აფუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფუ – ხურიტული ზღაპრის პერსონაჟი.

აფუ სიმდიდრით სახელგანთქმული კაცი, ცხოვრობდა ქალაქ შუდულში, ლულუს ქვეყანაში, ზღვის მხარეში. მას უამრავი ცხვარი და ძროხა ჰყავდა. ოქრო და ძვირფასი ქვები კი ხვავად ედგა. ყველა მიწიერი სიკეთით დაჯილდოებული აფუ ბედნიერი იქნებოდა, შვილიც რომ ჰყოლოდა. აფუს თანამეინახენი, შუდულელები, დღენიადაგ თავიანთ შვილებზე ფიქრობდნენ, ხან წყალს ასმევდნენ, ხან პურს აჭმევდნენ... აფუს კი საზრუნავი არავინ ჰყავდა. შვილი არა და არ უჩნდებოდა.

აფუმ მზის ღმერთს მოსამადლიერებლად თეთრი ბატკანი შესწირა: მზის ღმერთმა ჭაბუკის სახე მიიღო, ჩამოვიდა დედამიწაზე და მოუსმინა აფუს, რომელიც თხოვდა, დამეხმარე, შვილი არ მყავსო, შემძინეო. ღმერთმა აფუს ურჩია: „წადი, ჭამე და სვი, შემდეგ ცოლთან დაიძინე, ისე, როგორც წესია და შვილი შეგეძინებაო“. და მართლაც, დაფეხმძიმდა აფუს ცოლი. გააჩინა ვაჟი. აფუმ თავის პირმშოს „ბოროტი“ დაარქვა – სანამ ახალგაზრდა ვიყავი, ღმერთებმა შვილი არ მაღირსეს, გამაბოროტეს და ჩემს პირველ შვილს, დაე, ბოროტი ერქვასო!

მეორედ დაორსულდა აფუს ცოლი და, როგორც კი მეათე თვე დადგა, კვლავ ვაჟი გააჩინა. აფუმ მას „კეთილი“ დაარქვა – ახლა კეთილად, სამართლიანად მომექცნენ ღმერთებიო. შვილები დაიზარდნენ და მამის ოჯახს გამოეყვნენ. ბოროტმა ქონების გაყოფა მოინდომა, დიდი წილი თვითონ წაიღო, კეთილს კი მცირედი დაუტოვა. საქონლის გაყოფისას უმცროს ძმას გაძვალტყავებული ძროხა შეხვდა... მზის ღმერთმა გადმოიხედა, დაინახა ასეთი უსამართლობა და დალოცა უმცროსის ძროხა – გასუქდეს და ბევრი ხბო მოიგოსო.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები