არსენიძე რაჟდენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რაჟდენ ალექსიძე

არსენიძე რაჟდენ მათეს ძე - (28.IX.1880, სოფ. სოჩხეთი, ქუთაისის მაზრ. - 24.V.1965, ლევილი) - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. სოციალ-დემოკრატი.

სარჩევი

ბიიოგრაფია

დაიბადა სასულიერო პირის ოჯახში, პირველადი განათლება მიიღო სოფლის სამრევლო სკოლაში, შემდგომში სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში. სწავლა განაგრძო იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტში, 1901 წლის სტუდენტურ ამბოხებაში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს და გარიცხეს უნივერსიტეტიდან, 1908-1912 წლებში ახერხებს უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას და იურისტის დიპლომის მოპოვებას. 1902 წლიდან თანამშრომლობას იწყებს სოციალ-დემოკრატიულ პრესასთან, მუშაობს გაზ. „კვალის“ რედაქციაში, შემდგომში - „სხივში“, „ლამპარში“, „განთიადში“. 1904 წელს კვლავ დააპატიმრეს. 1905 წლდან აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა რსდმპ-ის ბათუმის კომიტეტში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობასაც ასრულებს. 1906 და 1910 წლებში კვლავ აპატიმრებს მეფის რეჟიმი. 1913 მიესაჯა 5 წლით გადასახლება ციმბირში, სადაც იმყოფებოდა თებერვლის რევოლუციამდე.

რევოლუციის შემდეგ ბრუნდება სამშობლოში, 1917 წელს არის თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს წევრი. 1917 წლის ნოემბერში ეროვნულ ყრილობაზე სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით ირჩევენ საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. მონაწილეობა მიიღო 26 მაისის აქტის შემუშავების პროცესში. აქტიურ საქმიანობას ეწეოდა პარტიის ცენტრალურ კომიტეტში. გარკვეული პერიოდი მუშაობდა პარტიის მთავარი პერიოდული ორგანოს - გაზეთ „ერთობის“ რედაქტორად. 1919 წლის თებერვალში არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად, სადაც იკავებდა იურიდიული და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის პოსტს, 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი პრინციპები სწორედ მისი შემუშავებულია. 1920 წლის 2 იანვრიდან ოფიციალურად დაიკავა დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის პოსტი, იყო არაერთი სამართლებრივი რეფორმის ავტორი, ინიციატორი.

ემიგრაციაში

1921 წლის 17 მარტის დამფუძნებელი კრების დადგენილებით, დამფუძნებელმა კრებამ მთავრობის წევრებს ემიგრაციაში წასვლისა და იქიდან ბრძოლის გაგრძელების მანდატი მისცა. 1921-23 წლებში რაჟდენ არსენიძე სტამბოლში ცხოვრობდა, იყო ქართულ პოლიტიკურ ძალთა მიერ შექმნილი „პოლიტიკური კომისიის“ წევრი, მისი რედაქტორობით აქვე გამოდიოდა გაზეთი „თავისუფალი საქართველო“. სტამბოლიდან მალევე საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა. ემიგრაციაში სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში მომხდარი განხეთქილების შემდეგ დაიკავა ირაკლი წერეთლის ჯგუფის პოზიცია. წლების განმავლობაში იყო სხვადასხვა გამოცემების რედაქტორი: „ბრძოლა“, „სოციალისტური აზრი“ და სხვ. თანამშრომლობდა ემიგრანტულ პერიოდულ გამოცემებთან: „ჩვენი დროშა“, „მებრძოლი საქართველო“ და სხვ. 1953 ამერიკული განთავისუფლების კომიტეტის დახმარებით დაარსებული რადიო „თავისუფლების“ ქართული სექციის რედაქტორი გახდა. ეწეოდა აქტიურ სამწერლობო საქმიანობას, წერდა შოთა რუსთაველის შესახებ. აქვეყნებდა წერილებს საბჭოთა ბოლშევიკური რეჟიმის შესახებ. 1963 პარიზში გამოიცა მისი მთავარი ნაშრომი - „განხილვა მეფე ვახტანგ მეექვსის კანონმდებლობისა“. 1962 რაჟდენ არსენიძე მიუნხენიდან ლევილში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • გ. შარაძე, „უცხოეთის ცის ქვეშ“, ტ. III, თბ,. 1993; ი. ხვადაგიანი, „დამფუძნებელი კრება“, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2016;
  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 107, 108, 109; გაზ.
  • „ერთობა“, 1918, №208.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები