ასურეთის სამეფო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ასურეთი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასურეთის სამეფო – ძველი სახელმწიფო დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე. ასურეთის სამეფოს ბირთვი აშური იყო, სადაც თითქმის სულ ასურელები ცხოვრობდნენ. ასურეთის პირველი მოსახლეების ეთნიკური შემადგენლობა უცნობია, ხოლო ძვ.წ. 2000 წლიდან ამ ტერიტორიაზე სემიტი-აქადელები ცხოვრობდნენ. აშური მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო, რადგან მასზე გავლით მცირე აზიელი ვაჭრები სამხრეთ შუამდინარეთში გადადიოდნენ და იქაურებთან ვაჭრობდნენ, ასევე შუამდინარელ ვაჭრებსაც აშურის გავლით გადაჰქონდათ საქონელი მცირე აზიაში. ძვ.წ. XVIII საუკუნეში აშური ამორეველთა სამეფოს მეფეს, შამშიადად I-ს ემორჩილებოდა, XVIII საუკუნის შუა ხანებიდან ბაბილონის მეფეს, ჰამურაბის, ხოლო ძვ.წ. XVI-XV საუკუნეებში მითანის მეფეებს.

ძვ.წ. XIV საუკუნის ბოლოს და XV საუკუნის დასაწყისში აშურის მმართველმა, აშურუბალიტ I-მა შექმნა ძლიერი სახელმწიფო და თავის მმართველობას ბაბილონი დაუმორჩილა. მისმა წინაპრებმა „ასურეთის მეფეების“ ტიტული მიიღეს. ძვ.წ. XIV-XIII საუკუნეებში ასურეთის მეფეებმა ჩრდილოეთ მესოპოტამიის დაპყრობა მოახერხეს. დროებითი დასუსტების პერიოდის შემდეგ (ძვ.წ. XII საუკუნე) ისევ დადგა ასურეთის ძლიერების ხანა, როდესაც მეფე ტიგლათფალასარ I გამეფდა (ძვ.წ. XII საუკუნის ბოლო და ძვ.წ. XI საუკუნის დასაწყისი). ტიგლათფალასარ I იბრძოდა ბაბილონში, ჩრდილოეთ სირიაში, ფინიკიაში და სომხეთის მთიანეთში. მისი მმართველობის მეორე ნახევრიდან დაიწყო არამელთა ტომების მოძრაობა ჩრდილოეთ მესოპოტამიაში და ჩრდილოეთ სირიაში. ამ პერიოდში ასურეთი ძალიან დაუძლურდა. მეფეების რეზიდენცია აშურიდან ჯერ კალხაში გადავიდა, შემდეგ კი ნინევიაში.

ძვ.წ. X-IX საუკუნეებში ასურეთის მეფეებმა ნელ-ნელა მოახერხეს მესოპოტამიაში თავიანთი ძალაუფლების აღდგენა და გაძლიერება. ასურული არმიებმა დაიწყეს ლაშქრობები ბაბილონისკენ, ურარტუსკენ, მიდიისკენ და სირიისკენ. სირიასთან ბრძოლა ძალიან ძნელი გამოდგა, რადგან ასურელებს იქ დამასკოს მეთაურობით არამეულ სახელმწიფოთა კავშირის სასტიკი წინააღმდეგობა შეხვდა. ასურელებმა ვერ შეძლეს სირიაზე თავიანთი სტაბილური ძალაუფლების შენარჩუნება და დამასკოს დამორჩილება.

ძვ.წ. IX საუკუნის დასასრულისთვის ასურეთში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, რომლის დასრულების შემდეგ გამეფდა ტიგლათფალასარ III (ძვ.წ. 745-727 წ.), რომელმაც შექმნა ძლიერი არმია და დაპყრობით პოლიტიკას აწარმოებდა, რის შედეგადაც ასურეთმა ასი წლის განმავლობაში თითქმის მთელი ახლო აღმოსავლეთი და ეგვიპტე დაიპყრო. ტიგლათფალასარ III და მისი მემკვიდრეები სალამანასარ V (ძვ.წ. 727-722 წ.) და სინაქერიბი (ძვ.წ.705-680 წ) დაპყრობით პოლიტიკას აწარმოებდნენ, ხოლო სახელმწიფოში მხოლოდ არისტოკრატულ ძალებს ეყრდნობოდნენ. ამას გარდა სინაქერიბმა და სალამანასარ V-მ ასურეთის იმპერიის ქალაქებს წაართვეს დამოუკიდებელი ვაჭრობისა და ქალაქის ზოგიერთი საქმის დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლება. სინაქერიბმა მთლიანად დაანგრია ქალაქი ბაბილონი.

სარგონ II (ძვ.წ. 722-705 წ.) და განსაკუთრებით ასსარგადონი (ძვ.წ. 680-669 წ.) უფრო ლოიალურები იყვნენ ქალაქების მიმართ და ზოგიერთი უფლება აღუდგინეს კიდეც მათ.

ძვ.წ. VIII საუკუნის ბოლოსთვის ასურეთთან ომი დაიწყო ბაბილონის აჯანყებული მეფის, შამაშუმუკინის შექმნილმა კოალიციამ. მეფე აშურბანიფალმა (დაახლ. ძვ.წ. 669–633 წ.) ჩაახშო აჯანყება, მაგრამ ასურეთის ძალები ძალიან დასუსტდა. ასურეთის იმპერია ნელ-ნელა სუსტდებოდა და ძვ.წ. VII საუკუნეში განადგურებულ იქნა ბაბილონისა და მიდიის კოალიციური ძალების მიერ. ამის შემდეგ ასურეთის იმპერია აღარ აღმდგარა.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები