აქილევსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოდისევსი პოულობს აქილევსს კუნძულ სკიროსზე.
პომპეის ფრესკა (ახ. წ. I ს.), ნეაპოლი, ნაციონალური მუზეუმი

აქილევსი(ბერძნ.) გმირი, ტროას ომის მონაწილე. პელევსისა და თეტისის ძე. ჰომეროსის „ილიადას“ მთავარი გმირი.

პრომეთემ უმისნა ზევსს, რომ თუ ზღვის ღვთაება თეტისს მოიყვანდა ცოლად, დაიბადებოდა ძლევამოსილი ღმერთი, რომელიც მამას ჩამოაგდებდა ტახტიდან. მაშინ ზევსმა თეტისი ცოლად გააყოლა მოკვდავ პელევსს. მათ გაუჩნდათ შვილი, რომელსაც აქილევსი შეარქვეს.

აქილევსი.
ამფორის ფერწერა (დაახლ. ძვ. წ. 440 წ.), რომი, ვატიკანის მუზეუმი.

თეტისს სურდა უკვდავება მიენიჭებინა თავისი ვაჟისათვის და ამიტომ დღისით ამბროსიას უსვამდა სხეულზე, ხოლო ღამით ცეცხლში აწრთობდა. ერთხელ ეს დაინახა პელევსმა და შეშინებულმა ამოიყვანა ცეცხლიდან ბავშვი. შეურაცხყოფილმა თეტისმა სასახლე დატოვა და კვლავ ზღვათა სიღრმეს დაუბრუნდა. ლეგენდის სხვა ვერსიის თანახმად, თეტისს ქუსლით ეკავა ახალშობილი და მდინარე სტიქსის წყლებში ავლებდა, როდესაც პელევსმა დაინახა. ამიტომ აქილევსის სხეული უვნებელი გახდა, მხოლოდ ქუსლი იყო მისი სუსტი ადგილი.

აქილევსი და პატროკლოსი.
კილიქსის ფერწერა (ძვ. წ. 500 წ.), ბერლინი, სახელმწიფო მუზეუმი.

თეტისის გაქცევის შემდეგ პელევსმა თავისი ვაჟი აღსაზრდელად ჩააბარა ბრძენ კენტავრ ქირონს, რომელმაც ლომთა, ტახთა და დათვთა შიგნეულით გამოკვება პატარა, შეასწავლა მკურნალობა და ხელოვნება. მოხუცი ფენიქსის ძალისხმევით კი იგი დაეუფლა მჭევრმეტყველებასა და სამხედრო საქმეს.

თექვსმეტი წლის აქილევსი უკვე კლავდა ლომებს და ტახებს, ეწეოდა მალემსრბოლ ირმებს. იგი თავის მეგობარ, პატროკლოსსთან ერთად იზრდებოდა. როდესაც ღმერთებმა ჰკითხეს, თუ როგორ სიცოცხლეს არჩევდა, ხანგრძლივს, მშვიდსა და უსახელოს, თუ ხანმოკლესა და დიდებით მოსილს, აქილევსმა სახელოვანი სიცოცხლე ირჩია.

აქილევსი.
ამფორის ფერწერა (ძვ. წ. 535-530 წ.წ.), ლონდონი, ბრიტანეთის მუზეუმი.

თეტისი ზრუნავდა თავის ვაჟზე. იგი ხშირად მოისწრაფოდა ხოლმე მისკენ ზღვათა სიღრმიდან. როდესაც ტროას ომი დაიწყო, თეტისმა აიძულა აქილევსი გამგზავრებულიყო კუნძულ სკიროსზე და იქ, ქალურად გადაცმული, მეფე ლიკომედესის ასულთა შორის მიმალულიყო.

ბერძნებს უმისნეს, რომ ისინი აქილევსის გარეშე ტროას ომს ვერ მოიგებდნენ. მაშინ ოდისევსი, ნესტორი და აიასი გაემგზავრნენ კუნძულ სკიროსზე, სადაც ხალხში მოარული ხმის თანახმად, აქილევსი ეგულებოდათ. ლიკომედესმა მათ ნება მისცა, გაეჩხრიკათ მთელი სასახლე. ვერც ვერასოდეს აღმოაჩენდნენ ისინი ამ ვაჟს, ოდისევსს რომ არ ეეშმაკა: მან ლიკომედესის ქალიშვილებისათვის დაალაგა საჩუქრები, ძირითადად ძვირფასეულობანი, მათ შორის კი მოათავსა ფარი და მახვილი. ამ დროს, მისივე ბრძანებით, სასახლეში საბრძოლო საყვირის ხმა გაისმა. გოგონათაგან ერთ-ერთმა უმალ დასტაცა ხელი ფარსა და მახვილს, რომელიც საჩუქართა შორის ბზინავდა. ასე აღმოაჩინეს აქილევსი, რომელიც სიხარულით გაჰყვა მათ, რათა ტროას ომში მიეღო მონაწილეობა. იგი სათავეში ჩაუდგა პელევსის ერთგულ მირმიდონელთა ლაშქარს და თავის მეგობარ პატროკლოსსთან ერთად მოემზადა დიად საქმეთა აღსასრულებლად.

აქილევსმა სახელი გაითქვა ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე. მან მრავალი ტროელი გმირი გამოასალმა სიცოცხლეს. ერთ-ერთი ბრძოლის მოგების შემდეგ მას ნადავლად ერგო მშვენიერი ქალწული ბრისეისი, რომლის გამოც უთანხმოება მოუვიდა აგამემნონთან. ბერძენთა ბელადის მიერ შეურაცხყოფილმა გმირმა უარი თქვა ბრძოლის გაგრძელებაზე. სწორედ აქილევსის ამ რისხვაზეა აგებული ჰომეროსის პოემა „ილიადა“:

ბრძოლის დაწყებიდან მეათე წელია. აქილევსი აღარ გამოდის ბრძოლის ველზე. ტროელები ამარცხხებენ ბერძნებს და ზღვისკენ დევნიან. მაშინ აქილევსი თავის აღსაჭურველს აძლევს პატროკლოსს და საბრძოლველად უშვებს. მართალია, პატროკლოსი ტროელთა შემოტევას მოიგერიებს,მაგრამ დიადი ჰექტორის ხელით განგმირული კვდება.

აქილევსისაგან მიჰყავთ ბრისეისი.
პომპეის ფრესკა (ახ. წ. I ს.), ნეაპოლი, ნაციონალური მუზეუმი.

მეგობრის სიკვდილით შეძრული აქილევსი შურისძიებისათვის ემზადება. იგი ურიგდება აგამემნონს. თეტისის თხოვნით მისთვის ჰეფესტო ახალ აღსაჭურველს გამოჭედავს. საყოველთაოდ გახდება ცნობილი დიდებული ხელოვნებით ნაკეთი აქილევსის ფარი. ბრწყინვალე აღსაკაზმავით მოსილი აქილევსი ბრძოლის ველზე გადის და ამარცხებს ტროელებს. კლავს ჰექტორს, მის გვამს ეტლს მიაბამს და თავის ბანაკში გამოათრევს. ამის შემდეგ აქილევსი ღირსეულად დაკრძალავს პატროკლოსს. შეხვდება ტროელთა ხანდაზმულ მეფე პრიამოსს, რომელიც ღმერთების ნებით შეაღწევს მის ბანაკში, რათა შვილის გვამი გამოითხოვოს. მეფე პრიამოსს ღირსეულად გაისტუმრებს აქილევსი. ჰექტორის დაკრძალვით მთავრდება „ილიადა“.

გვიანი გადმოცემები მოგვითხრობენ აქილევსის ახალ გმირობებზე: მან დაამარცხა ამორძალთა დედოფალი პენთესილეა და ეთიოპთა მეფე მემნონი, რომლებიც ტროელთა მხარეს იბრძოდნენ. თავად კი დაიღუპა ტროას კედლებთან, პარისის მიერ ნასროლი ისრით აპოლონმა რომ მისი ქუსლისკენ წარმართა. ეს ხომ მისი სუსტი ადგილი იყო (მითის სხვა ვერსიის მიხედვით, აქილევსი განგმირა პარისმა ისრით, აპოლონმა მისი ქუსლისკენ რომ მიმართა მაშინ, როდესაც გმირი აპოლონის ტაძარში შევიდა, რათა ექორწინა პრიამოსის ასულ პოლიქსენეზე).

17 დღე დასტიროდნენ აქილევსს დედა თეტისი, ზღვის ღვთაებები და ბერძენთა მთელი ლაშქარი. მე-18 დღეს აქილევსის გვამი საზეიმოდ დაწვეს სამსხვერპლო კოცონზე. ფერფლი მოათავსეს ჰეფესტოს მიერ გამოჭედილ ოქროს ურნაში და პატროკლოსის ფერფლთან ერთად დაკრძალეს სიგეიონის კონცხთან.

ჰომეროსის თანახმად, აქილევსის სული დავანებული იყო ჰადესში, სადაც იგი მეფობდა გარდაცვლილებზე. სხვა გადმოცემით, თეტისმა სამსხვერპლო კოცონიდან ამოიტაცა მისი სული და დაასახლა კუნძულ ლევკეზე. აქ აქილევსი მკვდრეთით აღსდგა და იქორწინა იფიგენიაზე (სხვა ვარიანტით, მედეაზე ან ელენეზე).

გმირ აქილევსს თაყვანს სცემდნენ მთელს საბერძნეთში. მის სახელზე აგებდნენ ტაძრებს და საკურთხევლებს. მის პატივსაცემად მართავდნენ სპორტულ ასპარეზობებს და ზეიმებს. აქილევსის ჩამომავლად მიიჩნევდა თავს ალექსანდრე მაკედონელი.

გმირი აქილევსი პოეტთა, მხატვართა და მოქანდაკეთა საყვარელი პერსონაჟი იყო. ჰომეროსის გარდა მას უძღვნიდნენ თავის ქმნილებებს პინდაროსი, ევრიპიდე, ვერგილიუსი, ოვიდიუსი და სხვები. მისი სახე საინტერესო აღმოჩნდა მომდევნო ეპოქის ხელოვანთათვისაც. ამ მხრივ აღსანიშნავია კორნელის, ლაფონტენის, გოეთეს, კლეისტის და სხვათა ქმნილებები. რუბენსის, პუსენის, ვან დეიკის, ტიეპოლოს და სხვა მხატვართა ტილოები. ფართოდ არის ცნობილი ივანოვის სურათი სახელწოდებით „პრიამოსი, რომელიც აქილევსს სთხოვს ჰექტორის გვამს“.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები