არტანუჯი (ციხე-ქალაქი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა არტანუჯის ციხე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არტანუჯი. ციტადელი

არტანუჯი – ციხე-ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ისტორიულ კლარჯეთში.

სარჩევი

ისტორია

როგორც დასახლებული პუნქტი, ის ჯერ კიდევ ქრისტიანობამდელ ხანაში არსებობდა. კლავდიოს პტოლემაიოსი (ახ. წ. II ს. შუახანი) იხსენიებს იბერიის ქალაქ არტანისას (არტანისსა), რაც ძვ. არტანუჯი უნდა იყოს. [(არსებობს მოსაზრება, რომ პტოლემაიოსის არტანისა არის არტაანი (ს. კაკაბაძე) ან თიანეთის არტანი (ლ. ჭილაშვილი)]. V ს. ბოლოს თუხარისიდან აქ გადმოვიდა ადგილობრივ ერისთავთა რეზიდენცია. ჯუანშერის ცნობით, ვახტანგ გორგასალმა „იხილა კლდე შუა კლარჯეთსა, რომელსა სოფელსა ერქუა არტანუჯი და მოუწოდა არტავაზს, ძუძუსმტესა მისსა, და დაადგინა იგი ერისთავად; და უბრძანა, რათა ააგოს ციხე არტანუჯისა... ხოლო არტავაზ აღაშენა ციხე არტანუჯისა“. VIII ს. ციხე, როგორც ჩანს, მიტოვებული იყო. 810-იან წლებში ის აღადგინა აშოტ I კურაპალატმა. სუმბატ დავითის ძის მიხედვით, „აშოტ კურატპალატმან პოვა კლარჯეთის ტყეთა შინა კლდე ერთი, რომელ პირველ ვახტანგ გორგასალს ციხედ აღეშენა, სახელით არტანუჯი; და აოჴრებულ იყო ბაღდადელისა მით ყრუობითგან. იგი განაახლა აშოტ და აღაშენა ეგრეთვე ციხედ, და წინა-კერძო მისსა ქუეშეთ აღაშენა ქალაქი. და აღაშენა ციხესა მას შინა ეკლესია წმიდათა მოციქულთა – პეტრესი და პავლესი, და შექმნა მას შინა საფლავი თჳსი, და დაემკგდრა ციხესა მას შინა ცხორებად“. ციხის აღდგენას აშოტ კურაპალატის მიერ ადასტურებს გიორგი მერჩულეც. ამის შემდეგ არტანუჯი იქცა აშოტის მემკვიდრეთა სატახტო ქალაქად და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცენტრად. ამ გარემოებისა და ბარეობის გამო ქალაქი სწრაფად დაწინაურდა. კონსტანტინე პორფიროგენეტის აღწერით, ის მსხვილი სავაჭრო ცენტრიც ჩანს.

IX ს. ბოლოდან არტანუჯი დაუმკვიდრდა აშოტ I-ის უფროსი ძის, ადარნასეს შთამომავლებს; რომლებიც „არტანუჯელებად“ მოიხსენიებიან. პირველი, ვინც ეს წოდება მიიღო, იყო ადარნასეს ძე სუმბატ მამფალი (გ. 889). მის შემდეგ არტანუჯს ფლობდნენ მისი ძე, ბაგრატ მამფალი (889-909) და ბაგრატის ძე გურგენი (909-923). გურგენს გარდაცვალებისას მემკვიდრე არ ჰყოლია (მისი ძე, ისიც სახელად გურგენი, მამის სიკვდილის შემდეგ დაიბადა) და არტანუჯი მისი ძმის, აშოტის (კონსტანტინე პორფიროგენეტის მიერ კისკასად წოდებულის), ხელში გადავიდა. ამავე დროს კლარჯეთის მთავარი ციხე-ქალაქის დაუფლებას ესწრაფოდა მისი სიძე (ასულის ქმარი) – ენერგიული და დაუნდობელი გურგენ ერისთავთ-ერისთავი. მისი შიშით აშოტმა, რომელიც, ეტყობა, მებრძოლი სულით არ გამოირჩეოდა, არტანუჯი ერთხანს ბიზანტიის იმპერატორსაც კი გადასცა და ციხეში ბერძენი მხედართმთავრის, კონსტანტი პატრიკიოსის, სამასკაციანი რაზმი შეუშვა. ამას ბაგრატიონთა მხრიდან მძაფრი პროტესტი მოჰყვა და იმპერატორმა გართულებების თავიდან ასარიდებლად თავისი რაზმი ციხიდან გაიყვანა. არტანუჯი ისევ აშოტ კისკასს დაუბრუნეს, მაგრამ გურენმა მალევე წაართვა ის სიმამრს და თავად დაისაკუთრა. 941 წ. გურგენი უძეოდ გარდაიცვალა და არტანუჯი დარჩა მის ცოლს, რომელიც ამასთანავე აშოტ კისკასის ასული და კანონიერი მემკვიდრე იყო. მაგრამ ბაგრატიონებმა დაუშვებლად მიიჩნიეს ქალის მიერ ციხის ფლობა, ძალით ჩამოართვეს მას არტანუჯი და აშოტ კისეასის ბიძაშვილს, სუმბატ ერისთავთ-ერისთავს (გ.988) გადასცეს. სუმბატისგან ციხე მემკვიდრეობით მიიღო მისმა ძემ ბაგრატმა, რომელმაც მამის გარდაცვალების მერე სულ ორმოცი დღე იცოცხლა, შემდეგ კი ბაგრატის ძემ სუმბატმა. 1010 წ. მეფე ბაგრატ III–მ სუმბატ არტანუჯელი ძმასთან ერთად ფანასკერტში დარბაზობაზე მიიწვია და ციხეში გამოამწყვდია. ერთი წლის შემდეგ იგი გარდაიცვალა. სუმბატის მემკვიდრე კონსტანტინოპოლში გაიქცა, დარჩენილმა კლარჯმა ბაგრატიონებმა პატიმრობაში დალიეს სული. არტანუჯი მეფის საკუთრება გახდა.

ამის შემდეგ არტანუჯმა ნაწილობრივ დაკარგა უწინდელი პოლიტიკური როლი, თუმცა დარჩა მნიშვნელოვან ქალაქად. ის ხშირად იხსენიება XI ს. მოვლენების ამსახველ ქართულ მატიანეებში. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობით, 1080 წ. ქალაქი გადაწვეს თურქ-სელჩუკებმა. XIII ს-იდან ა. ათაბაგთა გამგებლობაში იყო. 1553 წ. ათაბაგ ქაიხოსრო II-ს ა. ერზერუმის მმართველმა, ისქენდერ ფაშამ წაართვა. ვახუშტის თქმით, „...არს არტანუჯი, ქალაქი მცირე და ციხე მაგარი, კეთილშენი“.

შუა საუკუნეების ბოლომდე ქალაქის მოსახლეობა, როგორც ჩანს, დიდწილად ქართული იყო. XVII-XVIII სს. არტანუჯელი ქართველების უმეტესობა გამაჰმადიანდა, ნაწილმა კათოლიკობა მიიღო. ამავე ხანებიდან იწყება აქ კათოლიკე სომხების ჩამოსახლება. XIX ს. შუა ხანებში ისინი, სომხურენოვანი რიტის კათოლიკე ქართველებთან ერთად (სტატისტიკა მათ არ ასხვავებდა), არტანუჯში უკვე აშკარა უმრავლესობას შეადგენდნენ.

ქალაქმა, რომელიც ამჟამად ილჯეს ცენტრია, მცირეოდენ შეცვლილი ფორმით შეინარჩუნა ძველი სახელწოდება – არდანუჩი (Ardanuç). დღევანდელი არტანუჯი მკაფიოდ იყოფა ორ ნაწილად, რომლებიც ერთმანეთისაგან ორიოდე კმ. დაშორებული. ახ. უბანი (Yeni ardanuCi Yeni Ardanuç) გაშენებულია XX ს. არტანუჯისწყლის მარჯვ. დაბალ ნაპირზე, შედარებით სწორ ადგილას. ძვ. უბანი (ესკი არდანუჩი, Eski Ardanuç მას უწოდებენ ადაქალეს, Adakale) მდებარეობს მდინარის მარცხენა ნაპირზე აღმართული გრანდიოზული კლდოვანი მთის ვრცელ, დამრეც ბაქანზე. ეს არის ისტორიული ქალაქი არტანუჯი, რომელსაც ზღუდე ერტყა (ახლა მისგან მხოლოდ ფრაგვენტებია შემორჩენილი). მის ზემოთ იწყება გაშიშვლებული პოტალო კლდე თითქმის ვერტიკალური კალთებით. კლდის თავზე დგას ციხე — არტანუჯის ისტორიული ყველაზე თვალსაჩინო მატერიალური ნაშთი. მას უჭირავს კლდის მთელი ზედა მოედანი, რომელსაც სამხრეთ-ჩრდილოეთის ღერძზე ძლიერ წაგრძელებული ფორმა აქვს და ციტადელიც, შესაბამისად, სიგრძეშია გაჭიმული დაახლოებით 220 მ-ზე სიგანე ყველაზე ფართო ადგილას 55 მ აღწევს. ციხის კედლები რელიეფის მოხაზულობას მიჰყვება, მრუდხაზოვანია. როგორც ჩანს, ციცაბო კლდე ისეთ საიმედო დაცვას უზრუნველყოფდა, რომ კედლებში კოშკების ჩართვა საჭიროდ არ მიუჩნევიათ – მათი კეალი არსად ჩანს. ციხის სათავდაცვო სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ბუნებრივი გამოქვაბულები, რომლებიც ცისეს გვირაბებით უკავშირდება. ბოლო დრომდე შემოინახა გადმოცემა, რომ საიდუმლო გვირაბი ციხიდან არტანუჯისწყლამდეც ჩადიოდა, რაც უზრუნველყოფდა ციხის წყლით მომარაგებას ხანგრძლივი ალყის დროს.

არტანუჯის დარბაზული ეკლესია

ციხის შიგნით ახლა რამდენიმე შენობის უმნიშვნელო ნაშთი განირჩევა. მათი არქიტექტურული სახისა და დანიშნულების გარკვევა შეუძლებელია შედარებით მეტი რამ შემორჩა ციტადელის შუა ნაწილში მდგარი ეკლესიისაგან. ის მომცრო დარბაზული ნაგებობაა თანადროული მინაშენით ჩრდ. იდან. მოგვიანებით მას იმავე ჩრდ. მხრიდან კიდევ ერთი სათავსი მიადგეს, ხოლო დასავლეთიდან – ერთგვარი ნართექსი. ახლა შენობის დასავლეთ მხარე თითქმის მთლიანად დანგრეულია. აღმოსავლეთით კედლები მეტწილად 2-3 მ სიმაღლეზე შემოინახა. ჩანს საკურთხევლის აფსიდის სარკმელი. შესასვლელები ძირითად ნაწილსაც და ჩრდილოეთის სათავსსაც, როგორც ჩანს, დასავლეთიდან ჰქონდა. გადახურვისაგან არაფერი შემორჩა.

ეკლესია ნაგებია ადგილობრივ მოპოვებული მოთეთრო-სპილოსძვლისფერი მკვრივი კლდოვანი ქვით, რომელიც უხეშად არის დატეხილი. ქვები უმეტესად თითქმის დაუმუშავებელია, შემთხვევითი ფორმისა. დიდრონი ღრიჭეები მათ შორის წვრილი ნატეხებით შეუვსიათ. ძირითადად დიდი ქვებია, ზოგიერთი მათგანის ზომა 1X2 მ აღწევს. არანაირი კვეთილი შემკულობა არ ჩანს. შიგნით კედლები შელესილი იყო და ალბათ მოხატულიც. ერთგან შემორჩა წითელი და ლურჯი პიგმენტის კვალი.

სტილისტური ნიშნებით ნაგებობა IX ს. შეიძლება მიეკუთვნოს. ის უნდა იყოს აშოტ კურაპალატის მიერ 810-20-იან წწ. (ციხის განახლების შემდეგ) აგებული წმ. პეტრესა და წმ. პავლეს ეკლესია, რომელსაც იხსენიებს სუმბატ დავითის ძე. ამ ეკლესიაში დაკრძალეს თავად აშოტი, ვერაგულად მოკლული 826 წ. 29 იანვარს.

ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია

ქალაქის უძველესი ნაგებობაა ადაქალეს ჩრდილოეთ კუთხეში მდგარი ეკლესია. ის აგებულია კლდოვან კონცხზე, რომელიც არტანუჯისწყლის ღრმა ხეობას გადაჰყურებს. ტაძრის ჩრდილოეთ კედლიდან ქარაფამდე ათიოდე მეტრია. შენობა დგას სპეციალურად მოსწორებულ და ნაწილობრივ სუბსტრუქციით ამოშენებულ კლდოვან ბაქანზე.

ეკლესია ამჟამად თითქმის მთლიანად დანგრეულია. შემორჩა მისი ჩრდილოეთ კედელი და დასავლეთ კედლის ჩრდილეთ ნაწილი 0.4 – 0.9 მ სიმაღლეზე, ერთი უზარმაზარი ქვა ნაგებობის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში, სამხრეთ კედლის შუა ნაწილი (ის ახლა უცნაური სვეტივით აღიმართება დაახლოებით 5 მ-ზე) და სამკვეთლოს ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლები. შესაძლოა, გადარჩენილია შიდა კედლების ქვედა ნაწილებიც, მაგრამ მათ მთლიანად ფარავს ნაყარი ქვები და მიწა. შენობის არქიტექტურული სახის წარმოდგენა შეიძლება მხოლოდ ძველ ავტორთა – დ. ბაქრაძის, პრ. უვაროვასა და, პირველ რიგში, ნ. მარის – აღწერების მოშველიებით. მათ შენობას შეუდარებლად უკეთეს მდგომარეობაში მოუსწრეს, თუმცა უკვე მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული. დგინდება, რომ ეკლესია იყო ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობა მართკუთხა გეგმით. ცენტრალურ კვადრატს უკავშირდებოდა ოთხი მკლავი: ერთი აფსიდური – აღმოსავლეთისა – და სამი მართკუთხა. მკლავებშორის არეებს ავსებდა უფრო დაბალი სათავსები, რომლითაც გარედან თითო ქანობი ხურავდა. ამათგან დასავლეთის წყვილი თავისებურად იყო გადაწყვეტილი – დასავლეთის მკლავს სათავსები კედლებით გამოეყოფოდა (სამხრეთ-დასავლეთ კუთხის ოთახს ამ კედელში კარი ჰქონდა, მოგვიანებით ამოქოლილი), ხოლო განივი მკლავებისაკენ ისინი მთლიანად იხსნებოდა თაღებით, რომლებიც სათავსთა სივიწროვის გამო არსებითად, დიდ კარებს წააგავდა. ვიწრო და გრძელი იყო პასტოფორიუმებიც, რომლებიც თითო კარით უკავშირდებოდნენ შესაბამის განივ მკლავებს. სამკვეთლოს დღემდე შემონახულ კარს შიგნით თაღი აქვს, მკლავისკენ – ზღუდარი. აფსიდები პასტოფორიუმებს არა ჰქონია. საკურთხევლის აფსიდაში იყო ორი სარკმელი: ერთი – მეორის ზემოთ. თითო დიდი სარკმელი იყო სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის მკლავებში. ეკლესიას ჰქონდა ორი ფართო შესასვლელი – ერთი დასავლეთის მკლავიდან, მეორე – სამხრეთ-დასავლეთი კუთხის სათავსიდან. გარდა ამისა, იყო კიდევ ერთი კარი სამხრეთი კედლის შუაში, სხვა ორ კარზე გაცილებით დაბლა. აქედან ჩადიოდნენ ეკლესიის იატაკის ქვეშ მდებარე კრიპტაში. რამდენადაც სუბსტრუქცია ამ ადგილას არცთუ ისე მაღალია, უნდა ვივარაუდოთ, რომ კრიპტა ნაწილობრივ კლდეში იყო ნაკვეთი ან, რაც უფრო სარწმუნოა, მოიცავდა ბუნებრივ მღვიმეს.

ეკლესიის გუმბათის შესახებ რაიმეს თქმა შეუძლებელია – XIX ს. ბოლოს ის უკვე მთლიანად ჩანგრეული იყო.

ქვაზე კვეთილი შემკულობიდან ნ. მარი ასახელებს მხოლოდ ეკლესიის შესასვლელთა ზღუდარებზე გამოსახულ ჯვრებს (გასათვალისწინებელია, რომ სარკმლები მას უკვე თავმორღვეული დახვდა – შესაძლოა, ყოფილიყო თავსართებიც). ისინი მკრწალად განირჩევა ფოტოსურათზედაც სამხრეთი კარის თავზე გამოკვეთილი ჯვარი უფრო დიდია, აქვს თანაბარი სიგრძის მართკუთხა მკლავები და ჩასმულია მრგვალ მედალიონში, რომელსაც შემოწერს დიდი ნახევარწრიული თავსართი მოკლე ვადანაკეცებით. ჯვარი და თავსართი ოდნავ არის ამოწეული ფონიდან, მათი შემომწერი კონტურის ღარი კედელშია ჩაჭრილი. იგივე ითქმის დასავლეთის კარის ზღუდარის კომპოზიციაზედაც, ოღონდ ჯვარი აქ უფრო პატარაა და სადა. ექსტერიერის მხატვრული სახის შექმნაში არსებით როლს ასრულებდა უზარმაზარი ლოდების საფასადო წყობა. ისინი გამოყენებული იყო კედლების ქვედა ნაწილებში (დაახლოებით 4 მ-მდე). სხვადასხვა კონფიგურაციის, ძალზე ზოგადად დამუშავებული ქვები შეძლებისდაგვარად მორგებული იყო ერთმანეთზე, თუმცა, ცხადია, არამჭიდროდ, რჩებოდა დიდი ღრიჭეები. ფასადთა ზედა ნაწილებზე საპირე წყობას ქმნიდნენ გაცილებით უფრო პატარა, თანაბარზომიერი, უხეშად დამუშავებული ქვები, რომლებიც 30-40 სმ სიმაღლის რიგებად იყო დალაგებული. ინტერიერის წყობა, მეტწილად ასევე საშუალო ზომის ქვებით ამოყვანილი, ხარისხით ჩამოუვარდებოდა საფასადოს. ალბათ, თავიდანვე ივარაუდებოდა კედლების შიგნიდან შელესვა (ნ. მარმა ადგილზე ნახა ბათქაშის ფრაგმენტები და ერთგან – მოხატულობის მკრთალი კვალიც). დამახასიათებელია, რომ ასეთივე უხეშად დატეხილი, არასწორზედაპირიანი ქვებით არის გამოყვანილი სამკვეთლოს კარის შემორჩენილი თაღიც. სუფთად თლილი ქვები, როგორც ჩანს, არსად უხმარიათ.

არტანუჯის ეკლესიის კომპოზიცია (ჯვრული სტრუქტურა გამოცალკევებული სათავსებით ოთხსავე კუთხეში) უკავშირდება ჯვარგუმბათოვანი თემის ერთ-ერთ ვარიანტს, რომელიც ქართულ ხუროთმოძღვრებაში წარმოდგენილია ტაო-კლარჯეთის კიდევ ორი ნაგებობით – დადაშნისა (X ს.) და დოლისყანის (937-958) ეკლესიებით. დათარიღებისათვის მნიშვნელოვანია მასალის დამუშავებისა და გამოყენების ხასიათი. ასეთ დიდ, უხეშად გათლილ ქვებს ქართველი მშენებლები უპირატესად X ს. ხმარობდნენ. მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილებიც (კერძოდ, თაღი) ნატეხი ქვითაა გამოყვანილი, თარიღი უფრო IX ს-ისკენ გადააქვს. ამასვე გვიჩვენებს ეკლესიის რელიეფური დეკორიც – ის უფრო განუვითარებელია, ვიდრე X ს. I ნახ-ისა და შუა ხანების კლარჯეთის სხვა გუმბათიანი ტაძრებისა (ხანცთა, ოპიზა, დოლისყანა). ამ ნიშნების გათვალისწინებით არტანუჯის ეკლესია IX-X სს. მიჯნას უნდა მიეკუთვნოს.

ჯამე

ძველ უბანში, პირველი ეკლესიიდან მცირეოდენ მოშორებით, იდგა მეორე ეკლესიაც, რომელიც გვიანი შუა საუკუნეებისათვის დაინგრა. მის ადგილას 1864 წ. არტანუჯის იმდროინდელმა მმართველმა, სულეიმან-ფაშამ ააგო ისქენდერ-ფაშას (1553 წ. არტანუჯის დამპყრობლის) ჯამე – მართკუთხა შენობა ხის გადახურვით. მასში ჩართულია ეკლესიის კედლების ნაშთები. გარდა ამისა, ჯამეს მშენებლობისას უხმარიათ ეკლესიის ქვებიც. ჯამეს ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ნ. მარმა ნახა თავდაყირა ჩადგმული ორსტრიქონიანი ფრაგმენტი ქართული წარწერისა. მასზე იკითხებოდა:

წ(ი)ნ(ა)მძღ(უა)რს
და მ(ის)სა დას

ამჟამად წარწერა აღარ ჩანს.

დ. ხოშტარია

ლიტერატურა

  • ხოშტარია დ., კლარ-ჯეთის ეკლესიები და მონასტრები, თბ., 2005;
  • ჯობაძე ვ., ადრეული შუა საუკუნეების ქართული მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში, თბ., 2007.
  • Марр Н., Дневник поездки в Шавшию и Кларджию, წგ.: Георгий Мерчул, Житие св. Григория Хандзтийского, Грузинский текст, Введение, издание, пер. Н. Марра, Тексты и разыскания по армяно-грузинской филилигии, кн. VII, СПБ., 1911.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები