არტემისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არტემისი.
ლეკითოსის ფერწერა (ძვ. წ. 490 წ.), სანკტ-პეტერბურგი, ერმიტაჟი

არტემისი(ბერძნ.) ოლიმპიური პანთეონის უმნიშვნელოვანესი ღვთაება. ნადირობის ქალღმერთი. ცხოველთა, მცენარეთა, აგრეთვე ქორწინებისა და მშობიარეთა მფარველი. ზევსისა და ლეტოს ასული, აპოლონის ტყუპისცალი. მას რომაელებმა დიანა შეარქვეს.

მრავალი მითი, ქანდაკება და ფერწერული გამოსახულება წარმოგვიდგენს არტემისს მოკლე კაბითა და ფეხებზე მჭიდროდ შემოკრული სანდლებით რომ მირბის ტყეთა სიღრმეში. მას ხელთ უპყრია მშვილდი ან ოროლი. უკან მისდევენ მწევრები და მშვენიერი ნიმფები. ტყეთა დედოფალი ხან ირემს დაიჭერს ბუჩქებში რომ რქებით გაბმულა, ხან ათასწლოვანი ხის ფუღუროში მძვინვარე ტახებს ჩაუსაფრდება. ხიბლავს ტყის ჩრდილი, მინდვრის სურნელება, ნაკადულების სიგრილე. ხანდახან იგი იდუმალი გზა-ბილიკებით მიუძღვება თავის თანამგზავრებს პარნასოსის მწვერვალებისაკენ, სადაც მისი ძმა აპოლონი უკრავს კითარაზე, ხოლო მუზები საამურად მღერიან.

არტემისი. კრატერის ფერწერა (ძვ.წ. 570 წ.), ფლორენცია, არქეოლოგიური მუზეუმი

ძმასავით მშვენიერს არც არასოდეს უფიქრია ქორწინებაზე და ათენას მსგავსად „მარადქალწულ ღვთაებად“ დარჩა. არტემისს მეტსახელად უწოდებდენ „უბიწოს“. საყოველთაოდ იყო ცნობილი, რომ იგი ნებას არ რთავდა მამაკაცებს, ეხილათ მისი სიშიშვლე. ამის დასტურია მითი მონადირე აქტეონზე.

აპოლონის მსგავსად არტემისი მოწყალეც არის და დამსჯელიც. სასტიკია იგი მათ მიმართ, ვინც ხელყოფს ღმერთთა კანონებს (მელეაგროსი, ნოიბე), მაგრამ საოცრად შემწყნარებელია მათი, რომლებიც უნებლიედ ემსხვერპლებიან ხოლმე მოვლენებს (იფიგენია).

არტემისს თაყვანს სცემდნენ, როგორც ნაყოფიერების ქალღმერთსაც. მას უძღვნიდნენ წყაროებს, მდინარეებსა და ჭაობებს, რადგანაც მათგან ეძლეოდა მოსავალი მიწას. არტემისის მადლი გადმოდიოდა ცხოველებსა და მცენარეებზე, აგრეთვე ბავშვებზე, რადგანაც იგი იყო მათი მფარველი. არტემისი კეთილმოწყალე ღვთაებად ითვლებოდა. მას ავედრებდნენ ახლობელთა ჯანმრთელობას. მის სურნელოვან საკურთხევლებზე ქალწულები აწყობდნენ თმათა კულულებს, დედოფლები კი ქორწინების დღეს – სათამაშოებს.

ყურადღებას იპყრობს არტემისის მსგავსება ქართულ ღვთაება დალისთან, რომელიც ქართულ ტრადიციაში ნადირთა დედოფლად არის წარმოდგენილი. ამ ორ ღვთაებას მრავალი რამ აქვთ საერთო: სილამაზე, ფუნქციები, ტაბუ, დამსჯელი ხასიათი და სხვა. დალის კულტი გავრცელებული იყო კავკასიის სხვა ხალხებშიც.

არტემისის წმინდა ფრინველად ითვლებოდა მწყერი. საგაზაფხულო გადაფრენის დროს მწყერთა გუნდები ისვენებდნენ კუნძულ ორტიგიაზე (ორტიგია ქართულად „მწყერთა კუნძულს“ ნიშნავს), იქ, სადაც იშვა მარადქალწული ღვთაება.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები