ატენის წეროს ეკლესიის კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია

ატენის წეროს ეკლესიის კომპლექსი - წეროს ეკლესიის კომპლექსი მდებარეობს შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით 10 კილომეტრში მდებარე სოფელ ატენის წეროს ხევის თავში, ატენის სიონის ჩრდილო-დასავლეთით, 2 კილომეტრზე. კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის ეკლესია, დარბაზული ეკლესია და რამდენიმე შენობის ნანგრევი.

სარჩევი

ღვთისმშობლის ეკლესია

ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (10,4X9,3 მ). ნაგებია თლილი ქვის კვადრებით. შენობა ძლიერაა დაზიანებული: მთლიანად დანგრეულია ჩრდილო და დასავლეთ კედელები. შიგნიდან თაღოვანი და გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელები დასავლეთით და ჩრდილოეთითაა. თითო სარკმელი ოთხივე კედელშია. აფსიდის გვერდებზე სწორკუთხა სამკვეთლო და სადიაკვნეა. ორივე სათავსს აღმოსავლეთით თითო სარკმელი აქვს. გუმბათქვეშა თაღები აღმოსავლეთით აფსიდის კედელს ეყრდნობა, დასავლეთით - ცალკე მდგარ ორ ბურჯს, რომლებიც შენობის კედლებს კონსოლებზე დაყრდნობილი თაღებით უკავშირდებიან.

გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა აფრების საშუალებით ხდება. გუმბათის ყელში ოთხი დიდი სარკმელია. გუმბათი შიგნით წრიულია. გუმბათის ყელის შიგნიდან, ფუძესთან, ლილვი შემოუყვება. საკურთხეველში შემორჩენილია აგურით ნაგები მოხატული კანკელის სამხრეთ თაღის ნახევარი. ეკლესიის შიდა შელესილობა ჩამოცვენილია. შენობის სამხრეთ კედელზე ნუსხა-ხუცური წარწერაა, რომელშიც მოხსენიებულია „როსტევან“ (ეკლესიის შემკეთებელი და კანკელის დამდგმელი?).

შენობა დგას ორსაფეხურიან ცოკოლზე. მისი აღმოსავლეთ ნაწილი ამოყვანილია მაღალ საყრდენ კედელზე. საკურთხევლის სარკმელს რელიეფური ნალისებრი თავსართი აქვს.

დარბაზული ეკლესიის ხედი

დარბაზული ეკლესია

(10X5 მ) სავარაუდოდ თარიღდება ფეოდალური ხანით. ნაგებია შირიმისა და ნატეხი ქვით. შენობა დაზიანებულია: ჩანგრეულია გადახურვა და კედლის ზედა ნაწილი. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევრად ელიფსური აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. ეკლესიას ჩრდილოეთით მიშენებული აქვს სწორკუთხა ეგვტერი, რომელსაც კარი დასავლეთით აქვს, სარკმელი - აღმოსავლეთით. ეგვტერის ჩრდილო კედელი ამოკვეთილია კლდეში. ეკლესიის დარბაზი ეგვტერს ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი კარით უკავშირდება.

ეკლესიის სამხრეთ ფასადის დასავლეთ ნაწილში მიშენებულია კარიბჭე. შემორჩენილია მხოლოდ კედლების ნაწილი.

ეკლესიის მახლობლად, წყაროსთან ძველი სასოფლო სამეურნეო ხელოვნური ტერასები და წყალსაცავი ჯებირია.

ბიბლიოგრაფია

1.მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. ატენის ხეობა.-თბ.,1957.-გვ.26-27. მოკლე ცნობები სოფ.წეროს მაღალგუმბათიანი ტაძრისა და სამხრეთ კედელზე შემორჩენილი ნუსხა-ხუცური წარწერის თაობაზე.
2.წეროს ეკლესიის კომპლექსი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.46. ატენის სიონის ჩრდილოეთით აგებული წეროს ხუროთმოძღვრულ კომპლექსში შემავალი განვითარებული ფეოდალური ხანის ჯვარგუმბათოვანი, ღვთისმშობლის სახ.ეკლესიისა და ფეოდალური ხანის დარბაზული ეკლესიის აღწერილობა, წარწერების შინაარსი. მოცემულია ძეგლის განივი განაკვეთი და გეგმა.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები