აღკვეთის სინდრომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აღკვეთის სინდრომი - (F1x3), აღკვეთის მდგომარეობა, (აბსტინენტური მდგომარეობა) (F1x.3) [withdrawal syndrome] – სხვადასხვა შეხამებისა და სიმძიმის სიმპტომთა ჯგუფი, რომელიც აღმოცენდება იმ ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების შეწყვეტის ან შემცირებისას, რომელსაც, ჩვეულებრივ, მოიხმარდნენ დიდი ხნის განმავლობაში და/ან დიდი დოზებით. სინდრომს შესაძლებელია თან სდევდეს ფიზიოლოგიური დარღვევები.

აღკვეთის მდგომარეობა წარმოადგენს დამოკიდებულების სინდრომის ერთ-ერთ ინდიკატორს გარდა ამისა, იგი წარმოადგენს უფრო ვიწრო ფსიქოფარმაკოლოგიური ცნების – დამოკიდებულების – მახასიათებელს.

აღკვეთის მდგომარეობის აღმოცენება და მიმდინარეობა შეზღუდულია დროში და დამოკიდებულია მოხმარების შეწყვეტის ან შემცირების წინ მიღებული ნივთიერების ტიპსა და დოზაზე. როგორც წესი, აღკვეთის სინდრომის ნიშნები მწვავე ინტოქსიკაციის ნიშნების საპირისპიროა. ალკოჰოლური აღკვეთის სინდრომი ხასიათდება ტრემორით, ოფლიანობით, შფოთვით, აჟიტაციით, დეპრესიით, გულისრევითა და წუხილით. იგი აღმოცენდება ალკოჰოლის მოხმარების შეწყვეტიდან 6-48 საათის განმავლობაში და, თუ არ გართულდა, ქრება 2-5 დღის შემდეგ. ის შესაძლებელია გართულდეს დიდი კრუნჩხვითი გულყრებით და პროგრესირდეს დელირიუმამდე (ცნობილია, როგორც თეთრი ცხელება).

სედატიურ საშუალებათა აღკვეთის სინდრომს ბევრი საერთო აქვს ალკოჰოლური აღკვეთის სინდრომთან, მაგრამ შეიძლება მოიცავდეს, აგრეთვე, კუნთების ტკივილსა და კრუნჩხვებს, აღქმის მოშლას და სხეულის სქემის დარღვევას

ოპიოიდური აღკვეთის სინდრომს თან სდევს რინორეა (ცხვირიდან გამონადენი), ცრემლდენა, კუნთების ტკივილი, შემცივნება, ხორკლიანი კანი და (24-48 საათის შემდეგ) კუნთების კრუნჩხვები და კუჭის სპაზმები. ქცევა, რომელიც ხასიათდება ნარკოტიკების მოძიებისადმი ლტოლვით, ძლიერადაა გამოხატული და გრძელდება ფიზიკური სიმპტომების გაქრობის შემდეგაც.

სტიმულატორების აღკვეთის სინდრომი ისე მკაფიოდ არ არის გამოხატული, როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტების აღკვეთის სინდრომი; გამოხატულია ნაღვლიანობა, დათრგუნულობა, რასაც თან სდევს წუხილი, ინერტულობა და არამდგრადობა. (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)

სარჩევი

ალკოჰოლური აღკვეთის სინდრომი

აღკვეთის სიმპტომები შეიძლება სხვადასხვა სიმძიმის იყოს: დაწყებული მსუბუქი ფორმის შფოთვით და ძილის აშლილობით, დამთავრებული სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობით, რომელიც თეთრი ცხელების სახელით არის ცნობილი. აღკვეთის სიმპტომები, ჩვეულებრივ, ისეთ ადამიანებს აღენიშნებათ, რომლებიც წლების განმავლობაში, ყოველკვირეულად დიდი რაოდენობით ალკოჰოლს მოიხმარენ. ამგვარი სიმპტომები თავს იჩენს სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაციის დაქვეითებისას. აღსანიშნავია, რომ ისინი ვლინდება გაღვიძებისას, როდესაც ალკოჰოლის კონცენტრაცია დაბალია. ალკოჰოლდამოკიდებული ადამიანები, აღკვეთის სიმპტომების თავიდან აცილების მიზნით, ალკოჰოლს ხშირად გამოღვიძებისთანავე იღებენ. მრავალ ქვეყანაში ალკოჰოლის დილიდან მიღება დიაგნოსტირდება, როგორც ალკოჰოლდამოკიდებულება. თუ აღკვეთის სიმპტომების თავიდან აცილების მოთხოვნილება დღის განმავლობაში თანდათან ძლიერდება, პიროვნება, ჩვეულებრივ, ცდილობს დამალოს მიღებული ალკოჰოლის რაოდენობა, გადამალოს ან ჯიბით ატაროს სასმელი. ზოგიერთი მათგანი რეგულარულად სვამს გადაუმუშავებელ სიდრს (ვაშლის ღვინო) ან იაფფასიან მაგარ ლუდს, რათა ნაკლები დანახარჯით დიდი რაოდენობით ალკოჰოლი მოიპოვოს.

ალკოჰოლური აღკვეთის პირველი და ყველაზე უფრო ტიპური ნიშანია ხელების, ფეხებისა და სხეულის ძლიერი ტრემორი (კანკალი). ამ დროს ადამიანს არ შეუძლია წყნარად ჯდომა, ჭიქის ხელში მყარად დაჭერა ან ღილების შეკვრა. ის აჟიტირებულია და შეიძლება იოლად შეცბეს. მაგ., ხშირად განიცდის ძლიერ შიშს სხვა ადამიანებთან შეხვედრისას ან ქუჩაზე გადასვლის დროს. ხშირია გულისრევის შეგრძნება, პირღებინება და ოფლიანობა. ასევე, ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს უძილობა. ალკოჰოლის მიღებისას ეს სიმპტომები სწრაფად ქრება, თუმცა, ზოგ შემთხვევაში, შეიძლება რამდენიმე დღე გაგრძელდეს (ცხრილი 1).

აღკვეთის მდგომარეობის გაგრძელების შემთხვევაში შეიძლება თავი იჩინოს (ჩვეულებრივ, მხოლოდ მცირე დროით) აღქმითი ხასიათის დარღვევებმა და ჰალუცინაციებმა. ასეთ დროს პიროვნება საგნებს დეფორმირებულად აღიქვამს ან ეჩვენება, რომ ჩრდილები მოძრაობენ; ესმის არეული ხმები, ყვირილი ან მუსიკის ნაწყვეტები. მოგვიანებით შესაძლებელია დაეწყოს ეპილეფსიური გულყრები და ბოლოს, 48 საათის შემდეგ, შეიძლება თეთრი ცხელება განუვითარდეს (Victor and Adams 1953)


ცხრილი 1. მწვავე ალკოჰოლური აღკვეთის სიმპტომები და ნიშნები
  • შფოთვა, აჟიტაცია, უძილობა
  • ტაქიკარდია და ოფლიანობა
  • კიდურების, ენის და ქუთუთოების ტრემორი
  • გულისრევის შეგრძნება და პირღებინება
  • გულყრები
  • ცნობიერების შეცვლა და ჰალუცინაციები
(Ritson 2005)

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

სინონიმები

  • აბსტინენციის სინდრომი
  • აღკვეთის რეაქცია
  • აღკვეთის მდგომარეობა


იხილე აგრეთვე

გამოზარხოშება

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები