ასკლეპიოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ასკლეპიოსი. ბარელიეფი (ძვ.წ. 360 წ.), ათენი, ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი

ასკლეპიოსი(ბერძნ.) მკურნალობის ღვთაება, აპოლონისა და კორონისის ძე. რომში ასკლეპიოსს უწოდებდნენ ესკულაპიუსს.

მართალია, მეფის ასული კორონისი აპოლონის მეუღლე არ ყოფილა, მაგრამ მისგან იყო ფეხმძიმედ. მან გაბედა და ვიღაც მოკვდავის სარეცელი გაიზიარა. განრისხდა აპოლონი და ისრით განგმირა მოღალატე. კორონისის სხეული კოცონზე რომ იფერფლებოდა, აპოლონმა თვალი მოჰკრა ახალშობილ ასკლეპიოსს და ალიდან ამოიტაცა. მისი აღზრდა დაავალა ბრძენ ქირონს, რომელმაც ღმერთის ძეს მკურნალობის ხელოვნება შეასწავლა. ასკლეპიოსი ისე დაოსტატდა ამ საქმეში, რომ დაიწყო მიცვალებულთა გაცოცხლება. მიწისქვეშეთის ღმერთმა ჰადესმა აღშფოთება ვერ დამალა და ოლიმპოსის მაღალ მბრძანებელს ჩვეული წესრიგის აღდგენა მოსთხოვა. ზევსმა დადგენილი კანონების უგულებელყოფისათვის ელვით განგმირა ასკლეპიოსი. შეურაცხყოფილად იგრძნო თავი აპოლონმა და ამოხოცა კიკლოპები, ის ცალთვალა გოლიათები, რომლებმაც ელვა დაუმზადეს ზევსს.

ასკლეპიოსის მეუღლე იყო ეპიონე, რომელმაც შვა ორი ვაჟი: მაქაონიდა პოდალირიოსი (ტროელ გმირთა მკურნალები) და ორი ქალიშვილი: ჰიგიეა (აქედან შეიქმნა ტერმინი ჰიგიენა) და პანაკეა (პანაცეა, ყოვლისმკურნალი).

ასკლეპიოსს განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ ეპიდავროსში, სადაც მდებარეობდა მათი ტაძარი და სადაც განუწყვეტლივ მოდიოდა ხალხი განკურნების იმედით. ასკლეპიოსის სიმბოლო იყო გველი, რომელსაც მსხვერპლს სწირავდნენ.

ძვ.წ. V საუკუნიდან მოყოლებული ასკლეპიოსს ძველი საბერძნეთის სხვა ადგილებშიც სცემდნენ თაყვანს (კოსი, პერგამონი). ხელოვნებაში მას წვერებიან, ახოვან მამაკაცად წარმოსახავდნენ გრძელი მოსასხამით. ასკლეპიოსს ხელთ ეპყრა კვერთხი, რომელზეც გველი იყო შემოხვეული. თასს შემოხვეული გველი დღესაც მედიცინის სიმბოლოდ ითვლება.

ასკლეპიოსის გამოსახულება გვხვდება რელიეფებზე. მისი თავი (ქანდაკების ნაწილი), რომელიც ნაპოვნია კუნძულ მელოსზე, დღეს ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები