ასპინძა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასპინძა - უძველესი დასახლებული პუნქტი, მდებარეობს ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მდ. ოთას შესართავთან. მოხსენიებულია სუმბატ დავითის ძის ქრონიკაში (IX ს.).

სარჩევი

ისტორია

1551 წ. სამცხის ათაბაგის ქაიხოსრო II ჯაყელის მიწვევით სპარსეთის შაჰმა, თამაზ I-მა, სამცხის ციხეები აიღო (ადრე ლუარსაბ I-ის მომხრეებს ეკავათ, მათ შორის – ასპინძაც) და ქაიხოსროს გადასცა. ასპინძა შემდეგ ხშირად მოიხსენიება „მესხური დავითნის ქრონიკაში“, ოსმალთა მძლავრობის ხანაში საათაბაგოში ატეხილ შინაფეოდალურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. 1578 წლიდან ოსმალებმა საათაბაგოში თავიანთი წეს-ჩვეულებების დამკვიდრება დაიწყეს. 1595 წ. მთელი სამცხე-საათაბაგო აღწერეს. ამ დროისათვის ასპინძა უკვე სანჯაყის (რაიონის) ცენტრია, 50 კომლი 24 სახის გადასახადს (25000 ახჩას) იხდიდა. 1625 წ. ზაფხულის მიწურულს სამცხეში მყოფმა გ. სააკაძემ ადგილობრივ ფეოდალებთან ერთად გაათავისუფლა იგი ირანელთაგან.

ასპინძის ციხე ადრე შალიკაშვილების გვარს ეკუთვნოდა (ოთის, ვარაზის, ხერთვისის, თმოგვის, ახალციხისა და ახალქალაქის ციხეებთან ერთად), მაგრამ ოსმალებმა ჩამოართვეს. მოგვიანებით ციხე დიასამიძეთა ხელში აღმოჩნდა. რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ასპინძის ციხე შალიკაშვილებმა დაიბრუნეს, მაგრამ შემდეგ გაყიდეს და ოსმალეთში გადაიხვეწნენ.

ერეკლე II რუსეთ-ოსმალეთის ომში (1768) იმ მიზნით ჩაება, რომ ოსმალთა მიერ მიტაცებული სამცხე-საათაბაგო დაებრუნებინა. 1770 წ. 20 აპრილს მეფე ერეკლემ ასპინძასთან ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ლეკ-ოსმალთა გაერთიანებულ 8000-იან ლაშქარზე. ეს ბრძოლა ისტორიას შემორჩა, როგორც ერეკლე მეფის სამხედრო ნიჭისა და ქართველთა გმირობის მაგალითი. 1810 წ. რუსეთის მცდელობა, რომ სამცხე-საათაბაგო ხელში ჩაეგდო, უშედეგო აღმოჩნდა. მაგრამ 1828-1829 წწ., რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ, 1829 წ. ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების თანახმად, ასპინძა ისტორიული სამცხე-საათაბაგოს სხვა ტერიტორიებთან ერთად სამშობლოს დაუბრუნდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. ასპინძა თბილისის გუბერნიის ახალციხის მაზრაში შედიოდა. 1936 წლიდან ასპინძა რაიონის ცენტრია.

ახლანდელი ასპინძის მუნიციპალიტეტში შემორჩენილია ქართული კულტურის მრავალი ძეგლი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვარძია, ვანის ქვაბები, თმოგვი, ხერთვისი, VIII-XV სს. მრავალი ციხე, გამოქვაბული და სხვა ნაგებობა. საკუთრივ ასპინძაში არის ციხე და ორი ეკლესია: „მტკვრისა ზედა ასპინძის თავს და აგარის ბოლოს არის ციხე კლდესა ზედა შენი (ნაშენი) მაგარი“ (ვახუშტი ბატონიშვილი).

ასპინძის ციხე

ციხე დიდებულად არის დაგეგმარებული, კარგად აკონტროლებს შემოგარენზე გამავალ გზებს. აშენებულია დიდი ქვის კვადრებით. აქვს სამი კოშკი: ორი ოთხკუთხედია, ერთი კი – მომრგვალებული. ერთ-ერთ კოშკში ჩატანებულია ციხეში შესასვლელი კარი, ხოლო კლდის ძირში, რომელზედაც ციხე დგას, გვირაბის ჩასასვლელია მდ. ოთისწყლამდე. ციხე მრავალგზის აღდგენილი და განახლებულია.

აგარის წმ. გიორგის ტაძარი

ასპინძის სკოლის ეზოში დგას მცირე დარბაზული ეკლესია, რომელსაც პერანგი აქვს შემოძარცული; გაწმენდის შედეგად გამოჩნდა გათრაშული ქვის კვადრებით აგებული ქვედა ფენა და პერანგის ნაწილი, ასევე კრამიტისა და ანტეფიქსების (სახურავის კიდულის გასწვრივ მოთავსებული მარმარილოს ან კერამიკის სამკაული. ჩვეულებრივ, წარმოადგენს გამოქანდაკებულ მცენარეულ ორნამენტს ან ფანტასტიკური ცხოველის ნიღაბს) ნამტვრევები. ეკლესია დათარიღებულია IX-X სს. (აგარის წმ. გიორგის ტაძარი).

ხვილიშის ეკლესია

მეორე – ხვილიშის ეკლესია, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ცენტრალური გზის პირას დგას. ეს არის ერთნავიანი დარბაზული ეკლესია, ნაგებია უხეშად თლილი ქვისგან. სვეტებში, პილასტრებსა (ნახევარსვეტები) და სარკმლებში, შიგადაშიგ გამოყენებულია სუფთად გათლილი ქვა. ეკლესიას ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან აქვს მინაშენები. სამხრეთის კარნიზზე ასომთავრული წარწერაა: „ქრისტე, შეიწყალე თეოდოტი“. ეკლესია VIII-IX სს-ისაა. ამჟამად რესტავრირებული და მოქმედია.

ხიდი

ასპინძაში შემორჩენილია ძველი ხიდის ქვითკირის ბურჯი, რომლის თავხეებიც, მეფე ერეკლეს ბრძანებით, ასპინძის ბრძოლის წინ გადახერხეს, მტრისათვის უკან დასახევი გზა რომ მოეჭრათ. ამ ადგილს „ერეკლეს ნახიდარს“ უწოდებენ. ასპინძა შედის ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში.

ზ. ქუქციშვილი

თხზულებები

  • ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ.1, თბ., 1955; ტ.4, თბ., 1973;
  • ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წწ. 2-3 თბ., 1951-58.

ლიტერატურა

  • ანდრონიკაშვილი მ., ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან, ტ. 1, თბ., 1966;
  • ასპინძა. სამცხისა და ჯავახეთის საზღვრები. ახალც., 2000;
  • ლომსაძე შ., სამცხე-ჯავახეთი (XVIII საუკუნის შუა ნლებიდან XIX საუკუნის შუა წლებამდე), თბ., 1975;
  • ჯავახეთი. ისტორიულ-ხუროთმოძღვრული გზამკვლევი, თბ., 2000.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები