აფხაზთა ერისთავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა აფხაზთა საერისთავო-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფხაზთა ერისთავი - აფხაზთა საერისთავო, როგორც ადმინისტრაციული ერთეული, VIII ს-ის დასასრულს ახლად წარმოქმნილი ეგრის-აფხაზეთის სამეფოს ფარგლებში ჩამოყალიბდა. ვახუშტის თანახმად, მის საზღვრებში მოქცეული იყო საკუთრივ აფხაზეთი და ჯიქეთი ვიდრე ზღვამდე და „ხაზართა მდინარემდე“ (მდ. ყუბანი). სამხრეთით აფხაზთა საერისთავოს აფშილეთი ესაზღვრებოდა, რომელიც ცალკე საერისთავოს წარმოადგენდა ეგრის-აფხაზეთის სამეფოში.

აფხაზთა საერისთავოს რეზიდენცია იყო ანაკოფია, რომლის კედლებთან VIII ს-ის 30-იან წლებში მურვან ყრუმ სასტიკი მარცხი განიცადა. რომელ საგვარეულოს ეპყრა აფხაზთა ერისთაობაა ეგრის-აფხაზეთის სამეფოში, უცნობია. XI ს-ის შუა ხანებში აფხაზთა ე. უნდა ყოფილიყო ოთაღო ჭაჭას ძე ქუაბულელი, ბაგრატ IV-ის თანამედროვე. იგი „აფხაზეთისა ლაშქრითა“ ბაგრატ IV-ს ეხმარებოდა ანაკოფიის ციხის აღებაში. მართალია, „მატიანე ქართლისაჲ“ მას ერისთავის წოდების გარეშე მოიხსენიებს, მაგრამ, მკვლევართა საერთო აზრით, ამ ეპიზოდში აფხაზთა ლაშქრის ხელმძღვანელი ოთაღო სხვა არავინ შეიძლება იყოს, თუ არა აფხაზთა ერისთავი ამ ცნობაზე დაყრდნობით ნ. ბერძენიშვილმა ყურადღება გაამახვილა ლაშქრის ორგანიზაციის თემობრივ პრინციპზე, რომელსაც, როგორც ჩანს, ეგრის-აფხაზეთის სამეფო ეფუძნებოდა. კამათის საგანია, რა სახით არსებობდა აფხაზთა საერისთავო თამარის ეპოქაში - იყო იგი ცალკე ადმინისტრაციული ერთეული, თუ შედიოდა ცხუმის (სოხუმი) საერისთავოში. კამათის საფუძველს იძლევა თამარის ისტორიკოსთან ცხუმის ერისთავად ოთაღო შარვაშესძის მოხსენიება. ამიტომ ფიქრობდნენ, რომ აფხაზთა საერისთავო ამ დროისათვის ცხუმის საერისთავოსთან იყო გაერთიანებული (ზ. ანჩაბაძე). თამარის გამეფების დროს (1284) ოთაღო შარვაშეს-ძე ცხუმის ერისთავადაა მოხსენიებული, ხოლო აფხაზთა ერისთავი საერთოდ აღარ იხსენიება. მიუხედავად წყაროს ამგვარი ჩვენებისა, ვახუშტი ბაგრატიონი დაჟინებით ამტკიცებს, რომ თამარის დროს (რუსუდანამდე) „ცხუმის ერისთავი სხუა, აფხაზთა სხუა“. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ წყაროში ტექსტის ეს მონაკვეთი ხელნაწერში ნაკლულია და აღდგენისას გარკვეული კუნიუნქტურა განიცადა. ამიტომ მკვლევართა ნაწილი, ვახუშტიზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ ერთიან მონარქიაში XIV ს-ის დასაწყისამდე აფხაზთა საერისთავო არსებობდა. ვახუშტის ცნობით, XIV ს-ის დასაწყისში დავით ნარინის შვილებს შორის წრმოქმნილი უთანხმოებით ისარგებლეს დადიანმა და შერვაშიძემ და საერისთავოდ ჩაბარებული მიწები სამთავროდ დაიჭირეს.


წყაროები და ლიტერატურა

  • ვახუშტი 1973: 780, 796, 801;
  • მატიანე ქართლისაჲ 1955: 261, 299;
  • ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი 1959: 33-34;
  • Анчабадзе 1959: 177;
  • ლორთქიფანიძე 1963: 187;
  • ბერძენიშვილი 1990: 585; ანთელავა 1988: 46;
  • ბახტაძე 2003: 127, 245-247.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები