არსენ I დიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არსენ I დიდი
ქართლის კათოლიკოსი

არსენ I, დიდი – (დაახლ. 820/830-877/887), ქართველი საეკლესიო მოღვაწე და მწერალი, ქართლის კათოლიკოსი (დაახლ. 850/860-877/887), წმ. (ხსენ. დღე 25.09/08.10). არსენ I-ზე ცნობები დაცულია გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში“.

არსენ I სამცხის დიდი ფეოდალის მირეანის ძე, 6 წლის იყო, როდესაც მშობლების სურვილით „დაიმოწაფეს“ აფხაზეთში მიმავალმა გრიგოლ ხანცთელის მოწაფეებმა – თეოდორემ და ქრისტეფორემ: „ვითარ მოიწიეს სამცხეს, ბრძანებითა ღმრთისაჲთა ძეჲ დიდსა მირვან აზნაურისაჲ დაიმოწაფეს, სახელითა არსენი, რომელსაც ეწოდა ღირსად დიდი არსენი, ქართლსა კათალიკოზი და მცხეთისა საყდრისა გვრგჳნი დაუჭნობელი“. არსენ I-თან ერთად ხანცთის მონასტერში თეოდორესა და ქრისტეფორეს მეთვალყურეობით იზრდებოდა ეფრემიც – შემდგომში დიდი საეკლესიო მოღვაწე და აწყურის ეპისკოპოსი. დაახლოებით 886 წ. საეკლესიო კრების თანხმობის გარეშე, სამცხის ერისკაცთა და რამდენიმე ეპისკოპოსის თანხმობით, მამამ არსენ I საკათოლიკოსო ტახტზე აიყვანა. რასაც ქართველ მღვდელმთავრებისა და მათ შორის ეფრემ მაწყვერლის გულისწყრომა მოჰყვა. განაწყენებულებს მხარი დაუჭირა მამფალმა გუარამ დიდმა, რომლის ბრძანებით მოწვეულ იქნა საეკლესიო კრება. საკათოლიკოსო ტახტზე კრების გარეშე მღვდელმთავრის დადგინება საეკლესიო კანონების უხეში დარღვევა იყო და არსენ I-ს გადაყენება ემუქრებოდა. კრების დაწყებას გრიგოლ ხანცთელი არ ესწრებოდა. ერუშელმა ეპისკოპოსმა კრებას მოუწოდა, დალოდებოდნენ გრიგოლის მოსვლას: „ოდეს მოვიდეს ვარსკვლავი უდაბნოთაჲმაშინ განემართოს საქმე და განზრახვაჲ ყოველთაჲ“. კრებაზე მისულმა გრიგოლმა ეფრემს უთხრა: „შენ უწყი სულითა, ვითარ ღმერთსა ებრძანა კათალიკოზობაჲ არსენისი სისრულისა მისისათგს. არამედ მირეან, მამამან მისმან, აუგიან-ყო უჟამოდ შესწრაფებითა, ვითარცა ადამ ჭამა ხილი იგი, რომელ არღა მწიფე იყო. ან შენ კეთილად ჰყავ სმენად ჩემი, რამეთუ გულისწყრომამ კაცისამან სიმართლე ღმრთისაჲ არა ქმნის. ხოლო ბრალი ესე არსენისი ჩემ ზედა იყავნ“. და კრებასაც მიმართა: „ისმინეთ გლახაკისა ამის მოხუცებულისაჲ, რამეთუ არსენი კათალიკოზი ნებითა ღმრთისაჲთა კათალიკოზი არს“. გრიგოლის სიტყვებმა დაარწმუნეს ეპისკოპოსები, რომლებმაც განაცხადეს: „აწ ამიერითგან არსენი იყავნ კათალიკოს ქართლისა ყოვლისა სულიერად მამა ყოველთა“.

კათოლიკოსმა არსენ I-მა აკურთხა ძველი ხანცთის ეკლესია და „ქართლისა ეკლესიათა ყოველთა სიხარული მოჰფინა, რამეთუ საყდარი მამამთავრობისაჲ შეამკო სრულიად და შეიმკო მადლითა“.

„გრიგოლ ხანცთელის ცხოვრების“ მიხედვით, არსენ I. 27 წელიწადი კათოლიკოსობდა. არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ არსენ I-ს ეკუთვნის ისტიულორ-პოლემიკური თხზულება „განყოფისათვის ქართლისა და სომხითისა“, რომელიც ეხება ქართველ-სომეხთა სარწმუნოებრივი ურთიერთობებისა და განხეთქილების ისტორიას. მიზნად ისახავს „განყოფის“ ისტორიულ-პოლიტიკური და სარწმუნოეგროვ-დოგმატური მიზეზების გარკვევას. ზოგიერთი მკვლევარი ამ თხზულების ავტორად თვლის არსენის სახელით ცნობილ სხვადასხვა მოღვაწეს (არსენ საფარელი). მასვე მიაკუთვნებენ თხზულებას „ცხოვრება და მარტჳლობა აბიბოს ნეკრესელისა“, რომლის მეტაფრასულ რედაქციაში მითითებულია, რომ „ეს ცხოვრება არის თქუმული არსენ დიდისა, ქართლისა კათალიკოსისაჲ“.

ზ. აბაშიძე


Logo1.JPG არსენი მრავალმნიშვნელოვანი

ლიტერატურა

  • აბაშიძე ზ., არსენ I დიდი, წგ.: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, თბ., 2000;
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960.

იხილე აგრეთვე

არსენ I დიდი საფარელი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები