აფხაზთა სამეფო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფხაზთა სამეფო – დასავლურ-ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანება, რომელიც, როგორც სუვერენული სახელმწიფო, ოფიციალურად გაფორმდა VIII ს. მიწურულს, მას შემდეგ, რაც აფხაზეთის ერისთავთა სახლის წარმომადგენელმა ლეონ II-მ, ლეონ I-ის ძმისწულმა, ისარგებლა რა „ბერძენთა მოუძლურებით“, განუდგა მათ (ხაზართა მხარდაჭერით) „და იპყრა აფხაზეთი და ეგრისი ვიდრე ლიხამდე“ და „სახელიდვა მეფე აფხაზთა“.

სარჩევი

ეგრისისა და აფხაზეთის გაერთიანება

ძველი ქართული საისტორიო ტრადიცია („მატიანე ქართლისად“) ამ მოვლენას ერთმნიშვნელოვნად უკავშირებს ქართლი-ეგრისის „სამეფო“ (სტეფანოზ-არჩილის) სახლში შექმნილ დინასტიურ კრიზისს. „მატიანე ქართლისაჲს“ ცნობით, ლეონ II-ის მიერ მეფის ტიტულის მიღება განაპირობა იმან, რომ იმ დროისათვის „მიცვალებულ იყო იოვანე და დაბერებულ იყო ჯუანშერი. და შემდგომად ამისსა ჯუანშერიცა მიიცვალა“. ქართული მატიანე, რომელიც წარმოადგენს ამ მოვლენის ამსახველ ერთადერთ წერილობით წყაროს, სრულიად გარკვევით მიანიშნებს ლეონ II-ის, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური დინასტიის, გაერთიანებული ეგრის-აფხაზეთის ხელისუფლების, სათავეში მოსვლის კანონიერებას. ეგრის-აფხაზეთის ახალი ლიდერის მიერ მეფის ტიტულის მიღება არ იყო მხოლოდ შინაპოლიტიკური აქტი, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობდა ქართლი-ეგრისის მმართველი საგვარეულოს შიგნით შექმნილი დინასტიურ-პოლიტიკურ სიტუაციიდან. ეს, პირველ რიგში, ხელსაყრელმა საგარეო პოლიტიკურმა ფაქტორებმა განაპირობეს. ლეონ II-ის მიერ მეფის ტიტულის მიღება უშუალოდ უკავშირდებოდა ქვეყნის მიერ საგარეო პოლიტიკის სუვერენიტეტის მოპოვებას. სწორედ ამიტომაა, რომ ლეონ II-მ მხოლოდ მას შემდეგ გამოაცხადა თავი მეფედ, როდესაც ხაზართა დახმარებით ის „გაადგა ბერძენთა“ და სუვერენ დინასტად იქცა. იმის გამო, რომ ლეონ II-მ თავის თავს აფხაზთა მეფე უწოდა, მისი სახელმწიფო, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე, განსაკუთრებით, მის ფარგლებს გარეთ, აფხაზთა სამეფოს, ან უბრალოდ, აფხაზეთის სახელით იყო ცნობილი, თუმცა ზოგიერთ უცხოურ წყაროში (მაგ. X ს. სომეხი ისტორიკოსის, იჰანეს დრასხანაკერტცის თხზულებაში) „აფხაზთა“ მეფე „ეგრისის“ („ეგერთა“) მეფედ მოიხსენიება, რაც იმის მანიშნებელია, რომ მეზობელ ქვეყნებში იმ პერიოდში საკმაოდ კარგად იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რომელ ქვეყანას ეწოდა VIII ს. მიწურულიდან აფხაზეთი. საკუთრივ ქართულმა საისტორიო ტრადიციამ (ვახუშტი ბატონიშვილი) მოგვცა ზუსტი განმარტება, თუ როდის და რატომ ეწოდა ისტორიულ ეგრისს აფხაზეთი: „ქუეყანისა ამის სახელნი არიან საერთოდ სამნი: აფხაზეთი, მესამედ იმერეთი, რამეთუ ეგრისი ეწოდების ეგროსის გამო, ძისა თარგამოსისა, რომელსა ძმათა შორის თჳსთა ხუდა წილად ქუეყანა ესე, და იწოდებოდა სახელითა ამით, ვიდრე ხოსროვანთ გარდავლინებამდე. ხოლო აფხაზეთი – ლევანის გამო, რომელი შემდგომად პირველის ლეონისა, მეორე ლევან ერისთაობდა აფხაზეთს... ესე ლეონ შემდგომად ხოსროვანთ გარდაცვალებისა, გამეფდა და დაიპყრა სრულიად ეგრისი, და ამან უწოდა აფხაზეთი სამეფოსა თჳსსა და მოიღო საერისთოსა თჳსსა სახელი ეგრისსა ზედა“.

აფხაზთა სამეფოს საზღვრები

აფხაზთა სამეფო მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავდა. მისი ჩრდილოეთ საზღვარი – კავკასიონის ქედი იყო, ჩრდილო-დასავლეთით მოიცავდა სამხრეთ ჯიქეთს ნიკოფსიითურთ; დასავლეთით მას ესაზღვრებოდა შავი ზღვა; აღმოსავლეთით ლიხის (სურამის) ქედამდე აღწევდა, ხოლო სამხრეთით ის ქალდეამდე (ტრაპიზონის მხარემდე ან მის ჩათვლით) ვრცელდებოდა. პოლიტიკური საზღვრები ხშირად იცვლებოდა. აფხაზეთის მეფეების – გიორგი I-ისა და კონსტანტინე III-ის დროს აფხაზეთის სამეფომ გავლენა შიდა ქართლზეც მოიპოვა. მალე კონსტანტინე იწყებს ბრძოლას ჰერეთის წინააღმდეგაც. გამარჯვების შემდეგ, მას გადაეცა არიში და გავაზნი. აფხაზთა მეფე გიორგი II-მ დაიკავა კახეთის ციხეები, გარდა „სამთა ციხეთა: ნახჭევანისა, ბოჭორმისა და ლოწობანთა“. კახეთის საკითხი კვლავ დადგა გიორგის ძის ლეონ III-ის დროს. მან „გაილაშქრა სპითა დიდითა, ჩადგა არაგჳს პირსა, ასწყჳდა მუხნარი, ხერკი და ბაზალეთი“. აფხაზთა მეფეები თავის გავლენას სამხრეთის მიმართულებითაც ავრცელებდნენ. ლეონ III-ის ხელისუფლება X ს. შუა წლებში ჯავახეთზეც ვრცელდებოდა.

ადმინისტრაციული დაყოფა

ვახუშტის ცნობით, სამეფო დაიყო 8 საერისთავოდ: 1. აფხაზეთის, 2. ცხუმის, 3. ეგრისის, 4. გურიის, 5. რაჭა-ლეჩხუმის, 6. სვანეთის, 7. არგვეთის, 8. ქუთაისის. გარდა საერისთავოებისა, აფხაზთა სამეფოში დასტურდება ადმინისტრაციული ერთეულის – ხევის არსებობა, რომლის მმართველი – ხევისუფალია. აფხ. სამეფოში ასევე დასტურდება „მამასახლისის“, „გალატოზის“, „გალატოზთაუხუცესის“ (ტერმინი – წყაროებში ყველაზე ადრე იხსენიება სწორედ X ს-ში, აფხაზთა სამეფოში) სამოხელეო ინსტიტუტებიც.

მთავრები და მეფეები

აფხაზეთის საერისთავოს ერისთავის გაერთიანებული ეგრის-აფხაზეთის სათავეში მოსვლა არ ნიშნავდა ე.წ. „აფხაზური“ დინასტიის წარმომადგენლის მიერ „მეზობელი ქვეყნის“ – ლაზიკა-ეგრისის – დაპყრობას და იქაური ქართული მოსახლეობისათვის სრულიად „უცხო“ სახელმწიფოებრიობის თავს მოხვევას. ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ სრულიად გაუგებარი იქნებოდა შუა საუკუნეების ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცნობიერების მხრიდან ამ ე.წ. „აგრესიის“ ფაქტის მშვიდად და უმტკივნეულოდ აღქმა. აფხაზი მეფეების ე.წ „დამპყრობლური“ პოლიტიკისადმი ქართველ მწერალთა და მემატიანეთა სრული ლოიალობა და კეთილგანწყობა აიხსნება მხოლოდ იმით, რომ ისინი მათში „უცხოელ დამპყრობლებს“ კი არ ხედავდნენ, არამედ ისეთივე ქართველ ლიდერებს, როგორადაც მიაჩნდათ, მაგალითად, ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენლები. შუა საუკუნეების ქართული საზოგადოებრიობა აფხაზთა სამეფოს ცალსახად განიხილავდა საერთო ქართულ კულტურულ-პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივი სამყაროს ნაწილს, რომელშიც დაწინაურდა ე.წ. „აფხაზური“ დინასტია. ისტორიოგრაფიაში არ არის ერთიანი აზრი ლეონ II-ისა და მისი წინაპრების ეთნო-ტომობრივი წარმომავლობის საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ამას არცთუ ისე დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ ლეონ II-ის წინაპრები ეთნო-ტომობრივად, ე.წ. „აფხაზური“ დინასტია თავისი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი მოღვაწეობით ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენდა საერთოქართულ კულტურულ-პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ სამყაროს. აფხაზი მეფეები ქმნიდნენ ერთიან ქართულ სახელმწიფოს – „საქართველოს“ – და არა რაღაც სხვა სახელმწიფოებრივ გაერთიანებას. ის, რომ ლეონ II და მისი მემკვიდრენი აშენებდნენ მხოლოდ და მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს, ყველაზე თვალსაჩინოდ გამოვლინდა აფხაზ მეფეთა საეკლესიო პოლიტიკაში.

პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ „ლეონიდები“ აქტიურად შეუდგნენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებიდან დასავლეთ საქართველოს ეკლესიის გამოყვანისათვის ზრუნვას. სრულიად ნათელი იყო, რომ ბიზანტიის გავლენის სფეროდან გამოსვლა საბოლოოდ შეუძლებელი იქნებოდა მანამ, სანამ არ მოხდებოდა ბერძნულ-ბიზანტიური საეკლესიო იდეოლოგიის მარწუხებიდან თავის დაღწევა და ჭეშმარიტად ეროვნულ-იდეოლოგიური საფუძვლის შექმნა. თუ აფხაზ მეფეებს ჩაფიქრებული ჰქონდათ არაქართული ნაციონალური სახელმწიფოს აშენება, მაშინ ისინი, უბრალოდ, ვალდებული იყვნენ, ეზრუნათ საკუთრივ აფხზური ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის ფორმირებაზე, რაც, პირველ რიგში, სათანადო აფხაზური წერილობითი ტრადიციისა და წიგნიერი კულტურის შექმნას გულისხმობდა, მაგრამ ამგვარი მიზანი აფხაზ მეფეებს არ დაუსახავთ. მათ ბერძნულ-ბიზანტიურ იდეოლოგიას დაუპირისპირეს ქართული (ე.ი. საკუთარი) ეროვნული იდეოლოგია, რომელსაც ქართული ეკლესია განასახიერებდა. ამიტომ მიჰყვეს აფხაზთა მეფეებმა ხელი დიდ საეკლესიო აღმშენებლობას დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რითაც რეგიონში ქართული წერილობითი კულტურისა და ქართული ქრისტიანული წიგნიერების ფართოდ დანერგვის პირობები შექმნეს.

დასავლეთ საქართველოში, მათ შორის, საკუთრივ აფხაზეთში, ამ პროცესს თან სდევდა ძველი ბერძნული ეპარქიების მოშლა და მათ ნაცვლად ახალი ქართული საეპისკოპოსო კათედრების დაფუძნება. სწორედ საეკლრსიო სფეროში აფხაზთა მეფეების ამგვარი მტკიცე ეროვნული პოლიტიკის გატარების შედეგი იყო ის, რომ უკვე X ს. დამდეგისათვის დასავლეთ საქართველო ანუ აფხაზთა სამეფო, მთლიანად ქართული წერილობითი კულტურული და წიგნიერების ქვეყნად იქცა, დასავლეთ საქართველოს ეკლესია კი ორგანიზაციულად მცხეთის საკათოლიკოსოს შეერწყა.

აფხაზთა მეფეებმა სატახტო ქალაქად არა ლაზიკა-ეგრისის მეფეთა ძველი რეზიდენცია – ციხე-გოჯი – არამედ ქუთაისი არჩიეს, რომლის დაწინაურებას საისტორიო ტრადიცია ერთმნიშვნელოვნად უკავშირებს ქართლის საერისმთავრო სახლის (სტეფანოზ-არჩილის) დამკვიდრებას ამ ქალაქში VIII ს. 30-იან წლებში. ანაკოფიიდან – აფხაზეთის ერისთავთა რეზიდენციიდან – მაიცდამაინც ქუთაისში ქართლი-ეგრისის „მეფეთა“ სატახტო ქალაქში გადასვლით „ლეონიდებმა“ ხაზი გაუსვეს თავიანთ უშუალო ლეგიტიმურ კავშირს სტეფანოზ-არჩილის „სამეფო“ სახლთან.


მნიშვნელოვანია აფხაზთა სამეფოს რელიგრიუ-კულტურული პოლიტიკა. აფხაზეთის მეფეების – კონსტანტინეს და გიორგი II-ის სახელთან არის დაკავშირებული მარტვილის საყდრის მშენებლობა-განახლება და აქ საეპისკოპოსოს შექმნა. გიორგი II-ის პიროვნების დახასიათებისას ვახუშტი ბაგრატიონი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ის იყო „ეკლესიათა მაშენებელი“. აღმშენებლობითი საქმიანობით გამოირჩეოდა აფხაზთა მეფე ლეონ III. მან ააშენა „ეკლესია მოქჳსა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ“. ლეონის დროსვეა აშენებული კუმურდოს ეკლესიაც.

ქართული ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ნაწილია შუა საუკუნეების ტიხრული მინანქრის ხელოვნება. სავარაუდოდ, ქართული ორიგინალური ნიმუშების განვითარებული და დახვეწილი ფორმები ამ დროიდან გვხვდება. მაშასადამე, დასავლეთ საქართველოში ტიხრული მინანქრის ხელოვნების ნიმუშები წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს წყაროს იმ რეალობის საჩვენებლად, რომ ხატთმებრძოლი ბიზანტიის საწინააღმდეგოდ დასავლეთ საქართველოში ხატთაყვანისცემა განმტკიცდა და განვითარდა.

გიორგი II-ის მეფობის დროს, აფხაზთა სამეფოში მოღვაწეობდა ქართველ მწერალ-ჰიმნოგრაფი იოანე მინჩხი. ქართული კულტურის აღორძინებისათვის მებრძოლი მეფე მას მფარველობდა. იოანე მინჩხის ერთ-ერთ ჰიმნს ასეთი წარწერა აქვს: „ესე გალობანი მას კარგსა გიორგი მეფესა, დიდსა, დიდითა ვედრებითა აღუწერვებიან მინჩხისადა“. გარდა ამისა, წმ. გიორგისადმი მიძღვნილი მინჩხის ერთ-ერთი საგალობლის აკროსტიხშიც (კიდურწარწერილობა) ვხვდებით გიორგი II აფხაზეთის მეფის ხსენებას: „წმიდავო გეორგი, შეეწიე გეორგის მეფესა წინაშე მეუფეთა მეუფისა და ადიდე“. ასევე, აფხაზთა სამეფოში X ს. II ნახევრის მოღვაწეა ჰიმნოგრაფი სტეფანე სანანოისძე ჭყონდიდელი. ქართულ საეკლესიო მწერლობას აფხაზეთში მკვიდრი ნიადაგი ჰქონია ჯერ კიდევ მე-IX ს-შიც (პ. ინგოროყვა), რასაც მოწმობს დასავლეთ საქართველოში შექმნილი ქართული ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი ძეგლები – „მარტვილობა მიქაელ საბაწმიდელისა“ და „დავითის და კონსტანტინეს მარტვილობა“. აფხაზთა სამეფოში დაიწერა ქართული ჰაგიოგრაფიული თუ ჰიმნოგრაფიული თხზულებები, უმნიშვნელოვანესი იყო სამეფო კარზე აფხაზთა მეფეების ისტორიის – ე.წ. „მეფეთა დივანის“ ქართულ ენაზე შექმნა. აქ აიგო ქართული ხუროთმოძღვრების არაერთი უთვალსაჩინოესი ძეგლთ რომლებიც დღემდე საგანძურად შემორჩა საქართველოს კულტურას. დაბოლოს, აფხაზთა სამეფო იყო ის პოლიტიკური ერთეული, რომელმაც აქტიური და ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეასრულა ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში.

აფხაზთა სამეფო წარმოადგენდა ძველი კოლხეთისა და ლაზიკის სახელმწიფოთა პირდაპირ სამართალმემკვიდრეს. უფრო მეტიც, აფხაზთა სამეფოს წარმოქმნა თვისებრივად ახალი ეტაპი იყო ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში. ლაზიკა-ეგრისის სამეფოსაგან (რომ არაფერი ვთქვათ ძველ კოლხეთზე) განსხვავებით, რომლის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ფორმირების პროცესი შორს იყო დასრულებისაგან, აფხაზთა სამეფო თავისი შინაარსით იყო ქართული ეროვნული სახელმწიფო დასავლეთ საქართველოში, ქართული ეროვნული ქრისტიანული იდეოლოგიით და ქართული სახელმწიფო ენით. ქართული იყო აფხაზთა სამეფოს პოლიტიკური მიზანსწრაფვაც. ის განუხრელად იდგა საერთო-ქართული პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ინტერესების სადარაჯოზე. სწორედ აფხაზთა მეფეების თავდაუზოგავმა ზრუნვამ, მიმართულმა თავიანთი სახელმწიფოს შემდგომი ტერიტორიის განვრცობისა და გაძლიერება-განმტკიცებისაკენ, შექმნა მყარი საფუძველი ქუთ. ტახტის ეგიდით ერთიანი ქართული სახელმწიფოს წარმოქმნისათვის XI ს. დამდეგს.

პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით გადაიდგა ჯერ კიდევ ლეონ II-ის მემკვიდრის, აფხაზთა მეფე თეოდოსის, მმართველობის ხანაში (დაახლოებით IX ს. I მეოთხედი), როდესაც ქუთ. ტახტი პირველად ჩაერია ბრძოლაში „ქართლსა ზედა“, რაც ნიშნავდა ბრძოლას ჰეგემონობისათვის საერთო ქართული მასშტაბით. პირველ ეტაპზე დასავლეთ საქართველოს ლიდერი გამოდიოდა ქართლის ლეგიტიმური ხელმწიფის – აშოტ ბაგრატიონის (რომლის სიძეც იყო თეოდოსი აფხაზთა მეფე) – მოკავშირედ. მომდევნო მეფის – დემეტრეს (დაახლ. IX ს. 20-50-იანი წწ.) – ზეობისას ქუთ. ტახტი კვლავ ერევა აღმოსავლეთ საქართველოს მიმდინარე პროცესებში და ქართლისათვის ბრძოლაში უპირისპირდება ტაოს ხელმწიფეს, ბაგრატ აშოტის ძეს. მაგრამ ამ უკანასკნელმა არაბთა ხალიფას მიერ საქართველოში ნესრიგის დასამყარებლად გამოგზავნილი ბუღა-თურქის დახმარებით შეძლო თავისი უფლებების დაცვა და შეინარჩუნა შიდა ქართლი.

ვითარება იცვლება მომდევნო მეფის – გიორგი I-ის („აღწეფელის“) – მმართველობის პერიოდში (დაახლ. 861-868 წწ.), როდესაც ქუთ. სამეფო ტახტი პირველად ამყარებს კონტროლს შიდა ქართლზე და სვამს იქ თავის ერისთავად სამეფო სახლის წარმომადგენელს – უფლისწულს. გიორგი I-ის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტი მის ძმისწულს, ბაგრატ დემეტრეს ძეს უნდა დაეკავებინა, მაგრამ გარდაცვლილი მეფის ქვრივმა სასახლის გადატრიალება (ტახტის მემკვიდრე მცირეწლოვანი უფლისწული ბაგრატ „შთააგდეს ზღუასა“) მოაწყო და თავისი ფავორიტი იოანე შავლიანი გაამეფა. ახალმა დინასტიამ ლეგიტიმიზაციის გამყარების მიზნით ბაგრატიონებთან დამოყვრება გადაწყვიტა – იოანე შავლიანის ძე ადარნასე დაქორწინდა გუარამ ბაგრატიონის ასულზე. ახალი დინასტიის მმართველობა ხანმოკლე აღმოჩნდა. უკვე IX ს. 80-იანი წლების დამდეგს „ზღვაში შთაგდებული“ ბაგრატ უფლისწული, რომელიც „ღმერთმან განარინა და მიიწია კონსტანტინეპოლედ“, ბიზანტიის იმპერატორის ლაშქრისა და სამხედრო ფლოტის დახმარებით იბრუნებს ტახტს.

ამ დროიდან იწყება „აფხაზთა“ სამეფოს ხელახალი გაძლიერება, რამაც პიკს მიაღწია ბაგრატ I-ის მემკვიდრის – კონსტანტი III-ისა (893-922) და განსაკუთრებით, ამ უკანასკნელის ვაჟის – გიორგი II-ის (922-957) – მმართველობის ხანაში. ამ დროს ქუთ. ტახტმა, ფაქტობრივად, სრული კონტროლი დაამყარა მთელ აღმოსავლეთ საქართველოზე და კარგა ხნით ხელთ იგდო ჰეგემონობა საერთოქართულ პოლიტიკურ სივრცეში. უფრო მეტიც, საგრძნობი იყო აფხაზთა სამეფოს გავლენა ჩრდილო კავკასიაში, რისი გამოვლინებაც იყო გიორგი II-ის გადამწყვეტი როლი ალან-ოვსთა გაქრისტიანების საქმეში, რასაც საგანგებოდ აღნიშნავს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნიკოლოზ მისტიკოსი. არსებობს სრული საფუძველი, ვივარაუდოთ (იმავე ნიკოლოზ მისტიკოსის მონაცემებზე დაყრდნობით), რომ იმპერიის ხელისუფლება გიორგი II-თან გარკვეულ კონსულტაციებს სხვა უფრო მნიშვნელოვან, რეგიონს მიღმა საგარეო-პოლიტიკურ პრობლემებთან (მაგ. ბულგარეთის კრიზისის ირგვლივ) დაკავშირებითაც გადიოდა და ითვალისწინებდა მის აზრს.

აფხაზთა სამეფო ინარჩუნებდა ლიდერობას გიორგი II-ის უფროსი ვაჟის, ლეონ III-ის (957-967), მმართველობის პერიოდში, მაგრამ ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ასულ მის ძმას – დემეტრეს (967-975) – აუმხედრდა გიორგი II-ის კიდევ ერთი ვაჟი – თეოდოსი. მართალია, დემეტრემ შეძლო თეოდოსის ნეიტრალიზება, შეიპყრო ის და თვალები დასთხარა, მაგრამ უსინათლო თეოდოსიმ ძმის სიკვდილის შემდეგ მაინც მოახერხა ქუთ. ტახტის დაკავება. თეოდოსის მეფობის პერიოდში (975-978) იმდენად აირია ვითარება დასავლეთ საქართველოში, რომ მისი შემდგომი გაჩერება სამეფო ტახტზე სრულიად მიზანშეუწონელი შეიქნა. ამიტომაც დასავლურ-ქართული პოლიტიკური ელიტის პროგრესულმა წარმომადგენლებმა ქართლის ერისთავის, იოანე მარუშის ძის, მეთაურობით მისი სასწრაფოდ შეცვლა გადაწყვიტეს. იოანე მარუშის ძის ინიციატივით და იმიერ-ტაოს ძლევამოსილი მმართველის, იმდროინდელი საქართველოს უპირობო ლიდერის, დავით III დიდი კურაპალატის თანადგომით ქუთაისში, აფხაზთა სამეფო ტახტზე საზეიმოდ აიყვანეს ბაგრატიონთა სამეფო სახლის წევრი, „ქართუელთა“ მეფე ბაგრატ II „რეგუენის“ ძის გურგენისა და გიორგი II აფხაზთა მეფის ასულის, გურანდუხტის ვაჟი – უფლისწული ბაგრატი, რომელიც ამავე დროს, როგორც დავით კურაპალატის შვილობილი, ამ უკანასკნელის მემკვიდრედაც ითვლებოდა. სწორედ ბაგრატის ქუთაისში გამეფებით იწყება „აფხაზთა“ სამეფოდ წოდებული დასავლეთქართული სახელმწიფოს ერთიან ქართულ სახელმწიფოდ ტრანსფორმირების პროცესი, რომლის ფარგლებში უკვე ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფის მმართველობის პერიოდში (978-1014) მოექცა, ფაქტობრივად, მთელი საქართველო თბილისის საამიროსა და ბიზანტიის იმპერიის მიერ 1001 წ. მიტაცებული დავით კურაპალატის სამფლობელოს – იმიერტაოს – გამოკლებით.

ზ. პაპასქირი,
შ. გლოველი

ლიტერატურა

  • ახალაძე ლ., აფხაზ მეფეთა წარწერები ქრისტიანული ხელოვნების ძეგლებზე, კრ., „ქრისტიანობა: წარსული, აწმყო, მომავალი“, თბ., 2000;
  • ბადრიძე შ., აფხაზთა სამეფოს წარმოშობის დროისა და პირობების შესახებ, თსუ შრომები, 1972, №4 (143);
  • გლოველი შ., დასავლურ-ქართული სახელმწიფოს – „აფხაზთა სამეფოს“ ჩამოყალიბება (პრობიზანტიური და ანტიბიზანტიური პოლიტიკა), ქრ., ისტორიულ-ეთნოგრაფიული ძიებანი, 2008, №10;
  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა. წგ., ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973;
  • თაყაიშვილი ე., რას შეიცავდა ე.წ. აფხაზეთის ისტორია ბაგრატ მეფისა, რომლითაც უსარგებლია იერუსალიმის პატრიარხს დოსითეოსს თავის იერუსალიმის პატრიარხთა ისტორიაში, კრ., ძველი საქართველო. საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების კრებული, 1913, №2;
  • ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, ქართველი მწერალი მეათე საუკუნისა, ნარკვევი ძველი საქართველოს ლიტერატურის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისტორიიდან, თბ. 1954;
  • ლორთქიფანიძე მ., აფხაზები და აფხაზეთი, თბ., 1990;
  • მელიქიშვილი გ., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება და საქართველოში ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარების ზოგიერთი საკითხი, თბ., 1973;
  • პაპასქირი ზ., ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნა და საქართველოს საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობის ზოგიერთი საკითხი, თბ., 1990;
  • მისივე, ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან, ნაკვ. 1, უძველესი დროიდან 1917 წლამდე, თბ., 2004;
  • სილოგავა ვ., სამეგრელო-აფხაზეთის ქართული ეპიგრაფიკა, თბ., 2004;
  • სუმბატ დავითისძე, ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა, გ. არახამიას გამოც., თბ., 1990;
  • ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955;
  • Анчабадзе З. В., Из истории средневековой Абхазии [VI-XVII вв.], 1959; Джанашия С.Н., О времени и условиях возникновения царства, შრომები, 1952 №2; Папаскири З.В., Абхазия, История без фальсификащии, изд., второе, исправленное и дополненное, Тб., 2010.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები