აღამანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აღამან-ი (სომხ. Աղաման) – ტყავის, მატყლის, ხის ან თიხის სამარილე, რომელიც სომხეთის რიგ რაიონებში დღესაც გამოიყენება. აღამანში ინახავდნენ დაფხვნილ მარილს საკვებისა და საქონლისათვის. ტყავის სამარილე წარმოადგენდა დამუშავებულ თხის ტყავს. ფერადი მატყლის ძაფისგან იქსოვებოდა ოთხკუთხა ფორმის ტომრისებრი სამარილე, რომელსაც ადამიანის ტანისა და კისრის ფორმა ჰქონდა. ხის სამარილე თხის ფიგურის მსგავსი იყო და კისერზე და გავაზე ადამიანის თავები ედგა. თიხის თხისებური სამარილეების თავის ნაწილს ქალის ფიგურა ამკობდა; იყო აგრეთვე ქალის ბიუსტის ფორმის ცხვრისთავიანი სამარილეები, რომლებსაც ნაყოფიერების გამომხატველი ემბლემები ამშვენებდა. იშვიათობას წარმოადგენდა თიხის სტილიზებული სამარილეები ჰერმაფროდიტული სიმბოლოებით. ხისა და თიხის სამარილეებს მკერდისა და მუცლის არეში ღიობი ჰქონდა (ეს უკანასკნელი შედარებით ძველ ნიმუშად მიიჩნევა). იმ რაიონებში, სადაც სამარილეთა აღნიშნული ტიპები ხმარებიდან გავიდა, გამოიყენებოდა თავსახურიანი ქოთნები, რომლებსაც ზოგჯერ რუდიმენტის სახით მკერდის არეში უკეთებდნენ ღიობს.

ზემოაღნიშნულის გარდა, სომხეთში გავრცელებულ ქალის ფიგურის მქონე კერამიკულ სამარილეს გრძელი და ფართო ქვედატანითა და შედარებით მოკლე წინსაფარით, ტრადიციული თავსაბურავით, ჰქონდა თვალი და ცხვირი, მკერდის არეში, მრგვალი ბურთულების სახით, ძეძუები ესხდა; კისერს თეთრი ფაიფურის წვრილი ნატეხებისაგან შედგენილი ყელსაბამი ამკობდა, გადაჯვარედინებულ ხელებს კი – ნაძერწი სამაჯურები. სამარილის მკერდისა და ტანის ქვედა ნაწილი მოხატული იყო სიცოცხლის ხის მოტივებით; კორპუსის შუა ნაწილში ჰქონდა მარილის ჩასაყრელ-ამოსაღები დაახლოებით 6, 5 სმ-ის ღიობი (მიიჩნევენ საშვილოსნოს სიმბოლოდ).

ზოგიერთი მკვლევარი ქალის მსგავს სამარილე – სტატუეტებს წარსულში სომხეთში გავრცელებულ ქალის კულტს უკავშირებს (ს. ლისიციანი), სხვათა აზრით, სამარილეები ქრისტიანული რელიგიისაგან დევნილი, წმ. მარიამით ჩანაცვლებული ქალღმერთის – ანაჰიტის – კონსპირირებულ სტატუეტებს წარმოადგენენ. ფაქტია, რომ სამარილის კულტი საკუთრივ მარილის კულტს უკავშირდება. მარილის განსაკუთრებულმა მნიშვნელობამ და დეფიციტურობამ ადამიანი მის თაყვანისცემამდე მიიყვანა. უნდა ითქვას, რომ სომხებს ძველთაგანვე ჩვეულებად ჰქონდათ ახალშობილისათვის მარილი მოეყარათ და ასე ჰყოლოდათ 24-40 საათი, რაც ბავშვის განათვლად ითვლებოდა. მარილითვე „განიწმინდებოდნენ“ მშობიარენი და ბებია-ქალები; მარილით „განბანდნენ“ იმ საგნებს, რომლებსაც პირველად ეხებოდნენ; გადატანითი მნიშვნელობით „მარილი“ ეწოდებოდა ქვედა საცვლის იმ ნაწილს, რომელიც კტეისსა და პენისს ეხებოდა, რაც მის ნაყოფიერების ძალაზე მიანიშნებს. ამიტომ შემთხვევითი არ არის მარილი და სამარილე ნაყოფიერების მფარველ ქალღვთაებას – ანაჰიტს – დაუკავშირდა.


ლიტერატურა

  • Бдоян В. Армянские солонки с фигурой женщиныб как конспирация статуй богини Анаhит // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის/XVI-XVII, 1972;
  • Лисициан С. Д. Очерки этнографии дореволюционной Армении // КЭС. I. М., 1955.



წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები