ატალანტე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ატალანტეს თავი. მარმარილო (ძვ.წ. 340-320 წ.წ.), ათენი, ნაციონალური მუზეუმი

ატალანტე(ბერძნ.) არკადიელი გმირის, იასოსის მშვენიერი ასული. სახელოვანი მონადირე ქალი. არგონავტების ლაშქრობისა და კალიდონის ნადირობის მონაწილე.

ატალანტეს სახეში გაერთიანდა ორი გმირი ქალის თვისებები: არკადიელის, რომელიც ითვლებოდა ჩინებულ მოისრედ და ბეოტიელის, რომელიც ცნობილი იყო ფეხთა სიმარდით.

ატალანტეს მამა იასოსი (სხვა ვერსიით, სქოინევსი), კრეტელი მონადირე, ვაჟს ელოდებოდა. ქალი რომ დაიბადა, მთებში წაიყვანა და კალიდონის მახლობლად, პართენიონის ბორცვზე დატოვა. იქ ჩვილს დედა დათვმა აწოვა ძუძუ, მერე კი მონადირემ იპოვა და აღზარდა.

როდესაც კალიდონის მეფე ოინევსმა დიდი ნადირობა მოაწყო, რათა არტემისის მიერ მოვლენილი საზარელი ტახი მოეკლა (კალიდონის ნადირობა), საბერძნეთის ყველა სახელოვანი გმირი იხმო, მათ შორის მშვენიერი არკადიელი ქალწული ატალანტეც. მას უკვე მოესწრო უბადლო მორბენალისა და მოისრის სახელის დამსახურება.

კალიდონის ნადირობაზე მისმა გამოჩენამ მამაკაცებს შორის დიდი მღელვარება გამოიწვია: მათ სანადიროდ ქალის წაყვანა არ სურდათ, რადგანაც ძველთაძველი სამონადირეო წესის მიხედვით ასეთი რამ სასტიკად იკრძალებოდა და გმირებს არ სურდათ მისი დარღვევა. მაგრამ ატალანტე მეფისწულს, მელეაგროსს, შეჰყვარებოდა. მისი მოთხოვნით, ატალანტემაც მიიღო მონაწილეობა კალიდონის ნადირობაში. მან პირველმა დაჭრა ველური მხეცი. მონადირეთა წესის თანახმად, საპატიო ალაფიც მიიღო – ტახის თავი და ბეწვი. მელეაგროსი შეეწირა ამ ნადირობას (მელეაგროსი). ატალანტეს არ სურდა გათხოვება. ხელის სათხოვნელად მისულ საქმროებს მშვენიერი ქალწული სთავაზობდა შეჯიბრს სრბოლაში. იგი, ჯერ წინ გაუშვებდა ჭაბუკს, შემდეგ კი, თხემით-ტერფამდე შეიარაღებული ეწეოდა და შუბს სტყორცნიდა.

როდესაც ყველა მისი ხელის მთხოვნელი გარდაიცვალა, მელანიონმა (სხვა ვერსიით, ჰიპომენესმა) აფროდიტეს შემწეობით შეძლო გამარჯვება და აი, როგორ: სრბოლის დროს მან სამი ოქროს ვაშლი გაუგორა ატალანტეს. ქალწული კრეფდა ამ ვაშლებს. ამიტომაც ჩამორჩა და წააგო ბრძოლა. ატალანტეს მელანიონისგან გაუჩნდა ვაჟი, სახელად პართენოპეოსი (სხვა ვარიანტით, პართენოპეოსის მამა იყო მელეაგროსი).

მითოსის ბეოტიური ვერსიით, ატალანტემ და მისმა მეუღლემ სამადლიერო მსხვერპლი არ შესწირეს აფროდიტეს. განრისხებულმა ღვთაებამ ისინი ლომებად გარდასახა.

გამომსახველობით ხელოვნებაში ატალანტე წარმოდგენილია კალიდონის ნადირობისას (რუბენსი, იორდანსი, პუსენი) და სრბოლისას (რენანი, იორდანსი).


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები