან, შეიარაღებული ძალების სხვა სახეობების ჯარების შემადგენლობაში არსებული გვარეობების შენაერთებთან და ნაწილებთან, აგრეთვე არმიის ინტერესების შესაბამისად მოქმედ ფორმირებებთან ურთიერთქმედებით. ხორციელდება გარკვეულ სტრატეგიულ (საოპერაციო) მიმართულებაზე, როგორც დაჯგუფების ოპერაციის შემადგენელი ნაწილი საომარი მოქმედების თეატრში. იგი შეიძლება განხორციელდეს მოწინააღმდეგის აგრესიის დაწყების და აგრესიის მსვლელობის პერიოდში, მისი მოგერიების დროს წარმატებული თავდაცვითი და კონტრშეტევითი ოპერაციების შემდეგ. აგრეთვე შეტევითი ოპერაციების წარმატების გასავითარებლად და მთელი რიგი ოპერატიული ამოცანების შესასრულებლად.

ოპერაციის მიზნები შეიძლება იყოს: მოწინააღმდეგის დაჯგუფების განადგურება, გარკვეული ზღუდეების ან რაიონების დაუფლება 1–2 საოპერაციო მიმართულებაზე.

არმიის შეტევითი ოპერაცია მოიცავს I და II ეშელონების შენაერთების, ნაწილების შეტევით საბრძოლო მოქმედებებს, ოპერატიული მობილური რეზერვის სარაკეტო ჯარების შენაერთებისა და ნაწილების, სახმელეთო ჯარების არტილერიის, ავიაციის, საჰაერო თავდაცვის ნაწილების, საარმიო რეზერვების საბრძოლო და საარმიო დაქვემდებარების სპეციალური ჯარების მოქმედებას. საარმიო ოპერაციის შემადგენელი ნაწილი შეიძლება იყოს აგრეთვე ტაქტიკური საჰაერო და საზღვაო დესანტების გადასხმა, მათი საბრძოლო მოქმედება, მონაწილეობა დაჯგუფების პირველ და მომდევნო მასირებულ საცეცხლე დარტყმებში.

არმიის შეტევითი ოპერაცია პირველად განხორციელდა XVIII საუკუნეში, როდესაც არმიის გაერთიანებების მოქმედებაში გამოვლინდა დამოუკიდებლობა. პირველ მსოფლიო ომში არმიის შეტევითი ოპერაცია პრაქტიკულად ჩამოყალიბდა, როგორც ერთიანი ჩანაფიქრით მიმდინარე ოპერატიული მასშტაბის საბძოლო მოქმედებების ფორმა.

II მსოფლიო ომის წლებში მისი წარმოების თეორიამ და პრაქტიკამ შემდგომი განვითარება განიცადა, რაც გამოიხატა ოპერაციის მომზადების და წარმოების ხერხების სრულყოფაში, მთავარი დარტყმის მიმართულებაზე ძალებისა და საშუალებების მასირებაში, ჯარების ოპერატიული დაწყობის სიღრმის ზრდაში. ასევე საბრძოლო მოქმედებების მასშტაბების შემდგომ გაზრდაში.

არმიის შეტევითი ოპერაცია მოიცავს მოწინააღმდეგის საცეცხლე დაზიანებას და მისი რადიოელექტრონული საშუალებების და სისტემების რადიოელექტრონულ ჩახშობას, ჯარების შეტევაში გადასვლას და მის განვითარებას, მოქმედებებს თავდაცვის გარღვევისთვის, მოწინააღმდეგის დაჯგუფებების დანაწევრებას, გარშემორტყმას და განადგურებას, კონტრდარტყმების მოგერიებას, არმიის ჯარების მიერ განზრახული სამიზნეების ხელში ჩაგდებას.

არმიის შეტევითი ოპერაციის მსვლელობის დროს ან დამთავრების შემდეგ არმია, როგორც წესი, იღებს ამოცანას შემდგომ ოპერაციაზე.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები