აფხაზეთის აჯანყება 1840-42

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფხაზეთის აჯანყება 1840-42 - ანტიკოლონიური აჯანყება მთიანი აფხაზეთის ოლქებში – დალსა და წებელდაში (მდინარე კოდორის ზემო და შუა წელი).

დალ-წებელდა, სადაც მარშანიათა ფეოდალური საგვარეულო პირველობდა, 1810 წელს აფხაზეთის სამთავროს რუსეთის იმპერიაში შესვლის შემდეგ 1837 წლამდე ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას. 1840 წლის დასაწყისში ზღვიპირა აფხაზურ-ადიღურმა ტომებმა (უბიხებმა, შაფსუღებმა, ჯიქებმა) გაააქტიურეს - ბრძოლა რუსეთის ჯარების წინააღმდეგ. მათ აჯანყებისკენ მოუწოდეს აგრეთვე დალ-წებელდის მოსახლეობას, რომელიც უკმაყოფილო იყო რუსეთის მიერ დამყარებული კოლონიური რეჟიმით. აჯანყებას სათავეში ჩაუდგა დალელი თავადი შაბათ მარშანია.

რუსეთის ხელისუფლებამ აჯანყების ჩასახშობად 1840 წლის ზაფხულში დამსჯელი რაზმი გაგზავნა, რომელმაც წებელდა დაიკავა. იმავე წლის დეკემბერში მთავრობის ჯარი (რეგულარული ჯარის 6 ასეული 6 ქვემეხით და 1300 მილიციელი) დალში შეიჭრა. დამსჯელი რაზმის მეთაურს პოლკოვნიკ მურავიოვს განზრახული ჰქონდა დალელები მშობლიური ადგილებიდან გაეძევებინა და მოესპო მთელი აფხაზეთის უკმაყოფილო ელემენტების თავშესაფარი, მაგრამ ტყეში გასულმა დალელებმა მტერს ზურგიდან შემოუარეს და კომუნიკაციები გადაუჭრეს. საექსპედიციო რაზმი დაღუპვისაგან იხსნეს ცარიზმის მომხრე ფეოდალებმა, რომლებმაც მომხდურები მთის ბილიკებით სამშვიდობოს გაიყვანეს.

1841 წელს ანტიკოლონიური ბრძოლა აფხაზეთში გააქტიურდა. 1842 წელს წებელდაში ერთ-ერთი შეტაკების დროს დაიღუპა შ. მარშანია. იგი შეცვალა მისმა უმცროსმა ძმამ – ეშსოუმ, რომელიც წლების განმავლობაში კიდევ აგრძელებდა პარტიზანულ ომს რუსეთის ჯარების წინააღმდეგ. მას ბაზები ჰქონდა ჩრდილო-დასავლეთ კავკასიასა და ფსხუში (მდინარე ბზიფის ზემოწელზე), სადაც არ იყო რუსული ადმინისტრაციის კონტროლი.

მარშანიათა საგვარეულოს ზოგი სხვა წარმომადგენელი კი აქტიურად ეხმარებოდა მთავრობის ჯარებს, რისთვისაც მათ აჯანყების მონაწილეთა სამფლობელოები მიიღეს.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები