ასათიანი ნუგზარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნუგზარ ასათიანი

ასათიანი ნუგზარ - (1937 წლის 16 ივლისს, ქუთაისი - 1992 წლის 2 აპრილი), ხმლით მოფარიკავე. XVIII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ ტურნირში (1964, ტოკიო), XVII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1960, რომი. მეოთხედფინალი), მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1965), ორგზის მეორე (1961, 63) და მესამე პრიზიორი (1962), სტუდენტთა მსოფლიო თამაშების მეორე პრიზიორი (1961), სსრკ ჩემპიონი პირად (1961) და გუნდურ შეჯიბრებებში (1960-64), სსრკ თასის ოთხგზის მფლობელი (1960-68). სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.

ტოკიოს XVIII ოლიმპიური თამაშები

ნუგზარ ასათიანი (მარჯვნივ)
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში

ეს ამბავი მოხდა 1964 წლის 23 ოქტომბერს, ტოკიოში, ვასედას უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში, ხმლით მოფარიკავეთა ოლიმპიური გუნდური ტურნირის ფინალურ შეხვედრაში. იმ დღის გმირად ნუგზარ ასათიანი აღიარეს ­ პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ფარიკაობაში. ის ყველაზე მეტჯერ, თექვსმეტჯერ გამოვიდა ტოკიოს საფარიკაო ბილიკზე და ასევე ყველაზე მეტ - ათ შეხვედრაში იმარჯვა, მათ შორის ფინალში სამი ბრძოლა მოიგო. ნუგზარმა საბჭოთა ნაკრების სხვა წევრებთან ერთად ოქროს მედალი მიიღო. ქართველ მოფარიკავეთა პირველი დიდი გამარჯვებები 1960­იანი წლებით თარიღდება. ნუგზარ ასათიანი, გურამ კოსტავასთან ერთად, იმ თაობის აღიარებული ლიდერი იყო - მან რთულ კონკურენციაში მოიპოვა ოლიმპიადაში გამოსვლის უფლება, მაგრამ გადამწყვეტი ბრძოლები უშუალოდ ტოკიოში ელოდა.

ოლიმპიური მედლებისთვის ბრძოლაში 13 ქვეყნის ნაკრები ჩაება. საბჭოთა მოფარიკავეები ფინალში იტალიელებს დაუპირისპირდნენ. ერთ მხარეს დადგნენ ნუგზარ ასათიანი, უმარ მავლიხანოვი, იაკობ რილსკი და მარკ რაკიტა. მეორე მხარეს - ვლადიმირო კალარეზე, ჩეზარე სალვადორი, ჯამპაულო კალანჩინი და პიერლუიჯი ჩიკა. ასათიანის თანაგუნდელთა შორის ყველაზე ტიტულიანი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი იაკობ რილსკი იყო, მეტოქეთაგან – ვლადიმირო კალარეზე, რომის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი. იტალიელთაგან სწორედ ეს უკანასკნელი აღმოჩნდა ყველაზე მრისხანე მებრძოლი, ფინალურ ეტაპზე მან ოთხივე მეტოქეს მოუგო, მათ შორის ნუგზარ ასათიანსაც. ფინალის დასკვნით შეხვედრაში საფარიკაო ბილიკზე ასათიანი კალანჩინის დაუპირისპირდა. საერთო ანგარიში 8:7 იყო საბჭოთა ნაკრების სასარგებლოდ. თუ ქართველი მოიგებდა, მისი გუნდი ოლიმპიური ჩემპიონი ხდებოდა.

ასათიანმა ყველაზე საპასუხისმგებლო შეხვედრაში რკინის ნებისყოფა და დარტანიანის ოსტატობა გამოავლინა: „იტალიელი უხერხული მეტოქე გამოდგა. მოულოდნელ გაგრძელებებს ირჩევდა, იბრძოდა ძალზე სწრაფ ტემპში. იმდენად ვღელავდი, რომ შეხვედრის მსვლელობა დაწვრილებით აღარ მახსოვს. როცა გავიმარჯვე, ჩვენი გუნდის წევრები სარბიელზე გადმოცვივდნენ, მეხვევიან, მილოცავენ. ჩემს ბედნიერებას საზღვარი არა აქვს. ვიყურები მოწინააღმდეგისკენ, მას საფარიკაო ნიღაბი მოუხსნია, ისმენს თანაგუნდელების დამამშვიდებელ სიტყვებს, თვალები კი ცრემლით აქვს სავსე. მე მესმის მისი, მინდა მივუახლოვდე, ხელი ჩამოვართვა, მაგრამ არა ღირს. ასეთი წუთები მეც გამომიცდია და მწარე გამოცდილებით ვიცი, რომ ამ დროს სპორტსმენს არავის დანახვა არ უნდა.”





იხილე აგრეთვე

ნუგზარ ასათიანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები