აღების ღამე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აღების ღამე – ერთი ღარიბი კაცი ყოფილა, ხორცი არ ჰქონია და, წესი რომ არ გაეტეხა, ქვაბში ძველი ქალამნები ჩაუყრია მოსახარშად. ამ დროს იესო ქრისტეს ჩამოუვლია და სტუმრად ამ საწყალ კაცთან შესულა. დასხდნენ, მუსაიფობენ.

მასპინმელი დაღონებულია, არ იცის, რა აჭამოს სტუმარს, ქალამნებს ხომ არ მიართმევს. იესო ქრისტემ ეს ყველაფერი იცის და ხმას არ იღებს. ბოლოს უთხრა მასპინძელს: ამოიღე ხორცი, ვჭამოთო. მასპინმელმა: მე ღარიბი კაცი ვარ, ხორცი არა მაქვსო. დაგლეჯილი ქალამნებია, ქვაბში რომ იხარშებაო. იესო ქრისტემ მაინც ამოაღებინა ფიცარზე და ქალამნის ნაგლეჯების ნაცვლად სულ დუმა და მსუქანი ხორცი ამოვიდა.

აღების ღამეს ქრისტე ღმერთი, ძონძებით შემოსილი, ესტუმრა მდიდარ კაცს, რომელსაც ქვაბში სულ დუმა-ხორცი ჰქონდა მოხარშული. მაგრამ მდიდარმა ქრისტეს არ აჭამა ხორცი და მშიერი გამოისტუმრა. ქრისტე ახლა ღარიბ-ღატაკთან მივიდა. ღარიბს შერცხვა, ხორცის ნაცვლად ჯღანები რომ ჰქონდა ჩადგმული ქვაბში, მოხარშული ჯღანით ხომ არ გაუმასპინძლდებოდა ქრისტეს! მაშინ ქრისტემ ჯღანები ხორცად უქცია, ქალი კი, აკვანში რომ ეწვა - ვაჟად. მდიდრის ვაჟი კი ქალად გადააქცია.

ყველიერი რომ გავიდა და დიდმარხვის წინ აღების ღამე დადგა, დამჯდარა სამი კაცი კერის წინ და სამი ცალი კვერცხი ნაცარში დაუწყვიათ. ლაპარაკობენ, საუბრობენ აღდგომაზე. წესი იყო, ამ კვერცხით უნდა დაემარხულებინათ. გინდ ხორცი ჰქონოდათ, გინდ ერბო, ამით არ დაიმარხულებდნენ, საბოლოოდ კვერცხით უნდა დაემარხულებინათ. უნდა შეჭამონ ეს კვერცხები და დაიძინონ. მაგრამ დიდმარხვის შვიდმა კვირამ ისე განვლო, რომ გათენებისას, ქრისტე აღდგაო, მოესმა ამ სამ კაცს. ისეთი წმიდა ხალხი ყოფილა, ისე გაატარეს შვიდი კვირა, რომ ერთ ღამედ მოეჩვენათ და ეს კვერცხებიც ისევ ცეცხლში იყო. „ჭეშმარიტად აღდგაო“, მიუგეს და მიიხედ-მოიხედეს, ეს რა მოხდაო.

აი, ასეთი ხალხი იყო თურმე, ღმერთთან წილნაყარი ხალხი.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები