აშური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აშური – ღვთაება, რომლის სახელსაც ატარებს ჩრდილოეთ შუამდ. ქალაქი, დედაქალაქი აშურეთის იმპერიისა. მის აღზევებასთან ერთად ძლიერდება მისი მფარველი ღმერთი აშურიც და, ბოლოს, იჭერს სამყაროს დემიურგის ადგილს ბაბილონელთა მარდუქის პარალელურად.

შუმერული კოსმოგონიური მითოსის აშურულ ტექსტში მისი სახელი მარდუქის სახელს არის ჩააცვლებული. მისი კულტის გაძლიერების დასტურია ისიც, რომ იგი იწოდება „აშურელ ენლილად“: ტექსტებში შევხვდებით მის ეპითეტად „დიდ მთას“, რაც, როგორც ცნობილია, ენლილის ძირითადი ეპითეტია.

აშურეთის მეფის, სინახერიბის, წარწერაში ვკითხულობთ: „ჩემი საკუთარი ხელოვნებით შევქმენი გამოსახულება აშურისა, რომელმაც თიამათის წიაღში ბრძოლა გამართა, როგორ აღმართა მშვილდი წარღვნის მომტან ეტლზე ამხედრებულმა“. სხვაგან: „გამოსახულია ის წამი, როცა აშურს ჯერ კიდევ არ დაუმარცხებია (არ შებორკავს) თიამათი და შეჰყურებს მის მხეცებს, რომელთაც თიამათი ატარებს”.

რაკი აშური თიამათის წინააღმდეგ მებრძოლად არის გამოყვანილი, ამიტომ იგი კოსმოსის შემქმნელია და იმავე როლს ასრულებს კოსმოგონიაში, რასაც მარდუქი.

აშური უპირატესად ომის ღმერთია, ვითარცა მეომარი, მეომრული სახელმწიფოს პატრონი ღვთაება. ნიშანდობლივია, რომ მარდუქისაგან განსხვავებით, იგი არასოდეს იწოდება კაცთა მოდგმის ან, საერთოდ სიცოცხლის, შემქმნელად. აშური ისევე ებრძვის აშურეთის სახელმწიფოს მტრებს, როგორც თიამათს. კოსმოგონიური ბრძოლა გრძელდება ისტორიაში.

აშურის სიმბოლოა ადამიანის სახიანი ფრთიანი მირგვალა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები