არტაანი (მხარე სამხრეთ საქართველოში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არტაანი – ისტორიული მხარე და ციხე-ქალაქი სამხრეთ საქართველოში, მტკვრის ზემო დინების ორივე მხარეს.

„არტაანთან“ ერთად იხმარებოდა „არტაჰანიც“, აქედან მომდინარეობს თურქული ფორმა „არდაჰანი“ და რუსული „არდაგანი“. ძვ. ქართულ წყაროებში უმეტესად იხმარებოდა არტაანი. თავდაპირველად არტაანი მხარის სახელწოდება იყო. ლეონტი მროველის ცნობით (XI ს.), ლეგენდარული მცხეთოსის ძემ, ჯავახოსმა ააშენა ციხე-ქალაქი, რომელსაც მაშინ ქაჯთა ქალაქი რქმევია, მროველის დროს კი – ჰური. იმავე ცნობით, ფარნავაზმა (ქრისტეშობამდე IV-III სს. მიჯნა) შექმნა წუნდის საერისთავო, რომელშიც შედიოდა არტაანი, ჯავახეთი და კოლა. ვახტანგ გორგასალმა (V ს.) არტაანში საეპისკოპოსო დააარსა, კათედრა კი ერუშეთში დააწესა. XVI საუკუნეში დაიპყრეს ოსმალებმა და არტაანი ორ ნაწილად გაყვეს: დიდ არტაანად (შედიოდა გურჯისტანის ვილაიეთში) და პატარა არტაანად (შედიოდა ყარსის ვილაიეთში). 1878 წელს რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად და ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით არტაანი შეუერთდა რუსეთის იმპერიას. 1921 წ. ბრესტ-ლიტოვსკის ზავით ბოლშევიკურმა რუსეთმა არტაანი თურქეთს გადასცა და დღემდე მის მფლობელობაშია.

სარჩევი

არტაანის ეკლესია

ახლანდ. ქ. არდაგანიდან 10 კმ მოშორებით, სოფელ თუქრაშენთან, პატარა ბორცვზე მდებარეობს არტაანის ძველი ქართული ეკლესია (X ს.). ეკლესია ნაგებია ჰორიზონტალური რიგებით, სხვადასხვა ფერის, ერთმანეთთან კარგად მიჯრილი თლილი ქვით, ფასადები სადაა. გეგმით, ეკლესია წარმოადგენს მარტივ სწორკუთხედს, რომელიც აღმოსავლეთით ღრმა, ოდნავ ნალისებური მოხაზულობის აფსიდით სრულდება. დარბაზი ერთი წყვილი პილასტრით, ნახევარსვეტით, ორ არათანაბარ ნაწილად იყოფა. ეკლესიის ერთადერთი შესასვლელი სამხრეთ კედელშია გაჭრილი. შესაძლოა, მას შესასვლელი დასავლეთიიდანაც ჰქონოდა – ამჟამად დასავლეთ ფასადის ცენტრალურ ნაწილი თითქმის მთელ სიმაღლეზეა ჩამორღვეული.

ეკლესიის გადახურვა ჩამოქცეულია, კედლები – დაზიანებული. მისი მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, შემორჩენილი ნაწილები, მარტივი ფორმები, წყობის ხასიათი და პროპორციები X ს. ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების დამახასიათებელი ნიშნების მატარებელია.

დ. ხოშტარია

თხზულებები

ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტერატურა

  • თაყაიშვილი ე., 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში, თბ.,1960;
  • მაკალათია ს., მესხეთ-ჯავახეთი, თბ., 1938;
  • ფუტკარაძე ტ., ცეცხლაძე ნ., არტაანის მხარის სოფლები, ქართველური მემკვიდრეობა, №8, ქუთ., 2004;
  • ჭიჭინაძე ზ., ოსმალოს საქართველო, ანუ აღწერა კლარჯეთისა, ტფ., 1913;
  • ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 3, თბ., 1958.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები