აფსინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფსინ-ი ირ., აფსინა დიგ. (ოს. Æфсин, æфсинæ – „დიასახლისი“) — ოსური ტრადიციული ოჯახის ქალთა ნაწილისა და მათი სამეურნეო საქმიანობის ხელმძღვანელი, ოჯახის უფროსი მამაკაცის – ხაძარი ხიცაუს ცოლი (ან რძალი). იგი ზოგჯერ ქმრის სიკვდილის შემდეგ მთელი ოჯახის ფაქტიური ხელმძღვანელი ხდებოდა და მართავდა მას ერთ-ერთი ვაჟის დახმარებით (ეს უკანასკნელი წარმოადგენდა ოჯახს სასოფლო თემში, მამაკაცთა შეკრებებზე და სახლსგარეთა რელიგიური წეს-ჩვეულების შესრულების ჟამს). ხშირ შემთხვევაში საოჯახო თემი, უფრო სწორად დიდი ანუ გაუყოფარი ოჯახი (Æнæуæрст бинонтæ) ხაძარი ხიცაუს სიკვდილის შემდეგ არსებობას განაგრძობდა მხოლოდ იმიტომ, რომ აფსინი ცოცხალი იყო (ამ უკანასკნელის სიკვდილისთანავე იგი შეიძლებოდა დაშლილიყო). აფსინი თავისი ავტორიტეტით ადუღაბებდა ოჯახს, არ დაუშვებდა რძლებსა და ოჯახის სხვა წევრებს შორის კამათსა და ურთიერთობათა გამწვავებას; ქალებისაგან ითხოვდა შრომისმოყვარეობისა და პასუხისმგებლობის გამოჩენას, საოჯახო ტრადიციების დაცვას, ბავშვებზე თანაბარ მზუნველობას და ა. შ. ნიშანდობლივია, რომ ჩრდილოეთ ოსეთში მხოლოდ აფსინს შეეძლო მამაკაცებთან ერთდროულად ესადილა, ჯდებოდა რა ხაძარის საქალებო განყოფილების წინა კუთხეში, ოჯახის უფროსთან ახლოს (მსგავსი უფლება კავკასიის არცერთ ხალხში დიასახლისს არ ჰქონია). აფსინი არათუ ხელმძღვანელობდა მხოლოდ ქალების საქმიანობას, არამედ განაგებდა ე. წ. კაბიწს – საოჯახო პროდუქტების საცავს, რომლის გასაღებს, როგორც განსაკუთრებული ძალმოსილების ნიშანს, მუდმივად თან ატარებდა (კაბიწში მისი ნებართვის გარეშე ვერვინ შევიდოდა). როცა აფსინას სიბერის ან ავადმყოფობის გამო უჭირდა ოჯახის გაძღოლა, იგი თავის უფლება-მოვალეობას გადასცემდა სხვა ქალს (უფრო ხშირად უფროს რძალს). მთავარი დიასახლისის ფუნქციების სხვისთვის გადაცემის შემთხვევაში აფსინი აცხობდა რიტუალურ ღვეზელებს, რომლებსაც ხაძარი ხიცაუს წინ დაულაგებდა, იქვე კაბიწის გასაღებსაც დადებდა და დაკისრებული მოვალეობებისგან განთავისუფლებას ითხოვდა. ხანძარი ხიცაუ ახლობლებთან დათათბირების შემდეგ კაბიწის გასაღებს ასაკით უფროს ქალს გადასცემდა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ამიერიდან აფსინის ფუნქციები მას უნდა შეესრულებია.

აშკარად მატრიარქალური ეპოქის ნიშნების მატარებელი აფსინის სახეს წარმოადგენს ნართული ეპოსის ერთ-ერთი ცენტრალური პერსონაჟი, ნართების დიასახლისი (აფსინა) – სათანა, რომლის მონაწილეობისა და რჩევების გარეშე ნართებში მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. საინტერესოა, რომ ირანული წარმომავლობის ტერმინი Æфсин ირანული მოდგმის ზოგიერთ ხალხში გამოიყენებოდა „მმართველის“ აღსანიშნავად. ვ. აბაევის აზრით, იგი იყო სკვითური სოციალური ტერმინი, გავრცელებული შუა აზიაში. მისივე შეხედულებით მამაკაცის ქართული (ხევსურული) სახელი აფშინა მიუთითებს იმაზე, რომ „აფსინა“ ადრე ოსურში მამაკაცების მიმართაც გამოიყენებოდა.


ლიტერატურა

  • Абаев В. И. Историко-этимологический словарь осетинского языка. Т. I. М.-Л., 1959;
  • Магометов А. Х. Сеиья и семейный быт осетин в пршлом и настоящем. Орджоникидзе, 1962;
  • Канукова З. В. Семья // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012;
  • Хадикова А. Х. Этикетно-поведенческие нормы // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები