აფრიდონ კლდეკარის ერისთავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფრიდონ - მსახურთუხუცესი და კლდეკარის ერისთავი XII ს-ის 70-80-იანი წწ-ების მიჯნაზე. წარმომავლობით განეკუთვნებოდა აზნაურული წოდების დაბალ საფეხურს. სწორედ ამიტომ თამარის პირველი ისტორიკოსი მას გიორგი III-ის (1156-1184) მიერ „უგვაროდ“ და „აზნაურობის ყმობიდან“ „კაცქმნილს“, მსახურთუხუცესის ხელის მფლობელობამდე ამაღლებულს უწოდებს.

აფრიდონი დაწინაურებულა 1177/1178 წ-ის ორბელთა ამბოხების შემდგომ, როცა სამეფო კარზე მსახურთუხუცესის სახელო და საერისთავოდ თმოგვის ქვეყანა მიუღია. თმოგვის მხარის პატრონობას მსახურთუხუცესი აფრიდონის მიერ ადასტურებს ზედა ვარძიის ეკლესიის ფრესკული წარწერა, სადაც იგი მოხატულობის ქტიტორად გვევლინება. აფრიდონის მეუღლის, ოსიყმის ასულ ხოშაქის მიერ 1178-1185 წწ-ში ქვემო ჯინისში ვარძიის ღმრთისმშობლის სახელზე აგებული ეკლესიის სააღმშენებლო წარწერაში იგი ასევე ერისთავ-ერისთავად და მსახურთუხუცესად იწოდება.

მსახურთუხუცესის სახელო და სამოხელო ქვეყანა აფრიდონმა დაკარგა თამარის გამეფების პირველსავე წლებში, დიდგვარიანთა მოთხოვნის საფუძველზე. თამარის ისტორიკოსთან მისი დამცრობის თაობაზე აღნიშნულია, რომ იგი დაემხო ხელისუფლების მოსურნე დიდებულთა სურვილითა და ლაშქრის მხარდაჭერით („თნევითა ლაშქართათა“). დაბალი ფენიდან აღზევებულ აფრიდონი ყუთლუ-არსლანის გამოსვლას გადაჰყვა. მან მსახურთუხუცესის სახელო და თმოგვი ერთდროულად დაკარგა.




წყაროები და ლიტერატურა

წყაროები და ლიტერატურა: ისტორიანი და აზმანი შარავარნდედთანი 1959: 25, 30;
მაისურაძე 1966: 81;
ბერძენიშვილი 1974: 136;
ბაქრაძე 1959: 77;
ოთხმეზური 1981: 80-81;
ბახტაძე 2003: 182;
გაბაშვილი 1985: 44-49.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

იხილე აგრეთვე

აფრიდონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები