არტისტული კაფეები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არტისტული კაფეები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში - 1918-1921 წწ. საქართველოს/თბილისის კულტურისათვის მოკლე, მაგრამ მშვენიერი ეპოქა დგება; ეს პერიოდი, სახელოვნებო-კულტურული თვალსაზრისით, ექსპერიმენტის, ხელოვნების ფუნქციის გადააზრების, ახალი ენის შექმნის დინამიკური დროა. 1918 წლიდან უფრო გაიხსნა სახელოვნებო საზღვრები - საქართველოში დამკვიდრდნენ პოლონელი, სომეხი, გერმანელი მხატვრები, პოეტები, რუსეთიდან ჩამოსული ხელოვანები, ქართველი მოდერნისტები და ავანგარდისტები; ტატიანა ნიკოლსკაია წერს: „შემოქმედებითი ძალების სიმრავლემ საქართველოს დედაქალაქი ევროპული კულტურის ცენტრად აქცია“. თბილისი იმჟამად მართლაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და რუსეთის ავანგარდის ერთ-ერთ ცენტრად ჩამოყალიბდა. აქ იწყება მოდერნისტული და ავანგარდული არტისტული კაფეების ეპოქა - ხმაურიანი პროცესი უცნაური რიტორიკით.

ამ კაფეებში მიმდინარეობს მოდერნისტულ-ავანგარდული ცხოვრება - პოსტრეალისტური ესთეტიკური „ამბოხი“, ახალი ენის შექმნისთვის, ხელოვნების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა; ის გამოჰყავთ უტილიტარული ფუნქციიდან, სწორხაზოვნებიდან, ნატურალიზმიდან. გაიხსნა არტისტული კაფეები, რომლებიც არა მხოლოდ შეკრების ადგილი, არამედ კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი ცენტრიც იყო. აქ იკრიბებოდნენ მწერლები და პოეტები, იმართებოდა ლექციები და პოეზიის საღამოები, თეატრალური წარმოდგენები თუ სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ საქართველოში კაფეთა ცხოვრებას წინ უსწრებდა საოჯახო სალონებისა და თბილისური დუქნების არსებობა.

1917 წელს გაიხსნა საქართველოში პირველი კაფე „ფანტასტიკური სამიკიტნო“. თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე პატარა ოთახი თხუთმეტამდე ადამიანს იტევდა. კაფე-კლუბი იური დეგენისა და სანდრო კორონას ინიციატივით გაიხსნა. სივრცე მთლიანად მოხატული იყო ლ. გუდიაშვილის, სერგეი სკრიპიციანის, პეტრაკოვსკის, იური დეგინისა და იაკობ ნიკოლაძის მიერ.

კაფე იმ დროს მოღვაწე ხელოვანთა თავშეყრის ადგილი იყო. სამ წელიწადში 200-მდე ლექცია წაიკითხეს. კლუბის ხშირი სტუმრები იყვნენ ცისფერყანწელები, ასევე, ილია ზდანევიჩი, იგორ ტერენტიევი, ალექსანდრე კრუჩიონიხი, იური დეგენი, სოფია მელნიკოვა და სხვ.

1918 გაიხსნა „არგონავტების ნავი“, სივრცე მოხატეს ლ. გუდიაშვილმა, კირილე ზდანევიჩმა და ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვმა. კაფე აკმეისტების შეკრების ადგილი იყო. ამ კაფე-კლუბების გარდა, თბილისში მდებარებდა „ფარშევანგის კუდი“, მოხატული ზიგა ვალიშევსკისა და კირილე ზდანევიჩის ფრესკებით. „ჭიქა ჩაი“, „ძმური ნუგეში“, „ქართული კლუბი“, „იმედი“, „ინტერნაციონალი“, „ანონა“, რომელიც ცისფერყანწელთა შეკრების ადგილად იქცა და სახელიც შეეცვალა, კაფე „ქიმერიონი“, მოხატული სერგეი სუდეიკინის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, 20-იან წლებში კი - მ. და ი. თოიძეების მიერ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრესასა თუ იმ დროს მოღვაწე ხელოვანთა შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია თბილისური კაფე-კლუბების ცხოვრებას, იქ გამართულ საღამოებს.

ნანა ყიფიანი

ლიტერატურა

  • ივ. გომართელი, მალშტრემი. ჟურ. თეატრი და ცხოვრება, 1924, N9;
  • B. K e r d i m u n, Kirill Zdanevich and Cubo-Futurism: Tiflis, 1918-1920, Catalogue of the exhibition of Ilia Zdanevich, New York, 1987;
  • N. K i p i a n i, The Great Experiment, ArtForum International, 2013;
  • N. K i p i a n i, B. T s i p u r i a, Cubist Influence in Georgia: Cubo-Futurism, Kirill Zdanevich, David Kakabadze. Jour. ARS 47, Bratislava (2014);
  • ს. სიგუა, H2SO4-დან „მემარცხენეობამდე“;
  • Т. Никольская, „Фантастический город“, Русская культурная жизнь в Тбилиси (1917-1921), Мос., 2000;
  • Т. Никольская, Авангард и окрестности, СПБ., 2002;
  • ს. სიგუა, კულტუროლოგიის საფუძვლები, ნაწ. III, თბ., 2012;
  • Г. Робакидзе, Грузинский модернизм, 1918, ჟურ.ARS, N1;
  • მ. ციციშვილი, ნ. ჭოღოშვილი, ქართული მხატვრობა - განვითარების ისტორია: XVIIIXX საუკუნეები, თბ., 2013;
  • K. S h a v g u l i d z e, „AvantGarde“ of Georgian Theater, conference MODERNISM IN GEORGIA: REDRAWING THE BOUNDARIES, Columbia university/Harriman Institute, NYC, 2010;
  • მ. ჩიხრაძე, თბილისი 1910-1921 წლებში, ელ. ჟურ. ARS GEORGICA,სერია.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები