აშურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აშურა — – (არაბ. „აშურა, „მეათე დღე“, სხვაგვარად – შაჰ-სეი, ვაჰ-სეი, ანუ მოწამე ჰუსაინ, ვაჰ-ჰუსაინ). შიიტ მუსლიმთა რელიგიური კალენდრის უმნიშვნელოვანესი თარიღი, სამგლოვიარო დღესასწაული, მუჰამედის მემკვიდრეების, ფატიმასა და ალის (ფატიმა – მუჰამედის ქალიშვილი, ალი ბიძაშვილი და სიძე, მეოთხე და უკანასკნელი ხალიფა, რომელსაც მუჰამედმა სამოთხე აღუთქვა) ვაჟის, ჰუსაინის მოსახსენიებელი დღე, რომელიც 680 წლის 10 ოქტომბერს (61 წ. 10 მუჰარამის) ქარბალასთან (ერაყი) ომაიანებთან (არაბული დინასტია, რომელიც მართავდა ომაიანთ სახალიფოს 661-750 წწ.) ბრძოლაში, თავის ძმა აბასთან და 70 თანამებრძოლთან ერთად, ტრაგიკულად დაიღუპა.

გლოვა 10 დღე გრძელდება და მისტერია „თა’ზია“ კულმინაციას ბოლო დღეს აღწევს. ამ დროს შიიტ მუსლიმთა მეჩეთებში, მედრესეებში, სპეციალურ ნაგებობებში (მაგ., თაქია) ეწყობა ჰუსეინის, მისი ძმის – ჰასანის და მათთან დაღუპულთა ტრაგიკული ისტორიის ხატოვანი კითხვა. ამავე დროს ეწყობა ქუჩის პროცესიები, რომელშიც მოსახლეობის ფართო ფენები მონაწილეობენ. მასში შედის შაჰსეი ვაჰსეი, სადაც მუსიკის ფონზე რიტმული მოძრაობით, მონაწილეები მიმართავენ თვითგვემას, სხეულზე ირტყამენ ჯაჭვებს, თავში და მკერდში იცემენ ხანჯლებს, რაც ხშირად ტრაგიკულად მთავრდება.

აშურა სათავეს ირანიდან იღებს და მთელს აღმოსავლეთში იმართება, სადაც კი შიიტები სახლობენ. სწორედ აშურას ცენტრ ქარბალაშია დასაფლავებული ჰუსეინი, სადაც შიიტი პილიგრიმები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან. „თა’ზიე“ რეზა ფეჰლევის მეფობის (1925-1941) წლებში აიკრძალა, რაც 1979 წლიდან, ისლამური რევოლუციის შემდეგ, კვლავ განახლდა.

ჩვენამდე მოღწეული ცნობებით, აშურა („თა’ზიე“-ს ანუ „მოჰარამის“ შემადგენელი ნაწილი) მე-19 საუკუნიდან მოყოლებული თბილისში და საქართველოს შიიტებით დასახლებულ სხვა რაიონებში იმართებოდა და იმართება. თუმცა ამ მისტერიას გამოაკლდა რელიგიურ-მისტიკური ექსტაზი და წმინდა თეატრალიზებულ სანახაობად იქცა.

გ. მამულაშვილი


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები