აშოტ კურაპალატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წმ. მოწამე აშოტ I კურაპალატი

აშოტ I დიდი – (კურაპალატი) (გ. 829), წმ. მოწამე (ხსენების დღე 29.01/11.02). ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა დინასტიის მამამთავარი. IX ს. 20-იან წლებამდე იყო ქართლის ერისმთავარი.

სათავეში ედგა ქართლის ბრძოლას არაბთა წინააღმდეგ. ურთიერთობა ჰქონდა ბიზანტიასთან და „ბერძენთა მეფემ (ე.ი. ბიზანტიის იმპერატორმა) მიუბოძა კურაპალატობა“. არაბებთან ბრძოლაში თავდაპირველად წარმატებას მიაღწია, მაგრამ შემდეგ დამარცხდა და იძულებული გახდა, გასცლოდა ქართლს. ოჯახის წევრებისა და მცირე ამალის თანხლებით აშოტ I „წარემართა რათა წარვიდეს საბერძნეთად“, მაგრამ გზად ფარავანზე შეჩერებულ აშოტ I-ს და მის ამალას თავს დაეხნენ „სარკინოზნი“. „შეეწია ღმერთი აშოტ კურაპალატსა და კნინსა მას ლაშქარსა მისსა, მოსცა ძლევა მათ ზედა“. აშოტ I ბიზანტიას აღარ წავიდა და დამკვიდრდა შავშეთ-კლარჯეთში, ბაგრატიონთა დომენში, ბიზანტიის ხელდებულ ქვეყანაში, რომელიც დიდად იყო დაზარალებული არაბთა შემოსევების შედეგად. განაახლა და რეზიდენციად გაიხადა არტანუჯი, რომელიც ვახტანგ გორგასალმა ააგო. მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი სამფლობელოები, „ზოგი იყიდა საფასოთა, ზოგი ოჴერი აღაშენა და განამრავლა სოფლები აშოტ კურაპალატმა ქუეყანათა მათ შინა“. აშოტ I-მა საფუძველი ჩაუყარა ტაო-კლარჯეთის სამთავროს, რომლის შემადგენლობაში შედიოდა: შავშეთი, კლარჯეთი, ნიგალი, აჭარა, ტაო, სამცხე, ჯავახეთი, არტაანი. ამიერიდან ქართლის პოლიტიკურმა ცენტრმა მთლიანად სამხრეთში გადაინაცვლა. იგი ბრძოლას აგრძელებდა შიდა ქართლისათვის და აფართოებდა სამთავროს საზღვარს „კლარჯეთითგან ვიდრე ქსნამდე“, რის გამოც ქართლის ისტორიაში ამ ხანას პირობითად, ტაო-კლარჯეთის ან „ქართველთა სამეფოს“ პერიოდიც ეწოდება. არაბთა წინააღმდეგ ბრძოლის სამზადისში, როდესაც იგი ელოდა ლაშქრის შევსებას, „დაესხნეს მას სარკინოზნი უცნაურად და აოტნეს“. აშოტ I დაბანაკდა ნიგალის ხევს და ელოდა დამხმარე ძალის მოსვლას, მაგრამ შინაგამცემლებმა ეკლესიას შეფარებული აშოტ I „მოწყლეს... მახჳლითა საკურთხეველსა ზედა და შეისუარა საკურთხეველი იგი სისხლითა მისითა... და სისხლი იგი დათხეული დღესაცა საჩინოდ სახილველ არს“. აშოტ I დაკრძალეს არტანუჯის ციხეში, მის მიერ შექმნილ საძვალეში.

აშოტ I-ის დროს სამთავროში დიდი საეკლესიო მშენებლობა დაიწყო. მან არტანუჯის ციხეში „აღაშენა ციხესა მას შინა ეკლესია მოციქულთა პეტრესი და პავლესი“. აშოტ I იყო დიდად მორწმუნე და ღვთის მოშიში. გიორგი მერჩულე აღნიშნავს, რომ იგი „ღმრთისმსახური ჴელმწიფეჲ დიდი ბაგრატონიანი აშოტ კურაპალატი, კეთილადმორწმუნეჲ“ იყო. მას შემდეგ, რაც „ღმრთისმსახურსა მეფესა აშოტ კურაპალატსა აუწყა გაბრიელ ერისმთავარმან სანატრელისა მამისა გრიგოლის ღირსებაჲ და უცხოებალ და უქმსა უდაბნოსა მონასტრისა შენებაჲ“, აშოტ I-მა დიდი სიხარულით და პატივით ისტუმრა გრიგოლ ხანძთელი თავის სასახლეში. აშოტ I-მა წმ. გრიგოლს „შესწირნა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანცთისა“.


Logo1.JPG აშოტ მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები