არჩილ II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არჩილ II

არჩილ II – შაჰ-ნაზარ-ხანი (1647-16.04.1713, ქ. მოსკოვი), იმერეთისა და კახეთის მეფე, პოეტი, ქართლის მეფე ვახტანგ V-ისა და დედოფალ როდამ ბარათაშვილის ძე. მეფობდა იმერეთში 1661-1663 წწ., კახეთში – 1664-1675 წწ., კვლავ იმერეთში – 1678-1679 წწ., 1690-1691 წწ., 1695-1696 წწ., 1698 წ.

სარჩევი

ბიოგრაფია

ქართლის მეფე, ვახტანგ V-მ, რომრლიც საქართველოს გაერთიანებისთვის იბრძოდა, დასავლეთ საქართველოში წარმატებული ლაშქრობის შემდეგ 14 წლის არჩილ II იმერეთის ტახტზე დასვა (1661). ვახტანგის ამგვარმა ქმედებამ დაარღვია ირან-ოსმალეთის 1639 წ. ზავი, რომლის ძალითაც დასავლეთ საქართველო ოსმალეთის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველო ირანის ვასალად ითვლებოდა. ოსმალთა პროტესტისა და ირანის მთავრობის მოთხოვნით ვახტანგ V-მ არჩილ II ირანში გაგზავნა (1663), სადაც მუსლიმობა მიაღებინეს, შაჰ-ნაზარ-ხანი უწოდეს და კახეთის მეფედ დასვეს (1664) (წყაროები ზუსტ ცნობას არ გვაწვდიან, მაგრამ სავარაუდოა, რომ 70-იანი წლებიდან არჩილ II კვლავ ქრისტიანია). ამ აქტით ქართლისა და კახეთის სამეფოები ფაქტობრივად გაერთიანდა. არჩილ II მამასთან შეთანხმებულად მართავდა კახეთს და მათი პოლიტიკა თანამიმდევრული იყო, ქვეყანა ეკონომიკურად მოღონიერდა, განახლდა ეკლესიები და მონასტრები, ნაწილობრივ მოხერხდა ლეკთა თარეშის შეჩერება.

არჩილ II-მ, კახეთის ტახტზე განმტკიცების მიზნით, 1667 წ. ცოლად შეირთო კახეთის მეფის, თეიმურაზ I-ის შვილიშვილი ქეთევანი. კახეთის დედაქალაქი გრემიდან თელავში გადაიტანა და ენერგიულად შეუდგა სამეფოს აღორძინებას. არჩილ II-ის პოლიტიკით უკმაყოფილო ირანის შაჰმა მეფის ტახტი თეიმურაზ I-ის შვილიშვილს, ერეკლე ბატონიშვილს (შემდგომში ერეკლე I, ნაზარ ალი-ხანი) აღუთქვა. არჩილ II-მ 1675 წ. დატოვა კახეთი და მამასთან შეუთანხმებლად იმერეთის ტახტისათვის დაიწყო ბრძოლა.

1678 წ. არჩილ II-მ ისარგებლა იმერეთის მეფესა და მთავრებს შორის გამწვავებული ურთიერთობით, სურამს მივიდა, მიიმხრო დადიანი და იმერლები და ტახტი დაიკავა, მაგრამ ერთი წლით, ვიდრე არზრუმის ფაშა იმერეთის ტახტს კვლავ ბაგრატ IV-ს გადასცემდა. 1681 წ. არჩილ II ოჯახთან ერთად რუსეთში გაემგზავრა და 3 წელი ასტრახანში დაყო.

1683 წ. არჩილ II თავისი ძმის, – გიორგი XI-ის – მოწვევით რუსეთიდან დაბრუნდა და კვლავ დაიწყო იმერეთის ტახტისათვის ბრძოლა. ამჯერად არჩილ II-ს სულთანმა დაუჭირა მხარი და 1690 წ. მან შეძლო გამეფება, მაგრამ ისევ ერთი წლით. ამის შემდეგ არჩილ II კიდევ ორჯერ ავიდა იმერეთის ტახტზე, თუმცა ვერ შეინარჩუნა იგი და 1699 წ. რუსეთში გაემგზავრა, საიდანაც სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. იმავე წლიდან არჩილ II დასახლდა მოსკოვის მახლობლად სოფელ ვსესვიატსკოეში. 1700 წ. პეტრე I-მა არჩილ II-ს მამულები უბოძა – ტენიუშევის, ბელგოროდსკისა და ლისკოვსკის „ვოლოსტები“. პოლიტიკურად იმედგაცრუებულმა და სამშობლოს მოცილებულმა არჩილ II-მ მთელი თავისი ენერგია, ცოდნა და ნიჭი მოახმარა კულტურულ-საგანმანათლებლო და ლიტერატურულ მოღვაწეობას და სამართლიანად დაიმკვიდრა ქართველი განმანათლებლობის მესაფუძვლის სახელი. 1703 წ. არჩილ II-მ დააარსა ქართული სტამბა, რომელშიც 1705 წ. დაიბეჭდა „დავითნი“, და შეუდგა სრული ქართული ბიბლიის ბეჭდურად გამოცემის უმნიშვნელოვანეს საქმეს. მან შეაგროვა ბიბლიის სხვადასხვა ნუსხა, შეუდარა სლავურ ტექსტს, სლავურიდან თარგმნა ქართულ ენაზე არარსებული ისო ზირაქისა და მაკაბელთა წიგნები. მის მიერ მომზადებული მასალა, შემდგომში ვახუშტი ბატონიშვილის რედაქტირებულ-გასწორებული და შევსებული, გამოსცა ბაქარმა (1743). ქართული სტამბის გამართვის საქმეში არჩილ II-ს გვერდში ამოუდგა მისი ძე, ალექსანდრე ბატონიშვილი, რომელმაც შვედეთში ტყვედმყოფმა იქაურ მესტამბეებს დაამზადებინა ქართული შრიფტი. რუსეთში ყოფნის პერიოდში არჩილ II ეწეოდა ნაყოფიერ ლიტერატურულ და მთარგმნელობით მოღვაწეობას. მან გალექსა „ვისრამიანი“, ქართულად თარგმნა ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრების ამსახველი თხზულება „ალექსანდრიანი“, ისტორიული ხასიათის შრომა „ხრონოღრაფი“, უკრაინელი მოაზროვნის, პეტრე მოგილას ტრაქტატი „აღსარება მართლისაჲ სარწმუნოებისჲ“. არსებობს მოსაზრება რომ არჩილ II-ს უნდა ეკუთვნოდეს სლავურიდან სვინაქსარული კრებულის, „პროლოგის“ თარგმანი. მასვე ეკუთვნის რუსეთის ხელისუფლების თხოვნით შედგენილი საქართველოს პოლიტიკურ-გეოგრაფიული აღწერა და საქართველოს პირველი რუკა, რომელიც მან 1703 წ. შეადგინა.

ლიტერატურული მემკვიდრეობა

არჩილ II-მ მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა დატოვა. მისი შემოქმედების ასპექტები მრავალსახოვანია და იგი ნამდვილად არის ახალი ლიტერატურული მიმართულების, ახალი საწყისის მეთაური ქართულ პოეზიაში. არჩილ II გვევლინება ისტორიულ-ეროვნული თემატიკის ბრწინვალე ოსტატად, „მართლის თქმის“ პრინციპის დამამკვიდრებლად, მშობლიური ენის სიწმინდისთვის მებრძოლად, დიდაქტიკოსად და მორალისტად. მთელი მისი შემოქმედება ეფუძნება ქრისტიანულ მრწამსს, იგი არის ქართული მწერლობის ტრადიციების გამგრძელებელი და ამავე დროს ნოვატორი, მისი მსოფლმხედველობა სრულქმნა რუსთაველისა და თეიმურაზ I-ის ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ. თითქმის ყველა ნაწარმოებით („საქართველოს ზნეობანი“, „გაბაასება კაცისა და სოფლისა“, „მეფეთა საქებელნი და სამხილებელნი“, „საქებელნი და სავედრებელნი ღმრთისმშობლისანი“, „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა“, „ლექსნი ასეულნი“, „ლექსნი ასდაათნი“ და სხვ.) არჩილ II ებრძვის ბოროტებას, უზნეობას, ქიშპს, უვიცობას; მკვეთრად უპირისპირდება იმხანად მოძალებულ სპარსოფილურ ტენდენციებს; ამკვიდრებს ქრისტიანულ-ზნეობრივ, პატრიოტულ, განმანათლებლურ პრინციპებს; აანალიზებს ეროვნულ ხასიათსა და ცნობიერებას.

„გაბაასება კაცისა და სოფლისა“ არჩილ II-მ 37 წლის ასაკში ასტრახანში ყოფნის დროს დაწერა. არჩილ II-ის მიხედვით, სოფელი მუდამ აცდუნებს კაცს, ის ბოროტი და დაუნდობელია. ავტორი სოფლის პირით გადმოსცემს კაცთა სისუსტეს, სიხარბეს, ამპარტავნებასა და მოუთმენლობას. იგი ამის მთავარ მიზეზად სარწმუნოების სისუსტესა და კაცთა გაუნათლებლობას ასახელებს: დამნაშავე ყოველთვის ადამიანია, მან ვერ მოიხმარა ღვთის საბოძვარი და სოფელს დაემონა. ადამიანებში ქრისტიანული მრწამსის სისუსტე მეფე პოეტს კაცთა უბედურების სათავედ მიაჩნია.

„საქართველოს ზნეობანი“ არჩილ II-მ პრაქტიკულ სახელმძღვანელოდ შექმნა „რათა ყოველნი ერისკაცნი ესრეთ იქცეოდნენ“. ადამიანს, სრულყოფილ პიროვნებად რომ იქცეს, მტკიცედ უნდა ჰქონდეს შეთვისებული ფიზიკური – მორალური და გონებრივი ხასიათის ზნეობანი. არჩილ II-ს გაუთვალისწინებია სოციალური, ოჯახური და ინდივიდუალური ცხოვრების ყველა სფერო და ჩამოყალიბებული აქვს იდეალი კაცისა, რომლის აუცილებელი ნიშან-თვისებებია: განსწავლულობა, ანუ სიბრძნე, ფიზიკური გაწვრთნილობა, სარწმუნოებრივი და ზნეობრივი სრულყოფა. მისი აზრით, ადამიანის ზნეობრივი დაცემა მხოლოდ პირადი უბედურება როდია, არამედ საზოგადოებისა და ერის ტრაგედიაა. თავის მოქალაქეობრივ მოვალეობად არჩილII-ს მიაჩნია ერის დამოძღვრა. მისი დიდაქტიკა ეფუძნება ქრისტიანულ მორალს. მას ქართველთა დაქსაქსულობის, პოლიტიკური და სოციალური წარუმატებლობის მიზეზად სწორედ სარწმუნოებისადმი გულგრილობა მიაჩნია, რამაც ზნეობრივი დაცემა განაპირობა. „საქართველოს ზნეობანი“ ერთგვარი თავმოყრაა ყველა იმ საუკეთესო თვისებისა, რაც ქართველებმა ისტორიის განვითარების გზაზე შეითვისეს. არჩილ II აღნუსხავს მათ, როგორც მომავლის განმსაზღვრელ საგანძურს. „საქართველოს ზნეობანი“, ისევე როგორც არჩილის სხვა დიდაქტიკური თხზულებები – „ლექსნი ასეულნი“, „ასნი ორმუხლნი შაირნი“, „ლექსნი ასდაათნი“, „კაცს უთხარ“, „იამბიკონი“ – ზნეთსწავლულობის სახელმძღვანელოდ არის შექმნილი. არჩილი ერის დამონებას უმთავრეს უბედურებად მიიჩნევს. მისი აზრით, თეიმურაზის დროს სპარსთა დამარბეველი თარეში გახდა ქართველთა დაქსაქსულობის, გაუტანლობისა და საქვეყნოზე მაღლა ვიწრო, პირადული ინტერესების დაყენების მიზეზი. ამაღლებულ ზნეობათა ჩამონათვალს თან სდევს ქართველთა ზნედაცემულობის მხილება: „ვერ ხედავთ, მარტო ჩვენს ჟამში რამდენი ავი რამ იქნა? რა ცრუ ფიცობა, რა ზაკვა, უნამუსობა, რა ლიქნა?“.

არჩილ II-ს ეკუთვნის ქართველთა სახასიათო თვისების ფორმულად ქცეული განსაზღვრება:
„ასე სჭირს საქართველოსას დიდებულო, გინა მცირეთა,
აზვავდებიან, იტყვიან: უჩემოდ ვინ იმღერეთა“.

არჩილ II ცდილობს, გამოაფხიზლოს თავისი თანამედროვე საზოგადოება, აარიდოს იგი შურს, ბოროტებას, ამპარტავნებას. ზნეობრივი გადაგვარებისგან ხსნა მხოლოდ ქრისტიანულ ზნეობის განმტკიცებითაა შესაძლებული. საერთოდ, არჩილ II-ს ქართველთა მძიმე ყოფიდან ხსნის გზად მიაჩნია ღვთისა და ამქვეყნიური სიბრძნის ათვისების გზა. მისთვის ღვთიური სიბრძნე დასაბამია ყოველგვარი ცოდნისა და სიკეთისა. იგი მკითხველსაც მოუწოდებს, დაეუფლოს სიბრძნის ამ მთავარ წყაროს: „კითხვა საღვთოთა წერილთა გონებას განანათლებსა“, – ამბობს მეფე-პოეტი.

არჩილ II-ის ყველაზე დიდი ნაწარმოებია „თეიმურაზიანის“ სახელით ცნობილი „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა“. სწორედ ამ დიდ ისტორიულ პოემაში ჩამოაყალიბა არჩილ II-მ „მართლის თქმის“ პრინციპი. პოემაში ერთმანეთს ებაასებიან რუსთაველი და თეიმურაზ I. მასში აღწერილია საქართველოს მდგომარეობა XVII ს. I ნახ-სა (თეიმურაზის ეპოქა) და XII ს. II ნახ-ში (თამარის ეპოქა). რუსთაველი ისმენს თეიმურაზს I-ის ტრაგიკულ ცხოვრებას. მეფის თავგადასავლის თხრობა და საქართველოს მდგომარეობის აღწერა ზედმიწევნით დეტალურია. ავტორი გადმოგვცემს მრავალ ისტორიულ მოვლენას, რომელიც სხვა წყაროებიდან არ არის ცნობილი. ამ მხრივ ეს პოემა არა მარტო დიდი პოეტური ქმნილებაა, არამედ საუკეთესო საისტორიო წყაროდაც უნდა ჩაითვალოს.

არჩილ II-მ და მისი ოჯახის უახლოესმა ადამიანმა, არქიმადრიტმა ლავრენტიმ, რომრლიც საქართველოდან გაჰყვა მეფეს, დიდი წვლილი შეიტანეს მოსკოვოს დონის მონასტრის მშენებლობაში. არჩილ II-ის თხოვნით მონასტრის წინამძღვრად 1705 წ. დანიშნული არქიმანდრიტი ლავრენტი პრაქტიკულად ხელმძღვანელობდა სამონასტრო მშენებლობას. სწორედ ეს მონასტერი გახდა მოსკოვში მყოფ ქართველთა მთავარი სამლოცველო და მეფის საგვარეულოს განსასვენებელი ადგილი. აქ დაკრძალა არჩილ II-მ თავისი ვაჟი, გენერალი ალექსანდრე ბატონიშვილი, აქვე გადმოასვენეს ადრე გარდაცვლილი და ნოვოდევიჩის მონასტერში დაკრძალული არჩილ II-ის უმცროსი ვაჟები – დავითი და მამუკა. 66 წლის ასაკში გარდაცვლილი არჩილ II-ც ამ მონასტერში შვილების გვერდით დაკრძალეს.

ლ.წერეთელი
ქ. ნადირაძე

თხზულებები

არჩილიანი (თხზულებათა სრული კრებული), ივ. ლოლაშვილის, ლ. კეკელიძის და ლ. ძოწენიძის გამოც., თბ., 1999.

ლიტერატურა

  • ასათიანი ნ., კახეთი არჩილ II-ის მეფობის დროს (1664-1674), კრებ.: „საქართველო და აღმოსავლეთი“, თბ., 1984;
  • ბარამიძე რ., არჩილ ბაგრატიონი, თბ., 1983;
  • ტატიშვილი ვ., ქართველები მოსკოვში, თბ., 1947.

იხილე აგრეთვე

არჩილ II

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები