აფხაზეთის სამთავრო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფხაზეთის სამთავრო − ფეოდალური პოლიტიკური ერთეული დასავლეთ საქართველოში XVII-XIX სს.

ჩამოყალიბდა აფხაზეთის საერისთავოს ბაზაზე, რომელიც საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის დროს (XV ს. II ნახ.) ოდიშის საერისთავოს (XVI ს-იდან სამთავრო) ვასალურ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა. XVII ს. დამდეგს აფხაზეთის ერისთავებმა, შარვაშიძეებმა, ისარგებლეს ოდიშის სამთავროს გართულებული მდგომარეობით, გათავისუფლდნენ ვასალური დამოკიდებულებისაგან და აფხაზეთის დამოუკიდებელი სამთავრო ჩამოაყალიბეს, რომლის ცენტრი გახდა ზუფუ (ლიხნი).

ააფხაზეთის სამთავროს ჩრდილო-დასავლეთ საზღვარი მდ. ბზიფზე გადიოდა; ჩრდილოეთით, ნომინალურად – კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე; სამხრეთ-აღმოსავლეთით – მდ. ცხომზე, საიდანაც ოდიშის სამთავრო ესაზღვრებოდა. აფხაზი ფეოდალები სამთავროს საზღვრების გაფართოების მიზნით გამუდმებით თავს ესხმოდნენ და აოხრებდნენ ოდიშის სამთავროს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს. XVII ს. შუა ხანებში აფხაზეთის სამთავროს საზღვარმა მდ. კელასურზე გადაინაცვლა. აფხაზთა აგრესიის შესაკავებლად ოდიშის მთავარმა, ლევან II დადიანმა, საზღვარზე სიმაგრეთა სისტემა ააგო, რომელიც კელასურის კედლის სახელითაა ცნობილი. კელასურის კედლის სახელწოდებით გაერთიანებული სიმაგრეთა სისტემა იწყებოდა მდ. კელასურის შესართავთან, მის მარცხენა ნაპირზე, მიუყვებოდა კელასურის ხეობას, შემდეგ უხვევდა აღმოსავლეთისკენ, გადაკვეთდა მდინარეებს – მაჭარასა და კოდორს, აქედან მიუყვებოდა ფანავის ქედს, გადაკვეთდა მდ. მოქვს და მდ. ღალიძგამდე აღწევდა. XVII ს. 80-იან წწ. აფხაზეთის სამთავრომ მიიტაცა ოდიშის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი მდ. კელასურიდან მდ. ეგრისწყლამდე (ამჟამად მდ. ღალიძგა), ხოლო შემდეგ – მდ. ენგურამდე. XVII ს. მიწურულს აფხაზთა მთავრის, ზეგნაყ შარვაშიძის, გარდაცვალების შემდეგ, მისმა შვილებმა მდ. ბზიფსა და მდ. ენგურს შორის მოქცეული მიწა-წყალი დაინაწილეს. მათ შორის უფროსმა, როსტომმა, მიიღო მდ. ბზიფსა და მდ. კოდორს შორის მდებარე მიწები და აფხაზთა მთავრის ტიტული; საშუალო ძმამ, ჯიქეშიამ – კოდორსა და ღალიძგას შორის ტერიტორია, რომელსაც შემდეგ აბჟუა (აფხაზურად (აფსუურად) შუა ნაწილი) ეწოდა; უმცროსმა, ყვაპუმ – მდ. ღალიძგასა და მდ. ენგურს შორის მდებარე მიწები, რომელსაც მოგვიანებით (XVIII ს. 30-40-იანი წწ.) მისი მემკვიდრის, მურზაყან შარვაშიძის სახელის მიხედვით სამურზაყანო ეწოდა.

1702 წ. ოდიშის მთავარმა შეძლო ენგურსა და ღალიძგას შორის ტერიტორიის დაბრუნება, თუმცა ამ მხარის გამგებლად აფხეთის სამთავრო სახლის გვერდითი შტოს წარმომადგენლები დარჩნენ. აფხაზთა (აფსუათა) მიერ ოდიშის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის მიტაცების შემდეგ ამ ტერიტორიაზე შეუძლებელი გახდა ქრისტიანული ეკლესიის ფუნქციონირება, რის გამოც 1681 წ. დრანდისა და მოქვის ეპარქიები გაუქმდა. მდ. კელასურსა და მდ. ენგურს შორის ტერიტორია აიკლეს და მოაოხრეს ჯიქ-აფხაზებმა, რის შედეგად მოსახლეობის ნაწილი ამოწყდა, ნაწილი აქედან გადაიხვეწა. ვინც გადარჩა, აფხაზებმა (აფსუებმა) ტყვედ გაყიდეს, ან მონებად აქციეს. ტყვეებისაგან შემდგარ უუფლებო ადამიანთა კატეგორიის, მონის, აღსანიშნავად აფსუათა ენაში დამკვიდრდა ეთნონიმი აგრუა, რაც აფხაზურად მეგრელს ნიშნავს. დაცარიელებულ ადგილებზე აფხაზები (აფსუები) სახლდებოდნენ. თავდაპირველად მათ ეთნიკურად აითვისეს მდ. კელასურსა და მდ. ღალიძგას შორის მდებარე ტერიტორია, შემდეგ უკვე დაიწყეს ღალიძგის მარცხენა ნაპირის ეთნიკური ათვისებაც, თუმცა ეს პროცესი რამდენადმე გაჭიანურდა. ფეოდალთა წრეში გაბატონებული მდგომარეობა თანდათან აფხაზმა ფეოდალებმა მოიპოვეს, თუმცა მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ამ მხარეში მაინც ქართველი დარჩა.ა

ფხაზეთის სამთავრო არ წარმოადგენდა მკაცრად ცენტრალიზებულ პოლიტიკურ ერთეულს. ის დანაწილებული იყო საუფლისწულოებად (სამთავროები) და რამდენიმე მთავარი ჰყავდა, მათ შორის ერთი მაინც უფროსი იყო. აფხაზეთის სამთავრო სათავეში ედგა მთავარი (აფხაზურად (აფსუურად – აჰ)). მისი რეზიდენცია ლიხნში იყო. მას ეკუთვნოდა უმაღლესი სამხედრო და ადმინისტრაციული ხელისუფლება და სამთავროს მთელი მოსახლეობა თავს მის ვასალად თვლიდა. თუმცა ქვეყნის ფეოდალური დაქუცმაცებულობის გამო მისი ხელისუფლება სუსტი იყო. ცალკეულ სამფლობელოთა მეპატრონეები მასთან მხოლოდ ნომინალურ დამოკიდებულებაში იმყოფებოდნენ და აფხაზეთის წვრილ სამფლობელოებზე ძალაუფლების გავრცელება მთავრის სიძლიერეზე იყო დამოკიდებული. ფაქტობრივად, იგი იყო „უფროსი თანასწორთა შორის“.

მთავართან უფლებრივად თითქმის გათანაბრებული იყვნენ მისი ძმები, რომლებიც სრულწლოვანების მიღწევისას ღებულობდნენ საუფლისწულო მამულს (სამთავროს) და ასევე მთავრებად იწოდებოდნენ. აფხ. მთავრის ტიტულიც ძმიდან ძმაზე, ოჯახში უფროსზე გადადიოდა. ხელისუფლების მემკვიდრეობის ეს არქაული წესი მთის ადრეკლასობრივი კომპონენტების სიჭარბით აიხსნება. მთავრის დომენი და საუფლისწულოები ცალკეულ სენიორიებად იყოფოდა, რომელთა სათავეში თავადები (აფხაზურად (აფსუურად) – ათაუად) იდგნენ: აჩბა (ანჩაბაძე), ემხაა (ემუხვარი), ინალ-იფა (ინალიშვილი), შარვაშიძე, ძაფშფა (ძეფიშვილი), ჩაბალურხვა (სოთიშვილი) და ჩხოტუა. მთავარსა და უფლისწულებს (აჰიფა), თავადების გარდა ყმა-ვასალებად აზნაურებიც (აფხაზურად (აფსუურად) – აამსთა) ჰყავდათ. მათ შორის ყველაზე გამოჩენილები იყვნენ: მაან (მარდანია), მიქანბა, ზვანბა, ლაკირბა და სხვ. აზნაურები ჰყავდათ თავადებსაც.

მთავრის ხელისუფლება შეზღუდული იყო სასოფლო თემებითა და მათი წარმომადგენლების სახალხო კრებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეები მთავარს საერთო-სახალხო შეკრებაზე გამოჰქონდა, სადაც გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღებოდა, თუმცა მთავრისა და მისი ძმების ხმებს ამგვარ შეკრებებზე დიდი წონა ჰქონდა. მთავართან მისი ძმების უფლებრივ გათანაბრებასა და აფხაზეთის მთავრის ხელისუფლების სისუსტეს პატრიარქალურ-გვაროვნული გადმონაშთების სიმტკიცე განაპირობებდა. ამ გადმონაშთების სიმტკიცე იმაშიც ჩანდა, რომ აფხაზეთის სამთავროს საზოგადოებრივი წყობის საფუძველს სასოფლო თემი (აფხაზურად (აფსუურად) – აქითა) წარმოადგენდა. ის იყო რაღაც საშუალო თემსა და ფეოდალურ ერთეულს შორის. მთელი აფხაზეთის სამთავრო დაყოფილი იყო აქითებად, რომლებიც მთავრის ხელისუფლებასთან დამოკიდებულებაში, ფაქტობრივად ადმინისტრაციულ ერთეულებს წარმოადგენენ და რომელთა სათავეშიც რომელიმე სათავადო სახლი იდგა. ისინი თავისი შინაარსითა და სოციალური სტრუქტურით ქართული სათავადოების ადეკვატური არიან.

აფხაზეთის სამთავროში მისი არსებობის განმავლობაში გაბატონებული იყო ნატურალური მეურნეობა. XVII-XIX სს. აქ გაჩაღებული იყო ე.წ. „სანაპირო ვაჭრობა“, რომელიც თურქი კომერსანტების შუამავლობით წარმოებდა. თურქებს შემოჰქონდათ სხვადასხვა ქვეყნის საქონელი, ჩალის ფასად გაჰქონდათ ბზა, ქონი, ბეწვეული, ტყავეული და სხვ. გავრცელებული იყო „ტყვის სყიდვა“.

გვიან შუა საუკუნეებში აფხაზეთის სამთავროში მიმდინარე ეთნოპოლიტიკურმა პროცესებმა (მთიდან ჯიქ-აფსუათა ახალი ტალღის ჩამოწოლა, გარეშე მტრების შემოსევები, ფეოდ. შინაომები და სხვ.) შეაფერხა, მხარის კულტურული განვითარება და ქართული სამყაროსაგან გარკვეული „გაუცხოება“ გამოიწვია, რაც, უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანობის დაცემასა და წარმართობის აღორძინებაში გამოიხატა. თუმცა ქრისტიანობა სავსებით არ აღმოფხვრილა და მისი კვალი დარჩა და აისახა როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე ჩამოსახლებულთა რწმენასა და ყოფაში. აფხაზეთის სამთავროში შემორჩა ილორის (ელირ-ნიხ), ქიაჩის (ქიაჩ-ნიხ), ლიხნის (ლიხ-ნიხ), ბიჭვინტის, ლაშქენდარის თაყვანისცემა. ამავე დროს მკვიდრდება ახალი სალოცავები: ინალ-კუბა (ინალის საფლავი ფსხუში), დიდრიფში (სოფ. აჭანდარა), ლაპირ-ნიხ (სოფ. ბლაბურხვა), ჩიგურ-ნიხ (სოფ. ჯირხვა), ააც-ნიხ (სოფ. ააცი), ანან-ლძაა-ნიხ (სოფ. ლიძავა), აგა-ნიხა (სოფ. მარმარისკარი). მათი ნაწილი ძველი ეკლესიების ადგილას იყო.

გვიანი შუა საუკუნეების აფხაზეთის სამთავროში არ აგებულა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ორიგინალური არქიტექტურული ძეგლი, ზედმეტია ლაპარაკი მწიგნობრულ ძეგლებზე. XVIII საუკუნიდან აფხაზეთის სამთავროში ვრცელდება ისლამი, მაგრამ ამ საუკუნის პირველ ნახევარში მას ფართო მასშტაბებისათვის არ მიუღწევია. პირველად მხოლოდ მოსახლეობის ზედაფენა – ფეოდალური წრეები – გამაჰმადიანდა, პირველ რიგში, სამთავრო სახლი. მიუხედავად გამაჰმადიანებისა, აფხაზეთის სამთავრო სახლი კვლავ ინარჩუნებდა კავშირს ქართულ სამყაროსთან, სამთავრო სახლი და წარჩინებულთა წრე პირად ნათესაურ ურთიერთობაში იყვნენ ოდიშის, იმერეთის, გურიის მმართველ სახლებსა და წარჩინებულ საგვარეულოებთან. აფხაზთა მთავრები XVII-XVIII სს. თავს საერთოქართული პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი და კულტურული სივრცის ნაწილად მოიაზრებდნენ და საქართველოს (ქართლის, იმერეთის) მეფეთა უზენაესობას აღიარებდნენ. ეკლესიურად აფხაზეთის სამთავრო, ოდიშ-იმერეთ-გურიასთან ერთად, ერთ მთლიანობას შეადგენდა ერთი საეკლესიო (ქართ.) ენით. მიუხედავად იმისა, რომ გვიან შუა საუკუნეებში ქართული ენა აფხაზეთში რამდენადმე თმობს პოზიციებს, მთავრის კანცელარია კვლავ ქართულ ენაზე მუშაობდა.

XVII-XVIII სს. მიჯნაზე აფხაზეთის სამთავრო ოსმალეთის პოლიტიკური გავლენის სფეროში მოექცა. აფხაზთა მთავარს ტახტზე სულთანი ამტკიცებდა. აფხაზები ქართველებთან ერთად იბრძოდნენ ოსმალთა ბატონობის წინააღმდეგ. 1787 წ. აფხაზთა სამთავრო ტახტის მემკვიდრემ, ქელაიშ-აჰმედ-ბეი (ქელეშ-ბეი) შარვაშიძემ, ოსმალთა დახმარებით ტახტიდან ჩამოაგდო თავისი ბიძა ზურაბ შარვაშიძე და თვითონ გამთავრდა. ამავე დროს, პოლიტიკური მოსაზრებით, მთავრის რეზიდენცია ლიხნიდან სოხუმის ციხეში გადაიტანა, სადაც თურქი მეციხოვნეები იდგნენ. ქელეშ-ბეიმ თურქების დახმარებით დაიმორჩილა აფხაზი ფეოდალები, გააერთიანა დაქუცმაცებული სამთავრო, ხელისუფლება განამტკიცა და ერთპიროვნულ მმართველად იქცა. ამავე დროს მან გავლენა სამურზაყანოზედაც გაავრცელა. ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოებისა და გურია-სამეგრელოს სამთავროების რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლის შემდეგ აფხაზეთის მთავარმაც რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლა გადაწყვიტა. იგი აშკარად განუდგა ოსმალეთს, რასაც მის წინააღმდეგ შეთქმულება მოჰყვა. 1808 წ. 2 მაისს ოსმალოფილურმა დაჯგუფებამ, რომელსაც მთავრის უფროსი ვაჟი ასლან-ბეი მეთაურობდა, მოკლა ქელეშ-ბეი.აფხაზეთის სამთავროს ტახტზე ასლან-ბეი ავიდა. 1809 წ. აფხაზეთის სამთავროს ტახტის მემკვიდრე გიორგი (საფარ-ბეი) შარვაშიძემ ხელი მოაწერა ე.წ. „სათხოვარ პუნქტებს“, სადაც რუსეთის მეფის ქვეშევრდომობისა და სამსახურის სურვილი გამოთქვა. 1810 წ. 17 თებერვალს ალექსანდრე I-მა დაამტკიცა „სათხოვარი პუნქტები“ და გიორგი შარვაშიძე აფხაზეთის მთავრად დანიშნა. 1810 წ. 10 ივლისს რუსეთის ჯარმა იერიშით აიღო სოხუმის ციხე. იმავე წლის ოქტომბერში სოხუმში გიორგი შარვაშიძეს სამთავრო ნიშნები საზეიმოდ გადაეცა და მან რუსეთის ერთგულებაზე დაიფიცა, რითაც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში აფხაზეთის სამთავროს ავტონომიური უფლებით შესვლა საბოლოოდ გაფორმდა.

ამ დროისათვის აფხაზეთის სამთავროს ჩრდილო-დასავლეთ საზღვრად მდ. ბზიფი ითვლებოდა, რადგან გაგრის ვიწროებიდან მდ. ბზიფამდე ტერიტორია ჯიქებს ჰქონდათ მიტაცებული; სამხრეთ-აღმოსავლეთით საზღვარი მდ. ღალიძგაზე გადიოდა, საიდანაც ოდიშის (სამეგრელო) სამთავრო ესაზღვრებოდა, დას-ით შავი ზღვა ეკრა, ხოლო ჩრდ-ით საზღვარი კავკასიის მთავარ წყალგამყოფ ქედს მიუყვებოდა. აფხაზეთის სამთავრო ერთიან პოლიტიკურ ერთეულს კვლავაც არ წარმოადგენდა. ის ცალკეულ მხარეებად იყოფოდა: ზუფუ – მდ. ბზიფსა და მდ. გუმისთას შორის; აფხაზეთი, ანუ გუმა – მდ. გუმისთასა და მდ. კოდორს შორის; აბჟუა – მდ. კოდორსა და მდ. ღალიძგას შორის; მასთან ნომინალურად იყო დაკავშირებული მთიანი მხარეები: ფსხუ – მდ. ბზიფის ზემოწელში, წებელი და დალი – მდ. კოდორის შუა და ზემოწელის აუზში.

აფხაზეთის მთავრის ხელისუფლება მხოლოდ ბზიფის ოლქზე ვრცელდებოდა; გუმასა და აბჟუას შარვაშიძეთა სამთავრო სახლის სხვა წევრები ფლობდნენ; ფსხუს, წებელსა და დალს მარშანიები განაგებდნენ, რომელმაც არ ცნეს გიორგი შარვაშიძის ხელისუფლება და არც რუსეთის მფარველობაში შევიდნენ. 1821-1824 წწ. აფხაზეთში ანტიცარისტული აჯანყებები მოხდა, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ სასტიკად ჩაახშო. ცარიზმი ყოველნაირად განამტკიცებდა აფხაზეთში ფეოდალურ-ბატონყმურ ურთიერთობას, ატარებდა მკაცრი კოლონიურ ექსპლუატაციისა და ეროვნული ჩაგვრის პოლიტიკას.

აფხაზეთის საბოლოო დამორჩილების მიზნით 1830 წ. კავკასიის რუსულმა ადმინისტრაციამ „აფხაზეთის ექსპედიცია“ მოაწყო და შავი ზღვის სანაპირო პუნქტები – გაგრა, ბიჭვინთა, ბომბორა – დაიკავა. რუსებმა აქ ციხესიმაგრეები ააგეს და მეციხოვნეები ჩააყენეს. 1834-1835 წწ. რუსებმა სოხუმიდან გაგრამდე სანაპირო გზა გაიყვანეს. ამ დროიდან ვრცელდება აფხაზეთის მთავრის ხელისუფლება მდ. ბზიფსა და გაგრის ვიწროებს შორის ტერიტორიაზე. იმავდროულად, რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზეთის მთავარს აბჟუასა და გუმას მფლობელები დაუმორჩილა და ერთმმართველად აქცია. 1837 წ. მაისში ცარიზმმა წებელი და დალი დაიმორჩილა და უშუალო რუსული მმართველობა შემოიღო (ამ დროიდან – წებელის ნაცვლად მისი რუსული ფორმა – წებელდა – მკვიდრდება), თუმცა 1840-1841 წწ. რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ იქ აჯანყებები მოხდა. 1840 წ. ივლისს უშუალო რუსული მმართველობა დამყარდა ფსხუში. რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლის შემდეგ, ისევე როგორც საქართველოს სხვა პოლიტიკური ერთეულები, აფხაზეთიც რუსეთის საერთო ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაება.

XIX ს. 30-იანი წლებიდან აფხაზეთში ვითარდება წვრილი მრეწველობა. დაიწყო ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობა, იზრდებოდა სასულიერო-სამეურნეო წარმოება. 50-იანი წლებიდან თითქმის რეგულარული გახდა საზღვაო მიმოსვლა სოხუმსა და ქერჩს, ოდესას, ფოთსა და შავი ზღვის სანაპიროს სხვა ქალაქებს შორის, გაიზარდა ხე-ტყის, სიმინდის, ღვინისა და სხვ. პროდუქციის გაზიდვა. საბაზრო ურთიერთობათა განვითარება არღვევდა ფეოდალური მეურნეობის კარ-ჩაკეტილობას.

1853-1856 წწ. ყირიმის ომის დროს აფხაზეთის სამთავრო თურქების მიერ იყო ოკუპირებული. აფხაზთა ნაწილი თურქი ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძოდა, თუმცა ნაწილი მათთან თანამშრომლობდა. რუსეთის მიერ ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის დაპყრობისა და კავკასიის ომის დამთავრების შემდეგ (1864), როდესაც უკვე აღარ იყო საჭირო „ბუფერული“ აფხაზეთის სამთავროს არსებობა, მეფის ხელისუფლებამ სამთავროს გაუქმება „სახელმწიფო აუცილებლობად“ ჩათვალა. 1864 წ. ივლისში ოფიციალურად გამოცხადდა აფხაზეთის სამთავროს გაუქმებისა და უშუალო რუსეთის მმართველობის შემოღების შესახებ. შეიქმნა „სოხუმის სამხედრო განყოფილება“ (1883 წლიდან „სოხუმის ოლქი“), რომელსაც რუსი ოფიცერი, აფხაზეთის ჯარების სარდალი ედგა სათავეში.

ბ. ხორავა

ლიტერატურა

  • დუმბაძე მ., დასავლეთ საქართველო XIX ს. პირველ ნახევარში, თბ., 1957;
  • კვაშილავა კ., სამურზაყანოს წარმოქმნის ისტორიული ფონი, წგ.; ისტორიული სამურზაყანოს წარსულიდან, თბ., 2011;
  • ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან, აფხაზეთი. უძველესი დროიდან დღემდე, თბ., 2007;
  • ოკუჯავა კ., აფხაზეთი XVII საუკუნეში, თბ., 2002;
  • პაპასქირი ზ., ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან, ნაკვ. 1, უძველესი დროიდან 1917 წლამდე, თბ., 2004;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4-5, თბ., 1970-74;
  • ტუღუში ა., აფხაზეთის სამთავროს წარმოშობის დროის საკითხისათვის, ზუგდ., 2001;
  • ხორავა ბ., ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა XV-XVIII სს., თბ., 1996; მისივე, აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და მიხეილ შარვაშიძე, თბ., 2011;
  • Антелава И.Г., Очерки по истории Абхазии XVII-XVIII вв., 2 изд., Сух., 1951;
  • Анчабадзе5 З.В., Из истории средневековой Абхазии (VI-XVII вв.), Сух., 1959;
  • Дзидзария Г.А., Присоеденение Абхазии к Росии, Труды, 1, Сух., 1988;
  • Очерки из истории Грузии. Абхазия. С древнейших времен до наших дней, Тб., 2009;
  • Папаскири З. В., Абхазия: история без фальсификации. Издание второе, исправлённое и дополненное, Тб., 1999.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები