აშურიანის ეკლესიის წარწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აშურიანის ეკლესიის წარწერები – (XI ს.), ქართული ასომთავრული წარწერები, 1032 წ. ამოკვეთილი ქვის ფილებზე, რომელიც ჩასმული იყო სოფელ აშურიანის (კასპის მუნიციპალიტეტი) იოვანე ნათლისმცემლის ეკლესიის სამხრეთ და აღმოდსვლრთ ფასადებში. ეკლესია ამჟამად დანგრეულია.

წარწერები პირველად გადმოწერა დ. მეღვინეთუხუცესიშვილმა და გადაუგზავნა პეტერბურგში მ. ბროსეს, რომელმაც იგი 1849 წ. გამოაქვეყნა. 1940 წ. მიწისძვრის დროს ეკლესია დაინგრა და წარწერიანი ქვები ნანგრევებში ჩაიმარხა. სამხრეთ კედლის წარწერიანი ქვა იპოვა კასპის სტამბის მუშამ, ხ. გასიტაშვილმა (1941) და გადასცა გორის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს. აღმოსავლეთ ფასადის წარწერიან ქვას 1962 წ. მიაკვლია ხელოვნებათმცოდნე გ. სოხაშვილმა და კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ჩააბარა. მანვე აღადგინა ნაკლული ადგილები და გამოაქვეყნა ორივე წარწერის ტექსტის გრაფიკული ასლები და ფოტოსურათები.

პალეოგრაფიულად აშურიანის ეკლესიის წარწერები კიდურწაისრული დამწერლობის ძეგლია და სამთავისის ლაპიდარული კალიგრაფიული სკოლის ბრწყინვალე ნიმუშია. წარწერიდან ირკვევა, რომ აშურიანის ეკლესია აშენებულია ქრონიკონს სმბ (252), ე.ი. 1032 წ. სამთავნელი ეპისკოპოსის, ილარიონის მიერ, მისი მამის, ვაჩე ყანჩაელის ხარჯებით. როგორც ძეგლებზე შემორჩენილი წარწერებიდან ირკვევა, ყანჩაელთა ფეოდალურ საგვარეულოს წარმომადგენლების მიერ იქნა აშენებული ბიეთის ეკლესია (1025) და სამთავისის ტაძარი (1030), მისი მარანი და საწნახელი (1050).

აშურიანის ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადის წარწერა ასეთია: „† სახელითა ღმრთისაჲთა. მე, ილარიონ სამთავნელმან, ძემან ვაჩე ყანჩაელისამან, აღვაშენე წმიდაჲ და ეკლესიაჲ საყოფელად წმიდისა ნათლისმცემლისაჲ, ბრძანებითა და ფასისა მიღებითა სულკურთხეულისა მამისა ჩემისა, ქრონიკონსა 167. ვინ რაჲთაცა მიზეზითა ესე უდაბნოდ წმიდისა საყდრისა სამთავისისა [გა]მოაფუას, კრულია სიტყვითა ღმრთისაჲთა“.

სამხრეთ ფასადის წარწერა ასეთი შინაარსისაა: „ქრისტე, ადიდე შენ მიერ დამყარებული უძლეველი ბაგრატ კურაპალატი, რამეთუ მათსა ზე აღეშენა წმიდაი ესე ეკლესიაჲ, უდაბნოჲსა სახლი წმიდისა ნათლისმცემლისალ, სალოცველად მეფობისა მათისა, ჴელითა ჩემ გლახაკისა ილარიონ სამთავნელ ეპისკოპოზისა, ძისა ვაჩე ყანჩაელისა; [შეიწყალე] ღმერთო“. წარწერიდან ჩანს, რომ აშურიანის ეკლესია ყოფილა სამთავისის ტაძრის „უდაბნოჲსა სახლი“, ე.ი. მისი მეტოქი.

ვ. სილოგავა

ლიტერატურა

სოხაშვილი გ., სამთავისი (მასალები ტაძრის ისტორიისათვის), თბ., 1973.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები