აფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა-ფი (აფხ. Аҧы – „მეხი“) – ჭექა-ქუხილის პერსონიფიცირებული ღვთაება აფხაზურ მითოლოგიაში. აფხაზთა წარმოდგენით აფი ზეცაში ცხოვრობს, ზის ფრთოსან თეთრ ცხენზე და მარჯვენა ხელში დაკლაკნილი მახვილი უპყრია. იგი ზეციდან ცეცხლოვან ისრებს ესვრის ხეებქვეშ დამალულ დემონს („ა-ჯნიში“), მაგრამ არასოდეს ავნებს რცხილას (ახიაცას), რომელსაც ღვთისმშობელი მფარველობს (აფხაზთა აზრით, ღვთისმშობელი ა-ხიაცას – ხეციას – გვარიდან არის). ამ რწმენის გავლენით, აფხაზები თავიანთი საცხოვრებლის გარშემო რცხილის ხეებს რგავდნენ, საცხოვრებელი თუ სამეურნეო დანიშნულების ნაგებობის აშენებისას ცდილობდნენ ამ ხის თუნდაც მცირე ნაწილის გამოყენებას. ღვთაების სახელზე ლოცვა იცოდნენ მეხის დაცემის ან ჭექა-ქუხილით შეშინებული ადამიანის დაავადების შემთხვევაში; სწირავდნენ თეთრი ფერის თხას, მეხის დაცემის ადგილზე მღეროდნენ აფრაშვას „აფის სიმღერას“ („ათლარ ჩოპა“). ხშირად აფი გაიგივებულია უმაღლეს ღვთაებასთან – ანცვასთან.

ღვთაების სახელში ასახულია უძველესი მსოფლმხედველობა, როცა ჯერ კიდევ არ ჰქონდათ წარმოდგენა ბუნების სულიერ და მატერიალურ ასპექტებად დაყოფის თაობაზე. ამ თვალსაზრისით ტერმინი „ა-ფი“ სრულ სემანტიკურ შესაბამისობაშია ადიღეურ და ყაბარდოულ ტერმინთან „შიბლე“, რომელიც აღნიშნავს ჭექა-ქუხილის ღვთაებას და საკუთვრივ „ქუხილს“, როგორც ასეთს. აშკარაა, რომ ჭექა-ქუხილის თაყვანისცემა გაცილებით ძველია, ვიდრე წარმოდგენები ჭექა-ქუხილის ღვთაებაზე.


ლიტერატურა

  • А. Веденский. Религиозные верования абхазцев // ССКГ. Тф., 1871. Вып. V;
  • Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960;
  • Г.Ф. Чурсин. Материалы по этнографии Абхазии. Сух., 1957;
  • Л.И. Лавров. Доисламские верования адыгейцев и кабардинцев // Исследования и материалы по вопросам первобытных религиозных веровании. М., 1959.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები