ასამბლიაჟი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუიზ ნეველსონი. ზეციური ტაძარი, 1958; შავად შეღებილი ხის კონსტრუქციის ასამბლაჟი, 3.44X3.05X0.46 მ. ახალი ხელოვნების მუზეუმი (MOMA), ნიუ იორკი

ასამბლიაჟი– ერთი ახალი სახელოვნებო მიმართულება, რომელიც XX საუკუნის მეორე ნახევარში განვითარდა იყო ასამბლიაჟი - განსხვავებული, შეუთავსებელი ელემენტების კომბინირებით, ნაწარმოების აწყობის ხელოვნება. 1950 წლისთვის, ლუიზ ნეველსონი (Louise Nevelson, 1899-1988) უკვე ქმნიდა ანალიტიკური კუბიზმით შთაგონებულ, ასამბლიაჟის სხვადასხვა ვერსიებს. მანჰეთენის დაუნთაუნში ხეტიალისას, იგი აგროვებდა გადაყრილ შესაფუთ კოლოფებს, რომლებშიც ფრთხილად ანთავსებდა სკამის ფეხებს, ცოცხის სახელურს, მცირე ზომის კარადის კარებს, ჩარხის მბრუნავ ლილვებს და ხის ნაკეთობათა სხვა ნარჩენებს. ცალკეული ელემენტების რაობის დასამალად, ის ასამბლაჟებს მქრქალი შავი ფერით ღებავდა, რაც ხელს უწყობდა როგორც მათ ფორმალურ გაერთიანებას, ისე საიდუმლო ატმოსფეროს შექმნას. სტუდიის კედელთან ამ ყუთების დალაგებისას, ნეველსონი მიხვდა, რომ ერთად ისინი ბევრად უფრო მძლავრ შთაბეჭდილებას ახდენდა, ვიდრე ცალ ცალკე და კედლის ისეთი მონუმენტური ასამბლიაჟების შექმნას შეუდგა, როგორიცაა 1958 წლით დათარიღებული ზეციური ტაძარი. ახალ სქემაში ნეველსონს ყველაზე მეტად ის მოსწონდა, რომ მას ისევე შეეძლო ჩვეულებრივი სივრცის სრული გარდაქმნა, როგორც მის მიერ გამოყენებულ, ყოფით ელემენტებს ხელოვნების ნიმუშებად ქცევა. პოეტური განზომილების შესამატებლად, პირველი ჩვენებისას, ნეველსონმა ზეციური ტაძარი რბილი ლურჯი შუქით გაანათა, რასაც მთვარის ნათების ასოციაცია უნდა შეექმნა. ნეველსონის მსგავსად, ვიზუალური არტისტები: ჯასპერ ჯონსი (Jasper Johns, დ. 1930), რობერტ რაუშენბერგი (Robert Rauschenberg, 1925-2008) და კომპოზიტორი ჯონ ქეიჯი (John Cage, 1912-1992) მათ გარშემო არსებულ სამყაროს კი არ წარმოგვიდგენდნენ, არამედ ცნობიერად შემოჰყავდათ ის თავის ხელოვნებასა და მუსიკაში და ამგვარად, განსაკუთრებული ტიპის ასამბლაჟებს ქმნიდნენ. ქეიჯი, რომელიც გარკვეულ ხანს ჩრდილოეთ კაროლინაში, ნეშვილის მახლობლად მდებარე, ბლექ მაუნთინის კოლეჯში (Black Mountain College) სწავლობდა, იკვლევდა ისეთი მუსიკის შექმნის იდეას, რომელშიც მისი გარემომცველი სამყაროს სხვადასხვა ხმები იქნებოდა ჩართული. 1952 წელს ქეიჯმა "დაწერა" მუსიკალური კომპოზიცია 4’33’ (4 წუთი 33 წამი). პრემიერაზე, რომელიც ნიუ იორკში, ვუდსთოკში შედგა, სცენაზე გამოსული პიანისტი 4 წუთისა და 33 წამის განმავლობაში ჩუმად იჯდა როიალთან, შემდეგ ინსტრუმენტის თავი დახურა, რითიც მიანიშნა, რომ წარმოდგენა დასრულებული იყო. სინამდვილეში ნამუშევრის ჟღერადობას ის ხმაური შეადგენდა, რაც დარბაზში 4 წუთისა და 33 წამის მანძილზე იდგა: ხველება, შრაშუნი, ჩურჩული. შესაბამისად, წარმოდგენის ყოველ ახალ ჯერზე კომპოზიცია იცვლებოდა, ყოველ ახალ სცენასა თუ აუდიტორიაში ის ახალ ხმებს და მნიშვნელობებს იკრებდა და ამგვარად, სულ სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციებისთვის იყო გახსნილი. ჯონსიც და რაუშენბერგიც ნაპოვნ, შეუთავსებელ ობიექტებსა და გამოსახულებებს რთავდნენ თავიანთ ასამბლიაჟებში, რათა შეექმნათ ხელოვნების ისეთი სახვითი ნიმუში, რომელსაც ერთდროულად, ღია დასასრულიც ექნებოდა და მრავალგვარი მნიშვნელობაც.

რობერტ რაუშენბერგი. კანიონი, 1959; ზეთი, ფანქარი, ქაღალდი, ლითონი, ფოტოგრაფია, ქსოვილი, ხე ტილოზე, ღილები, სარკე, არწივის ფიტული, ბაწრით შეკრული ბალიში, საღებავის ტუბი, ლიცენზირებულია VAGA-ს მიერ, ნიუ იორკი

რაუშენბერგი ტექსასში აღიზარდა, ნიუ იორკში კი 1947 წელს იმისთვის გადავიდა, რომ ეხატა. ბლექ მაუნთინ კოლეჯში ის ქეიჯთან და დე კუნინგთან ერთად სწავლობდა და "ცხოვრებისა და ხელოვნების ზღვარზე მუშაობის" შესაძლებლობებს იკვლევდა. 1951 წელს, რაუშენბერგმა კაშკაშა შუქით განათებული, სუფთა, თეთრი სურათების სერია გამოფინა. მის არსს ტილოზე დაცემული მაყურებლის ჩრდილი წარმოადგენდა. ეს ნამუშევარი, ქეიჯის მიერ მომდევნო წელს შექმნილი, 4’33"-ის ზუსტი ვიზუალური პარალელი იყო. 1955-1960 წლებში რაუშენბერგმა შექმნა ნამუშევრების სერია, რომელსაც ცომბინეს უწოდა. ეს იყო ფერწერისა და ქანდაკების კომბინაციები, რომელთა შესაქმენლად არატრადიციული სახელოვნებო მასალები გამოიყენებოდა. ნამუშევარში კანიონი ჩართულია ძველი ოჯახური ფოტოები, საზოგადოებრვი გამოსახულებები (თავისუფლების ქანდაკება), პოლიტიკური პლაკატის ფრაგმენტები (ცენტრში), ნაყიდი ან ნაგვიდან ამოღებული სხვადასხვაგვარი ნივთები (ფოლადის გაბრტყელებული დოლი, ზედა მარჯვენა კუთხეში), სამგანზომილებიანი ფორმები, მაგ., ყუთზე ჩამომჯდარი არწივის ფიტული (მეგობრის საჩუქარი) ან ხის ნაჭერზე ბაწრით ჩამოკიდებული ჭუჭყიანი ბალიში. ამ არეულობას, რომელიც კიდევ უფრო გამძაფრებულია საღებავის თითქოსდა დაუდევარი მონასმებით, ნანახის მნიშვნელობაზე უნდა დაეფიქრებინა მაყურებელი. ეს ნამუშევარი სხვადასხვაგვარ წაკითხვაზე იყო გათვლილი, ამიტომ რაუშენბერგმა ისეთი მასალა შეკრიბა, რომლის ინტერპრეტირებას თითოეული მნახველი თავისებურად შეძლებდა. მხატვარი ხალისით იღებდა თანამედროვე ქალაქისათვის დამახასიათებელ ქაოსსა და არაპროგნოზირებადობას და მათ მეტაფორულ გამოხატულებას ხელოვნებაში ეძიებდა. "წარმატებულად მხოლოდ მაშინ ვთვლი თავს" ამბობდა იგი, "როდესაც ვქმნი რაღაც ისეთს, რაც ძალიან ჰგავს იმ წესრიგის ნაკლებობას, როგორსაც მე განვიცდი". 1961 წელს, ახალი ხელოვნების მუზეუმმა მოაწყო გამოფენა სახელწოდებით - The Art of Assemblage (ასამბლაჟის ხელოვნება). რობერტ რაუშენბერგი, ორ უმნიშვნელოვანეს ამერიკელ ხელოვანთაგან ერთ-ერთი იყო, ვინც მასში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს. მეორე, მისი ახლო მეგობარი და დრო და დრო საყვარელი, სამხრეთელი ჯასპერ ჯონსი იყო. 1950-იანი წლების მანძილზე, მარსელ დიუშანის მაგალითით შთაგონებული ჯასპერ ჯონსი, თანამედროვე ხელოვნების პრობლემებთან უშუალოდ დაკავშირებულ, გონისმიერ, დამაბნეველ ნამუშევრებს ქმნიდა. სამიზნე თაბაშირის ფორმებით - რომელიც არც მხატვრობაა და არც ქანდაკება, არამედ ორივე ერთად - შეეხება ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც შესაძლოა, თავად მხატვრის შფოთვებისა და შიშებიდან მომდინარეობდეს. ორგანულ მთლიანობას მოკლებული, ადამიანის სხეულის თაბაშირის ნაწილები სამიზნის თავზე, ისეთივე უშინაარსო და ცარიელია, როგორც თავად სამიზნე. მოძრავი სარქველების საშუალებით, მაყურებელს შეუძლია დახუროს ყველა ან რამდენიმე ის კოლოფისმაგვარი ჩაღრმავება, რომლებშიც ადამიანის სხეულის თაბაშირის ნაწილებია მოთავსებული და ამგვარად, დაასრულოს დეპერსონალიზაციის პროცესი და სრულად ან გამორჩევით წაშალოს აქ ადამიანის მყოფობის კვალი. ფრაგმენტული ან ნაწილობრივ დაფარული სხეულის ნაწილებისა და მკაფიოდ გამოხატული სამიზნის შეპირისპირება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჯონსის, როგორც გეი ხელოვანის პოზიციის კონტექსტში, რომელიც ცივი ომის დროინდელი ამერიკის შემზღუდავ და ხშირად, პარანოიდალურ ატმოსფეროში იყო გამოხატული. მტკიცედ მდუმარე, მაგრამ თამამად გამოხატული მხატვრის პირადი იდენტობა სურათში მოუხელთებელი და ნაწილობრივ შენიღბული რჩება, ის უსაფრთხოდაა დაშორებული ცენტრს, სამიზნეს. 1950-იანი წლების ბოლოსა და 1960-იანი წლების დასაწყისში, რამდენიმე თეატრალური ღონისძიების ფარგლებში ჯონსის, ქეიჯისა და რაუშენბერგის თანამშრომლობამ დროით სივრცეში განავრცო ასამბლიაჟის იდეა. ქეიჯი მუსიკას წერდა, ჯონსი და რაუშენბერგი კი დეკორაციებს ქმნიდნენ და ხანდახან მონაწილეობდნენ კიდეც დადგმებში. ისინი მუშაობდნენ მერს ქანინგჰემის ცეკვის კომპანიაში, რომელიც ისეთ, ყოველდღიურ ქმედებებზე დაფუძნებული ცეკვების დადგმაზე სპეციალიზდებოდა, როგორიცაა მაგ., ავტობუსის მოლოდინი ან გაზეთის კითხვა. წარმოდგენამდე მონაწილეეები ერთმანეთს არ ატყობინებდნენ თუ რის გაკეთებას აპირებდნენ სცენაზე. სპონტანურობის წყალობით, ეს წარმოდგენები ლეგენდად იქცა.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები