ატლანტის XXVI ოლიმპიური თამაშები (1996)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ასწლოვანი თამაშები ისტორიული აღმოჩნდა მონაწილე ქვეყანათა რაოდენობით. პირველად მასში მონაწილეობა მიიღო სოკ-ის ყველა წევრი ქვეყნის დელეგაციამ

ატლანტის XXVI ოლიმპიური თამაშები - ზაფხულის XXVI ოლიმპიური თამაშები ჩატარდა 1996 წელს (19 ივლისი - 4 აგვისტო) ატლანტაში.

  • მონაწილე ქვეყანა 197
  • სპორტსმენი 10,318 / 3,512 ქალი / 6,806 კაცი
  • სპორტის სახეობა 26
  • მედლების კომპლექტი 271

ყველაზე მეტი ოქროს მედალი
კაცებში: ჯოშ დევისი (ცურვა, აშშ) 3
ქალებში: ემი ვან დაიკენი (ცურვა, აშშ) 4

წარწერის ტექსტი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 1986 წლის გადაწყვეტილებით, ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიური თამაშები, რომლებიც 1924 წლიდან ერთ წელიწადს იმართებოდა, განცალკევებით უნდა ჩატარებულიყო. ახლებური ათვლა 1994 წლის ალბერვილის ზამთრის ოლიმპიადიდან დაიწყო და 1996 წლის ზაფხულის თამაშებით გაგრძელდა. ვინაიდან თანამედროვე ოლიმპიური თამაშების დაარსებიდან - 1896 წლიდან 100 წელიწადი გასულიყო, საიუბილეო თამაშების მასპინძლობისთვის ბრძოლაში ოლიმპიადების სამშობლო საბერძნეთი და მისი დედაქალაქი ათენიც ჩაება. XXVI ოლიმპიური თამაშებისთვის მთავარი ბრძოლა სწორედ ათენსა და ატლანტას შორის წარიმართა და ამერიკელ ჯორჯიელთა გამარჯვებით და ათენელთა განაწყენებით დასრულდა.

ამერიკული მასშტაბებისა და ოლიმპიური თამაშების არაერთგზის მასპინძლობის გამოცდილების გათვალისწინებით, ატლანტის ოლიმპიადა ერთ-ერთი საუკეთესო უნდა ყოფილიყო, მაგრამ 27 ივლისს, გახსნის საზეიმო ცერემონიიდან ერთ კვირაში ოლიმპიურ პარკში ტერორისტის მიერ აფეთქებულმა ბომბმა მას გარკვეული დაღი მაინც დაასვა (ტერაქტს 2 ადამიანი ემსხვერპლა, 110 - დაშავდა). გარდა ამისა, სოკ-ის წევრები გააღიზიანა ოლიმპიადის გადაჭარბებულმა კომერციალიზაციამ.

საქართველოს პირველი დამოუკიდებელი ოლიმპიური დელეგაცია ატლანტის თამაშების გახსნის ცერემონიაზე (მედროშე - გიორგი კანდელაკი)

ასწლოვანი თამაშები ისტორიული აღმოჩნდა ოლიმპიელთა რაოდენობითაც. მასში მონაწილეობა პირველად მიიღო სოკ-ის ყველა წევრმა ქვეყანამ. მათ შორის იყვნენ ოლიმპიური თამაშების ახალბედები: აზერბაიჯანი, ბურუნდი, გვინეა-ბისაუ, დომინიკა, თურქმენეთი, კაბო ვერდე, კომორი, მაკედონია, ნაურუ, პალესტინა, სან ტომე და პრინსიპი, სენტ კიტსი და ნევისი, სენტ ლუსია, ტაჯიკეთი. ლილეჰამერის ზამთრის ოლიმპიადაზე (1994) დებიუტის შემდეგ, ზაფხულის თამაშებზე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად პირველად გამოჩნდნენ ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი, უკრაინა, უზბეკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და საქართველო. ჩეხოსლოვაკიის გაყოფის შემდეგ დამოუკიდებელად პირველად გამოვიდნენ ჩეხეთი და სლოვაკეთი, ხოლო რუსეთი, როგორც ქვეყანა 1912 წლის შემდეგ დაუბრუნდა ოლიმპიადებს. კვლავაც იუგოსლავიის სახელით გამოვიდნენ მონტენეგრო და სერბეთი. დებიუტი ჰქონდა ბრუნეისაც (1988 წლის თამაშების გახსნას დაესწრო).

გაიზარდა ოლიმპიური პროგრამაც. პირველად გათამაშდა მედლები პლაჟის ფრენბურთში და მაუნთინბაიკში, ხოლო ქალებს საფეხბურთო ტურნირში მონაწილეობის საშუალება მიეცათ. გარდა ამისა, პროფესიონალები დაუშვეს ველოსპორტში, ხოლო ოლიმპიურ საფეხბურთო ტურნირზე გზაგაკვალულ ნაკრებებს გუნდში 3 პროფესიონალის აყვანის უფლება მიეცათ.

ატლანტაში თავისებური რეკორდის ავტორი გახდა ავსტრიელი აფროსანი ჰუბერტ რაუდაშლი. ავსტრიელი პირველია, ვინც 9 ოლიმპიადაზე (1964-1996) იასპარეზა. მისი ოლიმპიური მონაგარი კი მეხიკოსა (1968) და მოსკოვის (1980) ოლიმპიადების ვერცხლის ჯილდოებს ითვლის.

სიგრძეზე ხტომაში ზედიზედ მეოთხე ოლიმპიადაზე ჩემპიონობით და შედეგად 9 ოქროს მედლამდე გაზრდილი მონაგარით, 35 წლის ამერიკელი მძლეოსანი კარლ ლუისი გახდა მესამე ათლეტი, რომელმაც მსგავს შედეგს მიაღწია. ლუისის ამგვარმა წარმატებამ გარკვეულწილად დაჩრდილა მისი თანამემამულის, მაიკლ ჯონსონის მიღწევა, რომელმაც ოლიმპიადების ისტორიაში პირველმა შეძლო 200 და 400 მეტრზე რბენებში გამარჯვება. მათ შორის, 200 მეტრზე მსოფლიოს რეკორდით - 19,32.

200 და 400 მეტრზე რბენაში ჩემპიონობით ყველა დროის ყველაზე წარმატებული ფრანგი მძლეოსანი გახდა მარი ჟო პერეკი, ხოლო 400 მეტრზე გახდა პირველი, ვინც ეს ზედიზედ მეორე ოლიმპიადაზე შეძლო. ატლანტის ოლიმპიურ თამაშებზე ყველაზე მეტი - 4 ოქროს ჯილდო დაისაკუთრა მოცურავე ემი ვან დაიკენმა. 3 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით ამერიკელს მეტოქეობა გაუწია ირლანდიელმა მოცურავე მიშელ სმიტმა. ატლანტური ნადავლით სმიტი დღემდე ყველაზე წარმატებულ ირლანდიელ ოლიმპიელად რჩება.

გამორჩეული იყო თურქი ძალოსნის ნაიმ სულეიმანოღლუს გამოსვლა. სულეიმანოღლუ ატლანტაში ჩემპიონობით გახდა პირველი ძალოსანი, რომელმაც ეს ზედიზედ მესამე ოლიმპიადაზე შეძლო. ოლიმპიურ მედლებს პირველად დაეუფლნენ ოლიმპიადების ახალბედა მონაწილე ქვეყნები: აზერბაიჯანი, ბელარუსი, ბურუნდი, ეკვადორი, მოლდოვა, მოზამბიკი, სლოვაკეთი, სომხეთი, ტონგა, უკრაინა, უზბეკეთი, ყაზახეთი, ჰონგ კონგი და საქართველო.


წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები