არსენ IV ბულმაისიმისძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არსენ IV ბულმაისიმისძე – XIII ს. სასულიერო მოღვაწე, მწერალი და ჰიმნოგრაფი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1241-1249/50 წწ. წერილობით წყაროებში მისი გვარი გვხდება სხვა ფორმითაც – ბულმაისისძე ან ბულმაისძე.

ცნობები არსენ IV-ის შესახებ და მისი ლიტერატურული ნაწარმოებები ჩართულია ცნობილ ხელნაწერ კრებულში A 85, რომელიც შეადგინა ტბელ აბუსერიძემ. იგი გადაწერილია 1233 წ. კრებულში მოთავსებულია „გალობანი წმიდისა მოციქულისა ნინოსნი“, „გალობანი წმიდისა შიო მღვიმელისანი“, სვინაქსარი იამბიკური ოთხთა თუეთანი: თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, სტიქარონნი, წარდგომა, კანონი და „აქებდითი“ ხელთუქმნელისა და უხილავის ხატისა, „ძლისპირნი ზესთა გამოუთქმელისა ხელთქმნელისა ხატისანი 16 აგვისტოსა“, სრული კანონი. ეს თხზულებები არსენ IV-მ შექმნა აბუსერიძების – ვარდანისა და აბუსერის – „შეხუეწით“, როგორც თავად აღნიშნავს კრებულში ჩართულ ეპისტოლეში. თხზულებების შექმნის დროს არსენ IV გელათში მოღვაწეობდა. არსენ IV-ის სახელი გვხვდება სხვა საისტორიო საბუთებშიც. 1241/1242 წწ. მის მიერ დამტკიცებულია არსენ ჭყონდიდელი-მწიგნობართუხუცესის მიერ მგელა აბულახტარისძისადმი ბოძებული სიგელი — „ესე, ვითა ქრისტეს სწორსა არსენი ჭყონდიდელ მთავარეპისკოპოსსა და მწიგნობართუხუცესსა შეუწყალებია მგელა და შვილნი მისნი და ღურეკი სოფელი სამამულოდ უბოძებია, მოწმე და მამტკიცებელი ვარ მეცა, გლახაკი, ქრისტეს მიერ ქართლისა კათალიკოზი არსენი“. 1241 წ. ახლო ხანებში აპ. IV ამტკიცებს წინამორბედი პატრიარქის, მიქელ V-ის მიერ მსახურთუხუცეს ვაჩე გუარამის ძისადმი ბოძებულ სიგელს.

XIII ს. 40-იან წლებშია შედგენილი საეკლესიო კრების განჩინება შიომღვიმის მონასტრის შეუვალობის შესახებ. განჩინება თვით კათოლიკოს არსენ IV-ის მიერაა შედგენილი: „მე, არსენ ქართლისა კათალიკოზმან, ჩემითა ჴელითა დავწერე ყოველი ესე სიმტკიცე“ და სახენი მტკიცემყოფელნი აკურთხნეს ღმერთმან და წმიდამან დედაქალაქმან“.

მკვლევართა ნაწილი (ნ. ბერძენიშვილი, ნ. შოშიაშვილი) არსენ IV-ს მიიჩნევს არა ქართლის, არამედ აფხაზეთის კათოლიკოსად, მაგრამ ეს აზრი არ არის გაზიარებული ისტორიოგრაფიაში.

ვ. სილოგავა

Logo1.JPG არსენი მრავალმნიშვნელოვანი

ლიტერატურა

  • ნ. ბერძენიშვილი, სავაზირო ფეოდალურ საქართველოში, წიგნში.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 3, თბ., 1966;
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; შოშიაშვილი ნ., XIII ს-ის საქართველოს ისტორიული ქრონოლოგიის საკითხისათვის, საქართველოს სახელმწ. მუზეუმის „მოამბე“, 1954, №18-5.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები