ლაისტი არტურ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა არტურ ლაისტი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არტურ ლაისტი

ლაისტი არტურ - (1852, ბრესლაუ - 1927, ქ. თბილისი) - გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, ქართველოლოგი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაამთავრა ბრესლაუს უნივერსიტეტი. 1881 წელს გაიცნო ფ. ბოდენშტედტი და დაინტერესდა აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიით, კერძოდ, საქართველოთი. შეისწავლა ქართული ენა. დაუკავშირდა ნ. ნიკოლაძეს, დ. ერისთავს, ა. წერეთელს, ი. მეუნარგიას, ი. ჭავჭავაძეს და სხვებს. 1884 წელს ილია ჭავჭავაძემ მოიწვია საქართველოში. სამშობლოში დაბრუნებულმა, საქართველოს შესახებ გამოსცა წიგნი „საქართველოს ბუნება, ადათ-წესები და მოსახლეობა“, რომელიც პოლონურადაც ითარგმნა. ერთი წლის შემდეგ კვლავ ჩამოვიდა საქართველოში და, ი. ჭავჭავაძისა და ი. მაჩაბლის დახმარებით, დაიწყო „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნა, რომელიც 1890 წელს დრეზდენსა და ლაიფციგში გამოქვეყნდა. 1887 წელს გამოსცა ქართული პოეზიის ანთოლოგია გერმანულ ენაზე. 1892 წელს საცხოვრებლად გადმოდის საქართველოში. 1904 წელს გამოიცა მისი ნაშრომი „ქართველი ხალხი“, რომელიც მრავალ ევროპულ ენაზე ითარგმნა. ა. ლაისტს ეკუთვნის მოთხრობები: „ქეთევანი“, „ვარო“, „ვარიპანიძიაანთ ნინო“; ავტობიოგრაფიული მოთხრობა „რუდოლფ ბოლტის სამოგზაურო ცხოვრება“, „მოგზაურის დღიური“.

1918 წელს არტურ ლაისტი ივანე ჯავახიშვილის რეკომენდაციით მოიწვიეს თბილისის უნივერსიტეტში გერმანული ენის ლექტორად. უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს 1918 წლის 17 იანვრის სხდომის ოქმის თანახმად, თავდაპირველად პროფესორი ლაისტი მხოლოდ უფროს ჯგუფთან ლექციების წაკითხვას დათანხმდა, თუმცა პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, უსახსრობის გამო, შეუძლებელი იყო ერთ საგანში ორი ლექტორის მოწვევა და უმცროს ჯგუფთანაც ლექციების წაკითხვა მას უნდა ეკისრა თავზე.

1922 წელს საქართველოში აღნიშნა ა. ლაისტის მოღვაწეობის 40 წლის იუბილე.

მანანა ლილუაშვილი

ლიტერატურა

  • კ. გამსახურდია, „რჩეული თხზულებანი:, ტ. VI, თბ., 1963;
  • შ. რევიშვილი, არტურ ლაისტი და ქართული ლიტერატურა, „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში, თბ., 1967, №1;
  • ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები, 1917-1926“, თბ., 2006.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი
ევროპიელის აზრი ჩვენს ლიტერატურაზედ

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები